არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს და პარლამენტარებს მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. იმპიჩმენტის „სადამსჯელო” პროცედურა მმართველმა პარტიამ იმ მოტივით წამოიწყო, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა ევროპული სახელმწიფოების და ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობის პირებთან შეხვედრებზე. საზოგადოებისათვის, მათ შორის, ევროპელი პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინშია.
იმპიჩმენტის პროცედურა შესაძლოა ამ პროცესის საბოტაჟის მცდელობად იქნას აღქმული, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მმართველ ძალას მიტაცებული აქვს თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს.
მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს იმოქმედონ ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას და საფრთხე არ შეუქმნან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები