ვცადე, ვუყურე ინგლისურენოვან ფილმებს, დიდად ვერაფერი გავიგე, „ჰელოუ“ ისედაც ვიცოდი და „ბაი“, მაგრამ ახლა სამაგიეროდ, „ჰელოუს“ და „ბაის“ ვამბობ უშიშრად. ალბათ, მეტი ფილმი უნდა მენახა, ან, ერთი ფილმი რამდენჯერმე? ან, იქნებ, თავად უნდა გადამეღო ფილმი? თანაც, როგორც წერენ, თურმე, ფილმით შეიძლება არასწორი ფორმით ისწავლო ენა – რადგან, გამართული გრამატიკით სულაც არ საუბრობენ ხოლმე ფილმებში და გვარიგებენ, მასწავლებელს სთხოვე დახმარებაო – გამოდის, რომც მესწავლა ფილმით, შეიძლებოდა არ გამომდგომოდა.
მივუბრუნდი გუგლს და შემდეგი რჩევაა – ვისწავლოთ ინგლისური სიმღერებით – ამ მეთოდს თავისი წესები ჰქონია, ისეთი სიმღერა შეარჩიე, რომელსაც ბევრჯერ მოუსმენო – შევარჩიე, სიმღერას ის მომღერალი უნდა ასრულებდეს, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენააო, გადავარჩიე სიმღერა, იმ შემსრულებლის სიმღერა შეარჩიე, ვისაც კარგი სამეტყველო აპარატი აქვსო – ენა მე არ ვიცი და სიმღერა და კარგი სამეტყველო აპარატი აქვს, თუ გაურბის, როგორ მივხვდებოდი, მაგრამ მაინც შევარჩიე.
ამის შემდეგ ახალი წესებია, თურმე, – ჯერ უნდა მოუსმინო სიმღერას გაუაზრებლად, გააზრებულად ისედაც როგორ მოვუსმენ, თუ ენა არ ვიცი, ღმერთმანი. შემდეგი ნაბიჯია, გაიაზრო – თარგმნე სიტყვებიო, გრამატიკული კონტექსტი გაარკვიეო – ვცადე თარგმნა ისე, როგორც მესმის, ნურას უკაცრავად, როგორც გესმის ისე სულაც არ იწერება. მოდი, ამ წესს გამოვტოვებ.
შემდეგი ნაბიჯია, იმღერა ეს სიმღერა ხმამაღლა, რაც უფრო ხმამაღლა – უკეთესიაო. ვიმღერე, ერთხელ, სამჯერ, რვაჯერ, თვრამეტჯერ ვიმღერე და ენა ვერ ვისწავლე, მაგრამ სამი მეზობელი გადავიმტერე, ორმა მეგობარმა წამომიყენა ულტიმატუმი – ან სიმღერა და ან მეო და რამდენჯერაც „ვსწავლობ“, ქმარი ყოველ ჯერზე სვამს, ბოლო „მეცადინეობისას“, სააბაზანოში ჩაიკეტა, ყურში ბამბები ჩაიტენა, წყალი მოუშვა და ისე სვამდა – ალბათ, შურს.
თურმე, ნუ იტყვით, სიმღერით ინგლისურით სწავლას, კიდევ ჰქონია რამდენიმე წესი: – ხმამაღლა რომ იმღერებ ბევრჯერ, შემდეგ დააკვირდი, დამახინჯებული ინგლისურით არ იყოს სიმღერის ტექსტი, რადგან რითმის გამო, ხშირად, სიმღერაში სიტყვებს ამახინჯებენ და გრამატიკულად არასწორი ფორმით ამბობენო – ამას ახლა უნდა ვიგებდე, ყელი რომ ჩამიხჩა? – კარგი, სჯობს, გვიან, ვიდრე არასდროს. მაინც რა უნდა გავაკეთო ასე დროს? – ინგლისურის მასწავლებელს სთხოვე, არასწორი ფორმები აგიხსნას, გაგისწოროს და ისე დაისწავლეო, – მარიგებენ. ანუ, ამდენი იმიტომ ვიმღერე, ქმარი კინაღამ გავალოთე, მეზობლები გადავიმტერე, მეგობრებს თავი ავატკიე, რომ ბოლოს ისევ ინგლისურის მასწავლებელი მომეძებნა?
სხვა გზაც უნდა არსებობდეს, ვფიქრობ.
ტესტი შემხვდა ამჯერად – შეამოწმე, იცი, თუ არა, 100 მთავარი ინგლისური სიტყვა – არ დამეზარა, აღმოჩნდა, რომ „ჰელოუ“ და „ბაი“, სულაც არაა ინგლისურში მთავარი სიტყვები, ამიტომ, 1 სიტყვა მეცნო მხოლოდ – like – ეგ ისაა, აწეული ცერა თითი.
