„ალიას“ ესაუბრება ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე.
– ბატონო ზვიად, ჩვენი ხელისუფლების კორონაპანდემიასთან ბრძოლით მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი. ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს ამ ბრძოლაში და მაინტერესებს, რა არის ამის მიზეზი. 1.განგებ უშვებენ შცდომებს. 2. კომპეტენცია არ ჰყოფნით. 3. ბრმად მიჰყვებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და მითითებებს? თქვენ რას ფიქრობთ?
– ამ ხელოვნურად შექმნილ კორონა ვირუსზე, ინფიცირებულთა ხელოვნურად გაყალბებულ სტატისტიკაზე, ხმას ამოიღებ თუ არა, ოპონენტები გეუბნებიან, რომ აი, შენ ამბობ, რომ კორონა არ არსებობს და დეზინფორმაციას ავრცელებო. კორონა არსებობს და ეს ფაქტია. ადამიანები ინფიცირდებიან და იღუპებიან და ამის უარყოფა აზრადაც არ მომსვლია. საკუთარი აზრის გამოთქმა უნდა შეგეძლოს ადამიანს გაბუქებული სტატისტიკის გამო, უკმაყოფილების გამოთქვა იმ გაუმართლებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე მეორედ გამოაცხადა ხელისუფლებამ, მაგრამ არც კრიტიკას განებებენ. ხელისუფლების მომხრეები მაშინვე გამოვარდებიან და გეუბნებიან, რომ ეს შეზღუდვები მარტო საქართველოს ხელისუფლებას ხომ არ აქვს დაწესებული? მთელ მსოფლიოში ხომ ასეა, ყველგან მკაცრი რეგულაციებია? ჰოდა, საქმეც მაგაშია, რაც სხვაგან ხდება, ჩვენთანაც იგივე ხდება, ამ მსოფლიო პანდემიის ფერხულშია ჩაბმული ჩვენი ხელისუფლება. კი, ჯანმო–ს რეკომენდაციებს კი არა, დირექტივებს მიჰყვებიან უსიტყვოდ, ჩვენი მმართველები. თუმცა, კადრების არაკვალიფიციურობის პრობლემაც არის. ხომ ვიცით, რომ მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, კვალიფიკაციის გამო კი არა, პირადად ბიძინა ივანიშვილის მორჩილების გამო დანიშნეს მინისტრად. სხვებზეც შეიძლება ამის თქმა, ვინც ამ პროცესშია ჩართული. იმ აზრს არ ვიზიარებ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, დამოუკიდებლად, გარედან ზეწოლის გარეშე და საკუთარი სურვილით, განგებ ჩააგდო ჩვენი მოსახლეობა ამ დღეში.
– ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, თქვენი „ფეისბუკ“ პოსტისა არ იყოს, შობა გააუქმეს. 25 დეკემბერსაც კი, ხალხს სახლებიდან გამოსვლა, სტურმად წასვლა, სტუმრის მიღება აკრძლული ჰქონდათ შობა დღეს. რესტორნები, ბარები, გასართობი ცენტრები მანამდეც დაკეტილი იყო. საით მიდის საქმე? ჩვენთანაც ასე ხომ არ მოხდება? ახლა რამდენიმე დღე გახსნეს მოლები და ხელისუფლება ახალი წლის შემდეგ ხომ არ გამოაცხადებს, რომ ყოველდღიურად დაინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა, საგანგაშოა და საშობაოდ, ხალხს ხომ მოუწოდებენ, რომ ეკლესიებში არ წავიდნენ. გაიხსენეთ, რა ხდებოდა შარშან აღდგომის წინა პერიოდში. სწორედ მაშინ გამოგვიცხადა პაატა იმნაძემ, რომ თუ ხალხი ეკლესიებში სააღდგომო წირვას დაესწრებოდა, კუბოებს ვერ დავითვლიდით. მოკლედ, ამჯერადაც ეკლესიისა და მრევლის წინააღმდეგ საბრძოლველად ხომ არ გამოიყენებენ ვირუსს და ხომ არ ეცდებიან, შობას ხალხი ეკლესიებში არ წავიდეს?
