ინდონეზიაში მყვინთავებმა კომპანია Sriwijaya Air-ის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი შავი ყუთის ადგილმდებარეობა დაადგინეს, – ინფორმაციას Reuters-ი ინდონეზიის ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის, ჰადი ჯაჯატოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის, მყვინთავები ყუთების წყლიდან ამოღებას ცდილობენ. სწორედ მათი მეშვეობით გახდება ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენა შესაძლებელი. საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის დედაქალაქის, ჯაკარტის ჩრდილოეთით, იავას ზღვაში მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ, ამავე ადგილას, ადამიანების სხეულების ნაწილები და თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს.
თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი წვიმის გამო ნახევარსაათიანი დაგვიანებით, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გაფრინდა და მალევე რადარებიდან გაუჩინარდა.
ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან ეკიპაჟის 12 წევრი იყო.
ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიის მოქალაქე იყო.
კომენტარები