შემდეგი რჩევა იყო – შექსპირი წამეკითხა ორიგინალში – შექსპირის ინგლისურით ინგლისელები აღარ ლაპარაკობენ და რომც ვისწავლო, რა ხეირი?
შემდეგია – ისწავლე ინგლისური ენა მულტფილმებით, – ეს მომეწონა, ტომი და ჯერის ვუყურე რამდენიმე საღამო ზედიზედ, ცოტა გვიან მივხვდი, რომ მანდ თითქმის არ ლაპარაკობენ, მაგრამ გავერთე. ცუდი არ იყო.
კიდევ ერთი რჩევის მიხედვით, ინგლისურის სწავლა შეიძლება ნახატებით, იცოდით, რომ თბილისში, ძალიან იშვიათად იმართება გამოფენები? ყველა მუზეუმში ვიყავი, სულ ზეპირად ვიცი, სად რა ნამუშევარია წარმოდგენილი – არც ეგ დამეხმარა ენის სწავლაში დიდად.
ერთი მირჩევდა, ინგლისური ენა მესწავლა სერიალებით – მუზეუმები ახალმოვლილი მქონდა და ასეთი ამაღლებული განწყობით, უკვე მე სერიალებს აღარ ჩავუჯდებოდი.
ამის შემდეგ, ინტერნეტი უკვე მთავაზობს ენის სწავლას სხვადასხვა მეთოდებით, მაგალითად, ერთი მეთოდია, ძალიან ცნობილი და ეფექტური, კომუნიკაციის ბუნებრივ საშუალებების გამოყენებით ხდება სწავლაო – კომუნიკაციის ბუნებრივი საშუალებები როგორ შემაშინებდა, არაბუნებრივი ხმა ამომდიოდა, სიმღერით „მეცადინეობისას“ ყელიდან არაერთი დღე – მასალის მიხედვით, – ვიდეოებს მოუსმინე მხოლოდ, მეტი არაფერი გააკეთო, დღეში ამ გზით 100 სიტყვას თავისით ისწავლი და ასე 27–ე გაკვეთილზე, თავს იგრძნობ ამერიკელადო. 27–ე გაკვეთილზე, ინდაური შევწვი ამერიკული რეცეპტით, რაღაცით მაინც რომ მეგრძნო თავი ამერიკელად. არც ეს დამეხმარა დიდად, მაგრამ არ გავტყდი და გადავედი შემდეგ მეთოდზე, რომლის მიხედვითაც კვირაში უნდა მესწავლა 100 სიტყვა და არა – დღეში და ეს უფრო ჰგავდა რეალურს. მართლა ვისწავლე ერთი ახალი სიტყვა – lesson.
ცუდი არაა, ერთი ახალი სიტყვა ახალი მეთოდით, და მე გავაგრძელე კიდევ ერთი მეთოდის ძებნა, ამჯერად უკვე გულმოცემულმა და შემხვდა ახალი მეთოდი ენის სწავლის – ოთხჯერ უფრო სწრაფად ისწავლი ამ გზით ინგლისურსო, მპირდებოდა, ანუ, 4 ჯერ სწრაფად ვისწავლიდი ამ ერთ სიტყვას, გული დამწყდა იმ დროზე, რომელიც ამ ერთი სიტყვის სწავლას დავუთმე, მაგრამ ოთხჯერ ნაკლებ დროში ნასწავლი ერთი სიტყვა, როგორც იტყვიან, ამინდს ვერ მიცვლიდა და ძებნა განვაგრძე.
მეგობარმა მირჩია ქართველ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს მოუსმინე, ეგენი იმდენ ინგლისურ სიტყვებს ამბობენ ხოლმე, ამ გზით ბევრად მეტ სიტყვას ისწავლიო, მაგრამ მაგათ აქცენტი ექნებათ არასწორი და არ მინდა შეცდომით, არაზუსტი აქცენტით ვისწავლო, არც ერთი ინგლისელი და ამერიკელი ჯერ არ გაქცეულა ჩემგან, რომ მოსაბრუნებელი ინგლისური მქონდეს სასწავლი, ენის სწავლა მინდა საფუძვლიანად, კარგად, სწორად, სრულფასოვნად.
აი, ისიც, ეფექტური მეთოდიაო, წერენ, ეს მინდა, საჩემოა – გავეცანი მეთოდს და იწყება ასე – მთავარი პრინციპია პატიოსნება, ვერ გეტყვი რომ სწრაფად ისწავლი, ან წარმატებას აუცილებლად მიაღწევ, გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს ჟარგონებს. კარგია პატიოსნება, ჯერ კიდევ მტკივა ყელი იმდენდღიანი, ხმამაღალი სიმღერის შემდეგ და ჯერ კიდევ შეშინებული სახით მესალმებიან მეზობლები.