– შეზღუდვები მთელ მსოფლიოშია და ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენზე მკაცრიც. საბერძნეთში სახლიდან ვიდრე გახვალ, მესიჯი უნდა გაუგზავნო შესაბამის უწყებას. ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ამერიკაში არის მკაცრი შეზღუდვბი, მაგრამ იქ სხვა ვითარებაა. იქ არც პანდემიამდე უჭირდა ხალხს ჩვენნაირად და ახლა, ეს სახელმწიფოები ხალხს ცალკე ეხმარებიან და ბიზნესს – ცალკე. ძალიან სერიოზული პაკეტები აამუშავეს ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, ისრაელში და ხალხს რომ ეუბნებიან, სახლში დარჩითო, სოლიდურად ეხმარებიან კიდეც. ჩვენი მოქალაქეებივით ბედის ანაბარად არ არიან მიტოვებულები. ყოველდღიური შრომით ლუკმა–პურს რომ შოულობდნენ, ის ადამიანებიც სახლში გამოკეტეს და ერთჯერადი დახმარება, 300 ლარი გადაუგდეს, რითაც ერთი ადამიანიც ვერ გაიტანს თავს ერთი თვე, ოჯახზე არაფერს ვამბობ. თან, ეს შეზღუდვები 2 თვე გაგრძელდება, მინიმუმ. თუმცა, ბევრს, ე.წ. თვითდასაქმებულს, ეს 300 ლარიც არ მისცეს. შეღავათები დააწესეს გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარებაზე, მაგრამ ბევრი გაჭირვებული ოჯახისთვის ეს შეღავათები არ მუშაობს. ეს იყო გაუთვლელად და წინდაუხედავად გაკეთებული. ვისაც შეეხო ეს შეღავათი, არც იმათთვის არის მარტო ეს საკმარისი. კომუნალური გადასახადები ოჯახის ფინანსური ხარჯების ერთი მხარეა და ჭამა არ უნდა ხალხს? ამის გამო იყო, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი გაზაფხულზე რეგულაციების დაწესებისა და და დღესაც ამის წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ შეზღუდვები არ უნდა დაწესებულიყო. სავალდებულო უნდა ყოფილიყო პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა და მასობრივი თავშეყრის აკრძალვა. სრულიად საკმარისი იქნებოდა ეს სამი. ამ ვირუსის გაჩერება, წვიმა რომ გაჩერო, იგივეა. თვითონაც ამბობნენ, ყველამ უნდა მოვიხადოთ ვირუსი, არ გაჩერდება და მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთო. ეს რეგულაციებია ვირუსთან ერთად ცხოვრება? ასე, გადაირევა ხალხი. მერე ეს კომენდანტის საათი რა უბედურებაა? ღამით ისედაც დაკეტილია ყველაფერი, რესტორნები, ბარები, გასართობი დაწესებულებენი და რა საჭიროა კომენდანტის საათი? ღამით მინდა გავიდე გარეთ, ძაღლი გავასეირნო ან, უბრალოდ, გავისეირნო. რატომ მიკრძლავ? ეს ღია სივრცეში პირბადის ტარება სრული სიგიჟეა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად არ გაუჩერებიათ, ჩვენს გარდა. ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ვაზარალებთ. ვისაც შერჩა სამსახური, ვერ დადის, ყველას არ აქვს ტაქსის ფული, რომ ტაქსით მივიდეს სამსახურში და უკანაც ტქსით დაბრუნდეს. საქალაქთაშორისო ტრანპორტის მოძრაობაც უნდა აღდგეს. ახლა ვირუსის ახალი შტამი გამოჩნდა, მერე კიდევ სხვა ახალი შტამი გამოჩნდება და არ მოეღება ბოლო ამ შეზღუდვებს, საამისო მიზეზი არ დაელევათ. როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ზოგს ჰგონია, ჩვენ რომ ვსაუბრობთ რეგულაციების შემცირება–შერბილებაზე, კომფორტზე ვაკეთებთ აქცენტს და სასწორის პინას მეორე მხარეს არის ადამიანთა სიცოცხლე. არა, აქეთაც ადამიანთა სიცოცხლეა. შიმშილს რომ თავი დავანებოთ, ამ ხალხს რომ აპანიკებ, გამუდმებული სტრესის ქვეშ რომ არიან, ისინი უფრო მოწყვლადნი ხდებიან ვირუსისთვის, მათ უფრო იოლად ხვდებათ და ერევათ ვირუსი. მერე, ეს მუდმივი სტრესი, სიკვდილის გამუდმებული შიში, ააქტიურებს სხვა და სხვა დაავადებებს და ვისაც არ სჭირს არაფერი, მათაც აავადებს. დაითვალა ვინმემ, ამ მუდმივი სტრესის, შიშის გამო, რამდენი ადამიანი დაიღუპა ინფარქტითა და ინსულტით? რამდენი დაავადდა ფსიქოზით, დიაბეტით…
– ჩვენ გვინდოდა ამ ინფორმაციის მოპოვება და როგორც გაირკვა, არ არის ეს სტატისტიკა, მხოლოდ კოვიდით გარდაცვლილებს აღრიცხავენ და დანარჩენის დაღუპვის მიზეზს არ აკონკრეტებენ.
– კი, მასეა. თან ყოველდღე, ტელევიზიებით უცხადებენ ადამიანებს დაავადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას, რეპორტაჟებს აკეთებენ რეანიმაციიდან, რაც მართლა კატასტროფა იყო. ასევე, სიუჟეტებს აკეთებენ კორონათი დაღუპულთა ოჯახებიდან. მუდმივად აშინებ, სტრესავ ხალხს. 15 დეკემბერს გამოვიდა ამირან გამყრელიძე და განაცხადა, მომავალი ორი კვირა სიკვდილიანობის ზრდა იქნებაო, ვინც აპარატზეა, დაიღუპებაო, პრაქტიკულად დააანონსა. თან გვეუბნება, ომში ვართო. ჰოდა,ომის წესები არ უნდა იცოდეს „გენერალმა“? ყველა ნორმალური ხელისუფლება, პანდემია იქნებოდა ეს თუ ნამდვილი ომი, ცდილობდა მოსახლეობისთვის არ მიეხალა მძიმე ფაქტები, ხალხი უნდა ენუგეშებინათ, დაეემიდებინათ. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ხალხში პანიკა არ დაეთესათ. პანიკა მტრის მოკავშირეა ყოველთვის, ყველა სახის ომში. მით უმეტეს, ექიმები წინასწარ ეუბნებიან პაციენტებს და პოტენციურ პაციენტებს, მოკვდებითო, ამის თქმა როგორ შეიძლება? პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე არ იქცევიან ღირსეულად, პირდაპირ იღებენ დირექტივებს ჯანმო–სგან და გლობალისტთა ამ შეთქმულებაში არიან ჩართულნი.
რაც შეეხება ეკლესიის თემას და შობას. გახსნეს მარტო სავაჭრო მოლები, არ გახსნეს ბაზრობები და ამან ხალხის უფრო დიდი თავშეყრა გამოიწვია, უფრო მეტი საფრთხეები ვირუსის გავრცელებისა. ეკლესიის მტრები პირწმინდად დამარცხდნენ, ეკლესიებში ღვთისმსახურება არ შეწვეტილა და მრევლი ძველებურად დადის წირვა–ლოცვაზე. არანაირი ეკლესიის კლასტერი, რასაც ელოდნენ, რაც სურდათ ეკლესიის მტრებს, არ ყოფილა. არა მგონია, საშობაოდ ისევ ისე აყვირდნენ, რომ ხალხი არ უნდა წავიდეს შობას ეკლესიაში, როგორც ეს შარშან აღდგომას გააკეთეს, თუმცა, ამათგან არაფერს გამოვრიცხავ.
