საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერების პრინციპები. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დღეს, 21 დეკემბერს, გამოქვეყნდა.
მასალაში, რომლის ეთიკური სტანდარტებით მომზადების საკითხსაც განიხილავდა ქარტია, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე Facebook-ში მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო ურეკავდა მოქალაქეებს და პასუხს სთხოვდა. იმავე ეთერში მან მოსმენილი პასუხები განიხილა სტუდიის სტუმართან და თანაწამყვანებთან ერთად.
“ჟურნალისტი დაუკავშირდა რესპონდენტებს და მართალია, გაუმხილა, რომ იყო ჟურნალისტი და დაასახელა ვინაობა, თუმცა არ განუმარტავს, რომ მათთან საუბარი იწერებოდა და გამოყენებული იქნებოდა გადაცემაში.
როცა რესპონდენტმა არ იცის, რომ ჟურნალისტთან მისი საუბარი ჟურნალისტურ პროდუქტში უნდა იქნას გამოყენებული, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ფარული აუდიოჩაწერა.
ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა უკიდურესი ზომაა, როცა ჟურნალისტი სხვაგვარად ვერ ახერხებს ჟურნალისტური პროდუქტისათვის ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას/აუდიტორიისათვის მიწოდებას”, – წერს ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებაში.
კომენტარები