ის იყო ხელის ჩაქნევას ვაპირებდი, რომ საჩემო მეთოდი შემხვდა – არანაირი ჩანაწერი, არც წინადადების აგება გჭირდება, მთავარი ამოცანაა, შემთხვევითობის პრინციპით ისაუბრო, სწრაფად და დაუფიქრებლადო. სწრაფად და დაუფიქრებლად საუბარი შემიძლია, კი, როგორ არ შემიძლია. ვილაპარაკე რამდენიმე კვირა სწრაფად და დაუფიქრებლად, მეგობრებმა მკითხეს, რა უცნაურია, ინგლისური ენის სწავლა გინდოდა და ჩინურის სწავლა დაგიწყია, რა ხდებაო? – მაგათაც შურთ ჩემი, ალბათ, რომ ჰკითხო, იციან ინგლისური ენა და აბა, ილაპარაკონ სწრაფად და დაუფიქრებლად ისე, რომ მხოლოდ 4 სიტყვა ჰქონდეთ მარაგში. ვინც არ იცის ამ ოთხი სიტყვიდან: ჰელოუ, ბაი, ლექცია, მოწონება – როგორ ააწყოს წინადადებები, მათ შორის ისეთები, როგორებიცაა, მაგალითად: ენა კაცსა ატყუებს, მარილი – თხას, ან ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია, ან, გვრიტი მაინც დაფრინავდა, კოდალა ისევ აკაკუნებდა, ქედანი ღუღუნებდა, ანცი ციყვი ისევ დახტოდა – ის ჩემ გასაჭირს ვერ გაიგებს.
ბოლოს მომიწია აღიარება, რომ ვერ ვისწავლე ჩემით, დაუხმარებლად, პედაგოგის გარეშე ინგლისური ენა, მაგრამ მე ჩამოვყალიბდი ინგლისური ენის სწავლების მეთოდების მცოდნედ, პროფესიონალად. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეთოდები მათთვისაა, ვინც უკვე იცის ენა, ან ვინც მასწავლებელთან ერთად მეცადინეობს – კი, პედაგოგთან ერთად, დამატებით ამ მეთოდების გამოყენება, ალბათ, ცუდი არ იქნებოდა.
მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოა, – დიდხანს ვარიდებდი თავს ამ ანდაზას, მაგრამ აღმოჩნდა, ჭეშმარიტებაა.
გადავწყვიტე, კიდევ ერთ ახალ პროფესიას დავეუფლო – კერძოდ, ვიცოდე, სად, როგორ, რა პირობებით უნდა შევარჩიო ინგლისური ენის პედაგოგი. ცხადია, ეს ნაწილიც ძირფესვიანად შევისწავლე, ვიპოვე პლატფორმა, სადაც პროფესიონალთა განცხადებებია, კი, ისინიც, სხვადასხვა მეთოდებით მუშაობენ, და იმის მიხედვით, რა გჭირდება, სასაუბრო ინგლისური, წერა–კითხვა, ძირფესვიანი შესწავლა – შესაბამის კურსს და შესაბამისს პედაგოგს ირჩევ. შესაძლებელია, რამდენიმე კვირაში, მარტივი წინადადებებით საუბარი შეძლო, მაგალითად, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ენა სრულად ისწავლე, მაგრამ პროფესიონალის დახმარებით და სპეციალური პროგრამების გამოყენებით, თანაც ისე რომ სახლიდან გასვლაც არ მოგიწიოს, სათქმელის მარტივად გადმოცემას ნამდვილად შესძლებ. ან, იქნებ, რომელიმე ტესტის ჩაბარება გსურს, ამისთვისაც შეგიძლია კონკრეტული კურსი იპოვო, ან, სამსახურში გთხოვენ და დაახლოებით იცი, რა სპეფიციკით გჭირდება სწავლა, ან გაცვლითი პროგრამით მიდიხარ, თუ სრულფასოვნად გინდა ენის სწავლა? – პროფესიონალი ყველა მიმართულებით შეგირჩევს საჭირო პროგრამას საჭირო მეთოდით. მოკლედ, აქ ყველა გზის პოვნა შეგიძლია, თან პროფესიონალურ დონეზე.
არ იჩქარო, გაეცანი კომენტარებს, ადამიანები განცხადებების ბოლოს თავიანთი გამოცდილების შესახებ წერენ და ეს ძალიან დაგეხმარება.
და რაც მთავარია, არ გადადო, სწავლა ისაა, რაც არც გვიანია არასოდეს და არც ადრე, ყოველთვისაა სწავლის დრო, ყოველთვის საჭიროა, ყოველთვის გამოგადგება.
მე? მე ისევ ცეკვაზე ვივლი…
( R)
კომენტარები