– „ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით!“ – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის ჯერ კიდევ კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს. ლადო კახაძე ექიმი და გამოცდილი პოლიტიკოსია და წესით, კარგად უნდა იცოდეს, რომ ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მათ შორის, ბავშვები. ისინი ნორმალურად ვერ იკვებებიან, ვერ იღებენ ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, სხვა ნივთიერებებს და ამის გამო უყალიბდებათ სხვა და სხვა დაავადება, რომლებიც, სამწუხაროდ, სიკვდილის მიზეზი ხდება. ეს შიმშილით სიკვდილი არ არის?
– რა თქმა უნდა, სწორედ ეს ვიგულისხმე მეც. გარდა ამისა, საკვები და ვიტამინები სჭირდება ადამიანს, ესეც არ გააჩნია და ზედ ამდენ ნეგატივს უმატებ, ყოველდღიურად აშინებ და აპანიკებ. ეს პანიკა და სტრესი მოქმედებს იმუნიტეტის დაქეითებაზე და უამრავი სახის დაავადებას იწვევს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურს. პირდაპირ ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავთ ხალხი. ადამიანს სჭირდება გარემოს შეცვლა, სუფთა ჰაერი, კულტურა და სპორტიც სჭირდება რაღაც დოზით. საზოგადოებას რომ გამოკეტავ სახლში, აშინებ ამ ვირუსით, პირზე ნიღბებს ააკრავ და ამას სავალდებულოს გახდი, რეგულაციებს დაუწესებ, შემოსავლის გარეშე დატოვებ, რა დღეში ჩავარდება? ფილოსოფოსმა ავიცენამ ჩაატარა ცდა – ორი ცხვარი დააბა, ორივეს დაუყარა ბლომად საჭმელი და ისე მოაწყო, რომ ერთს დაანახა მგელი, მეორე კი მგელს ვერ ხედავდა. იმან, რომელიც მუდმივად მგელს ხედავდა, მისი შიშით შეწყვიტა ჭამა და ორ კვირაში გარდაიცვალა. აი, ამ დღეშია დღეს ჩვენი ხალხი.
– ჯერ განათლების რა დონე იყო ქვეყანაში და ამ ონლაინ–სწავლებამ კიდევ უფრო დაბლა დასცა. რა ეშველება ამ თაობას?
– გეთანხმებით. განათლების დონე ერთი პრობლემაა. თავად მყავს სკოლის ასაკის ორი შვილი და ეს მეც მაწუხებს. გარდა მაგისა, ამ ბავშვებს შემდგომში სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ექნებათ. შეაჩვიეს ონლაინ-ურთიერობას და სახლში ჯდომას. ამ ბავშვებს უნდათ გართობა, ერთმანეთთან ურთიერთობა, ეზოში, სკოლის ეზოში თამაში, სპორტი, სხვაგვარი გართობა… ახლა სხედან სახლში და დაზაფრულები არიან ამ კორონას გამო. სხვა და სხვა სახით, როდის იჩენს თავს მათში ეს პრობლემები, არ ვიცი, მაგრამ უკვალოდ არ ჩაივლის. ფაქტობრივად, იგივე პრობლემებია უნივერსიტეტის სტუდენტებში სწავლების მხრივ. ძალიან ბევრი პროფესიაა, რომელსაც ონლაინ–ლექციით ვერ ისწავლი, თეორიული ცოდნა ერთია და პრაქტიკული მეორე. როგორ შეიძლება გახდე ექიმი, ონლაინ–ლექციებით? ან ვეტერინარი, სოფლის მეურნეობის ნებისმნიერი დარგის სპეციალისტი? ქიმიკოსი და ფიზიკოსი ვერ გახდები, თუ ლაბორატორიაში ცდები არ ჩაატარე. ფიზკულტურის მასწავლებელი შეიძლება გახდე, ბავშვებთან უშუალო ურთიერთობის გარეშე? ცხადია, არა, ეს სისულელეა. კიდევ ბევრია ასეთი პროფესიაა. როდის და როგორ უნდა აინაზღაურონ ეს დანაკარგი ჩვემმა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, არ ვიცი.
– ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინას შემოიტანენ და აცრა საყოველთაო იქნება. თუმცა, ჯერ ლაპარაკი არ არის სავალდებულო ვაქცინაციაზე.
