დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა:
„ქვეყანაში ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია. რაც შეეხება აჭარას, კონკრეტულად კი ბათუმს, სიტუაცია არასახარბიელოა, თუმცა ვისაც სჭირდება სტაციონარული მომსახურება ისინი ამ დახმარებას იღებენ და ამის პრობლემა არ შექმნილა.
მაშინ რა უნდა თქვან ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს ოპოზიციის ლიდერებმა?! ნამუსიც კარგი საქონელია რა. სიტუაცია მართული იყო თავიდანვე და კორონას მარტო საქართველო ვერ გააჩერებდა. სანამ კორონა დედამიწაზეა, საქართველოშიც იქნება.
ჩვენი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა ინფიცირებულთა არამზარდობა. ახლა როცა აჭარაში ამდენი პაციენტია, მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ მკურნალობის მხრივ. ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი გაუჭირდათ ამის მართვა, საავადმყოფოებში ადგილები არ ჰქონდათ.
მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს ბათუმში, რომ თითოეული არის გმირი. ყველა მათგანი მაქსიმუმს აკეთებს. დიდი მხარდაჭერაა აჭარის მთავრობიდან, ბატონი თორნიკე რიჟვაძის მხრიდან, რომელიც ყველაფერშია ჩართული და მოხერხდა სიტუაციის დასტაბილურება.
იყო პრობლემები ტესტირებაზე, როცა პასუხები გვიანდებოდა, მაგრამ ყველაფერი დასტაბილურდა.
მინდა მივმართო მათ, ვინც მედიკოსებს აკრიტიკებს, ხომ არ იქნებოდა უკეთესი იმაზე ისაუბრონ, რომ დღესაც კი ბათუმში ბევრი ადამიანი არ იცავს დისტანციას და პირბადეს არ ატარებს.“
მოკლედ, რომ ვთქვათ, პაატა იმნაძეს სურს, მედიკოსები კი არა, ხალხი ვაკრიტიკოთ, მაგრამ მას, როგორც ყოველთვის ბევრი რამ ავიწყდება და “ალია” სიამოვნებით შეახსენებს:
- ხალხი მედიკოსებს არა, ბატონო პაატა, ჩინოვნიკ ამირან გამყრელიძეს და ჩინოვნიკ პაატა იმნაძეს აკრიტიკებს, თუ არ ხართ ჩინოვნიკები და გვეშლება?
- ბათუმში, სვანეთში, გურიაში წასვლასა და დასვენებას ისტერიულად გვთხოვდით ზაფხულში ყველანი, გადაახვიეთ და ნახეთ!
- როცა ჩინოვნიკები, მინისტრები პირბადის გარეშე საღამოებს მართავენ, პარკებს ხსნიან უამრავ ხალხთან ერთად დისტანციის დაუცველად – ამის შემდეგ, რთულია ხალხი დააჯერო, რომ პირბადე და დისტანცია აუცილებელია – ამას “ალია” თვეებია უკვე გიმეორებთ, მაგრამ, გესმით?
- როცა სახლში ვისხედით, თქვენ დაგვპირდით, რომ იმუშავებდით, ინფექციურ საავადმყოფოში წყალი ჩადის, ექიმები არ გადაგიმზადებიათ, საწოლფონდი 4040 საწოლიდან 600-ზე ჩამოგიყვანიათ და მერე საწოლ-საწოლ ეძებეთ, ლაბორატორიები არ გადაგიმზადებით და პირველივე მატებაზე ტესტების პასუხები გერეოდათ – რა გააკეთეთ მთელი ზაფხული?
- სინდისიც კარგი საქონელია და ქვეყანაში საქონელიც აღარ არის დარჩენილი, ხალხი დაამშიეთ, რომელი ევროპის ქვეყნებს ედრებით, ეკონომიკა ბოლომდე ჩაძირეთ და მოხუცთა თავშესაფრებში გაქვთ ახლა ვირუსი გავრცელებული, ქვეყანაზე რომ არაფერი ვთქვათ, მოხუცთა თავშესაფრებშიც ტურისტი ხომ არ შეგეპარათ? ევროპის რომელმა ქვეყანამ ჩაკეტა ყველაფერი 8 თვის მანძილზე ბოლომდე და კიდევ აგრძელებს? რომელმა ევროპის ქვეყანამ დაარიგა მხოლოდ 200 ლარი? ევროპაში ახლა, ამ აგვისტო-სექტემბერშიც მიდიან ქართველები სამუშაოდ, იცოდით? უკარინაში ჩადიან საქართველოდან და მერე უკრაინიდან მიფრინავენ – რაზე საუბრობთ საერთოდ?
“ალიას” კიდევ ბევრი აქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ერთი თქვით და ხუთი გიპასუხეთ და დანარჩენს მერე გეტყვით, მაგალითად, როგორ გირჩევდნენ ექიმები “ალიას” საშუალებით, მოგეწყოთ რამდენიმე კოვიდკლინიკა და არ გააკეთეთ, როგორ გემუდარებოდნენ პერსონალის გადამზადებას და მათი მუშაობის და დასვენების განრიგის გადახედვას და არ გააკეთეთ, როგორ გვიმტკიცებდით გასულ წელს რომ გრიპის ვაქცინა აუცილებელია, წელს კი, როცა გრიპს კორონავირუსიც დაერთო, მხოლოდ 135 000 ვაქცინა შემოიტანეთ ქვეყანაში და სხვა ხმაზე აჭიკჭიკდით!
კომენტარები