იმერეთს კიდევ ერთი მღვიმე, „თეთრა“ შეემატა, – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მღვიმის დამთვალიერებლებს ადგილზე დაძველებული ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
„იმერეთს, „პრომეთესა“ და „სათაფლიას“ შემდეგ კიდევ ერთი უნიკალური მღვიმე – „თეთრა“ შეემატა!
„თეთრა მღვიმე“ პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ. საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: – მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება. “თეთრა მღვიმეში“ მკვლევარების მიერ მოპოვებულია 15 000 -მდე არქეოლოგიური ექსპონატი, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.
მღვიმე სულ 3 დარბაზისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და სტალაგნატების სვეტებითაა გამიჯნული“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
კომენტარები