– ზოგადად, მედიცინაში, ნებისმიერი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დადებითად უნდა შევაფასოთ. კონკრეტულად, კორონას საწინააღმდეგო ვაქცინებზე მიჩნდება ეჭვები. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე, მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, ყველაზე სწრაფად, ვაქცინა გამოიგონეს შვიდ წელიწადში. დავუშვათ, შეთქმულების თეორიასთან არ გვაქვს საქმე და მართლაც უნდათ, რომ ჯანმრთელად ვიყოთ, დიდხანს ვიცოცხლოთ და დღე და ღამე ამაზე ფიქრში ატარებენ. მე ხომ მაქვს უფლება, ეჭვი შევიტანო ვაქცინაში, რომელსაც კლინიკური ცდები სრულად არ ჩატარებია და სრული უფლება მაქვს, ამ ვაქცინას არ ვენდო. ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ვისაც უნდა აიცრას და ვისაც არა, არ აიცრება. ვაქცინაცია კანადაში გააპროტესტეს სამხედროებმა, ჰოლანდიაში ათასობით ექიმმა, ექთანმა და მედდამ. ორივემ მიმართეს ხელისუფლებას, რომ ვაქცინას არ გაიკეთებენ. კიდევ ბევრ ქვეყანაში გაიმართა აქციები და აპროტესტებენ ვაქცინაციას. ამ ხალხსაც არ სჯერა, რომ ვაქცინა დაიცავს კორონავირუსისგან და უსაფრთხოა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სავალდებული ვაქცინაცია.
– ბატონო ზვიად, კორონაპანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა, ყველაზე ძლიერი ქვეყნის ეკონომიკა მძიმე კრიზისშია და ბევრი ჩამოიშლება. მატულობს უმუშევართა რაოდენობა და ეს თავისთავად, გამოიწვევს კრიმინალის მატებას. ძალიან ბევრ ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდება და ეს გაერო-ს პროგნოზია. ბევრი ამბობს, რომ ეს გლობალისტების ნამოქმედარია, კონკრეტულად, მასონების. დავიჯერო, მთელი მსოფლიო ასე გააპარტახა ასიოდე კაცმა, რომელთა ვინაობაც კი არ ვიცით? განა რა მიზანი აქვთ ამისთანა?
– გაზაფხულზეც ვამბობდი, რომ ეს, რაც ხდება, არ არის მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკის დასანგრევად. მოგახსენეთ, რომ ეს ვირუსი ხელოვნურია და შეიქმნა უხანის ლაბორატორიაში. ეს ვირუსი გამოყენებულ იქნა ფინეთის სავაჭრო ჰეგემონობის შეჩერების კუთხით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისთვის, ფარმაცვტული კომპანიების უდიდესი მოგებისთვის. გამოიყენეს სხვა და სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების განსამტკიცებლად, კონტროლის დასამყარებლად. გამოიყენეს მოსახლეობის გასაღარიბებლად. რაც უფრო ღარიბია ხალხი, მით უფრო მორჩილია. მერე და მერე, კიდევ გამოჩნდება, სხვა რა სარგებელი ნახეს ამით. ეს ყველაფერი აწყობთ გლობალისტებს. მსოფლიოს ყველა დიდი მხედართმთავარი, მსოფლიოს ყველა უდიდესი იმპერია ოცნებობდა მსოფლიოს დაპყრობაზე და ვერავინ ვერ მოახერხა. დღეს აღარ სჭირდებათ იარაღი, ატომური ბომბები. გლობალისტბმა თითქმის ხელში ჩაიგდეს მსოფლიო ბატონობა და საკუთარი ნებით არ გაუშვებენ ხელიდან.
დამდეგ შობა–ახალ წელს გილოცავთ თქვენ, გაზეთ „ალიას“ ყველა თანამშრომელსა და თქვენი გაზეთის მკითხველს! უნდა ვიყოთ მხნედ, ნუ შევეგუებით მონობას და ვიზრუნოთ საკუთარი სულის გადასარჩენად!
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები