„ალიას“ ესაუბრება, ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი, ევროპის სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის წევრი, მაია ბუწაშვილი.
– რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ პირბადე არ არის თავდაცვის გარანტია და არ არის აუცილებელი ის ყველას ეკეთოს, თუმცა, ახლა საპირისპიროს გვიმტკიცებენ – რა შეიცვალა?
– რეკომენდაციები იცვლება ყოველდღიურად, გამოცდილება გროვდება და რასაც მარტში და აპრილში გვეუბნებოდნენ, შესაძლებელია, ახლა სრულიად იყოს შეცვლილი. ასეა პირბადეებზეც. თავიდან ითქვა, რომ პირბადე აუცილებელია იმათთვის, ვისაც თავის დაცვა უნდა, მაგრამ დაგროვილმა ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა გვაჩვენა, რომ პირბადე თუ ორივე მხარეს უკეთია, გადადების რისკი ძალიან მცირეა. თუ ერთ-ერთს უკეთია, რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით, როცა არავის უკეთესია, რისკი მცირდება, მაგრამ თუ ორივეს უკეთია, გავრცელების რისკი თითქმის ნულს უტოლდება.
– ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტებს გვთხოვენ დახმარებას ექიმები, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ პირბადის ტარების აუცილებლობაზე ინფორმაცია, მაგრამ თბილისობის დაჯილდოებაზე ვნახეთ, ექიმები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, პირბადის გარეშე, დისტანციის დაუცველად ერთად იყვნენ, ეხვეოდნენ ხანდაზმულ ადამიანებს – ხალხი როგორ დაიჯერებს, რომ მათთვის აუცილებელია და იმათვის არა?
– საპატიო თბილისელის შეკრებაზე ამბობთ, ხო? გეთანხმებით, ათზე მეტი ადამიანი არ უნდა შეკრებილიყო, თუ წესია, წესი უნდა იყოს ყველასთვის.
– ექიმები რატომ არ იცავენ თავს, რამე სხვა ინფორმაცის ფლობენ? ვაქცინაზე იციან რამე?
– არა, არაფერი ასეთი, უბრალოდ წესების დარღვევაა.
– დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთმა წამყვანმა თანამშრომელმა, ხათუნა ზახაშვილმა თქვა ასეთი რამ: „კოვიდი სიცოცხლის მოყვარულია და ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გადაირჩინოს, იძენს უნარს, უფრო სწრაფად გავრცელდეს და მან ეს რაღაცის ხარჯზე უნდა გააკეთოს, ეტყობა ამიტომა აქვეითებს თავის მომაკვდინებელ თვისებებს – ანუ, ნაკლებ ადამიანს აავადებს მძიმედ და ნაკლები ადამიანი კვდება დრეს კოვიდისგან“- გამოდის, კორონავირუსმა იფიქრა და თქვა, რომ მოდი, ნაკლებს მოვკლავ და ბევრ ადამიანში გავვრცელდებიო? სტრატეგია ჰქონდა ვირუსს და შეცვალა?
– ვირუსი ეგეთ რაღაცებს ვერ ხვდება, რა თქმა უნდა. სიკვდილიანობა შემცირდა არა იმიტომ რომ ვირუსი დასუსტდა, ან რამეს მიხვდა – აქ არის ჩვეულებრივი არითმეტიკა – თავიდან გამოკვლევა უტარდებოდათ, სიმპტპომების მქონეებს, უკვე დამძიმებულებს, სტაციონარში მისულ პაციენტებს, პროპორციულად მათი დამძიმების და სიკვდილიანობის პროცენტი, იყო უფრო მაღალი. შემდგომში, ყველა ქვეყანაში ტეტსირება გაფართოვდა, მასობრივად უტარდება უკვე ტესტირება უსიმპტომოებსაც, ამიტომ პროპორცია, წილი, იმ ადამიანებისა, ვისთანაც გართულებულია და სიკვდილიანობით მთავრდება – შემცირდა, მაგრამ შემცირდა იმიტომ, რომ გამოკვლეულთა რიცხვი გაიზარდა და არა იმიტომ, რომ ვირუსი დასუსტდა, მიხვდით, რასაც ვამბობ? პროცენტული წილი შემცირდა სიკვდილიანობის.
– დიახ, მივხვდი, მაგალითად, ასი ინფიცირებულიდან თუ იყო 2 გარდაცვლილი, ახლა გვეუბნებიან, რომ ათასიდან გვყავს 2 გარდაცვლილი, მაგრამ ამ ათასიდან 900 უსიმპტომოა და ისევ იმ სიმპტომიანი და მძიმე 100 პაციენტიდან გვყავს 2 გარდაცვლილი – დაახლოებით, ეს მოდელია, ხო?
– დიახ. ადრე უსიმპტომოები არ ვლინდებოდნენ და ახლა ის უსიმპტომოებიც ვლინდებიან, საერთო რიცხვში ხვდებიან და გარდაცვალების პროცენტი მცირდება.
– მე დავსვი კითხვა, რატომ გაიზარდა ახლა ტესტირება და ინფექციონისტმა ასე მიპასუხა: – როცა გვყავდა დავუშვათ 20 ინფიცირებული, მათი კონტაქტი იყო ასი და გვჭირდებოდა ასი ტესტის ჩატარება, ახლა როცა გვყავს 200 ინფიცირებული, მათი კონტაქტი უკვე არის რამდენიმე ათასი და ამიტომ გაიზარდა ტესტირებულთა რიცხვიო.
– ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ კონტაქტირებულების ხარჯზე იზრდება, თუ თავისი მიმართულებით, რა მნიშვნელობა აქვს? შედეგი ერთია. ფაქტი ისაა, რომ მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების გამოვლენა გაიზარდა, საერთო რიცხვში მათი წილი დიდია და შესაბამისად, გართულებულების და სიკვდილიანობის პროცენტული წილი შემცირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვთან მიმართებაში და კიდევ უფრო მეტად შემცირდება მომავალში.
– თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლოა, ბოსტნეულიდან, ხილიდან გადადიოდეს ვირუსი, კარის, საგნების დეზინფექციის რეკომენდაციებსაც გვაძლევდნენ. მოგვიანებით, გერმანული კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საუბრობდნენ იმაზე, რომ ვირუსი საგნებზე დიდხანს არ რჩება.
– დიახ, ვიცი ეს კვლევა. ეს ისტერია და ბოსტნეულის საპნით რეცხვა აბსურდი იყო და მე ამას თავიდანვე ვამბობდი, ასევე ისტერიულად პალტოების და პიჯაკების რეცხვა წრეგადასული ზომა იყო. ჩვეულებრივ, გამდინარე წყლით უნდა გავრეცხოთ, ბოსტნეული და ხილი, ისე, როგორც ამ ვირუსამდეც უნდა გაგვერეცხა, უარესი ინფექციებიც გადადის ხილიდან და ბოსტნეულიდან, უმძიმესი ნაწლავური ინფექციები, მაგალითად. რაც შეეხება პირად ჰიგიენას, ხელის დამუშავება და დაბანვა ისევ რჩება, ესეც ისედაც უნდა ყოფილიყო, მით უფრო, რომ ახლა გრიპის სეზონში შევდივართ – დანარჩენი, რაღაცა განსაკუთრებული და ისტერიული ქმედებები არ გვინდა, მერე ადამიანები სტრესში ვარდებიან. ამ გზით, (საგნებით) ძალიან ნაკლებია გადაცემა, ძირითადად გადაცემა ხდება პირდაპირი კონტაქტით, ადამიანიდან ადამიანებზე შეფრქვევით.
– მეხუთეკლასელმა გოგონამ დაწერა, მასწავლებელს, თურმე არ ჰქონია უფლება ჩემ რვეულს შეეხოს და დავალებას ვერ მიმოწმებსო – რომ ვკითხულობდი, გავიფიქრე, რომ ბავშვისთვის ეს დიდი სტრესი იყო, რამდენად სწორად იქცევა პედაგოგი, რომელიც ბავშვეს ეუბნება, რომ მის რვეულს ვერ შეეხება?
– ეგ არ გამიგია, მაგრამ თავისთავად დიდი სისულელეა, თუ მოკიდებს ხელს, მერე დაიმუშაოს, ან დაიბანოს. აბსურდია, სისულელეა, თუ მართლაც არსებობს ასეთი ფაქტები.
– სკოლებზე გეწერათ, რომ არ უნდა დაიხუროსო. საერთოდ რომ გამოვრიცხოთ კორონავირუსი, აი, რომ არ არსებობდეს კოვიდი, უნდა არსებობდეს თუ არა სკოლები, სადაც არ არის მოწესრიგებული ჰიგიენის ელემენტარული წესები?
– მაგაზე პასუხი მარტივია – არ უნდა არსებობდეს. თუ საერთოდ, მაინც არსებობს, მაინცდამაინც კოვიდის გამო არ უნდა დაიკეტოს, სუნი სადაც არის, ისეთ ტუალეტში შესვლა, ხელს რომ ვერ იბანენ და ვერ იშრობენ – ეგ ჩანასახშივე საშინელებაა და მარტო კოვიდზე არ არის ლაპარაკი, ბევრად უფრო მძიმე დაავადებებიც არსებობს. ცხადია, არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მაინცდამაინც ახლა ამაზე საუბარი და ამის გამო დაკეტვა – აბსურდია.
– თავიდან იყო საუბარი იმაზეც, რომ ვირუსი გარდაცვლილებიდანაც შეიძლება გავრცელდეს, მითი იყო, თუ რეალობა?
– გარდაცვლილებიდან გადადება, არ ითვლება ბოლომდე ამოწურულ ინფორმაციად. საერთაშორისო რეკომენდაციად რჩება, რომ კორონავირუსით გარდაცვლილის სხეულთან პირდაპირი კონტაქტი არ არის რეკომენდირებული და სჯობს, რომ არ იყოს გამომშვიდობების ცერემონიალი და შეხება. თუმცა, რამხელაა რისკი, ეს ბოლომდე შეფასებული არ არის.
– სახიფათოა დღეში 500 ინფიცირებული საქართველოს ჯანდაცვისთვის? ჩვენ ჯანდაცვის მინისტრის, მე პირადად 2 პაციენტსაც ვერ ვანდობ, მაგრამ ვგულისხმობ კლინიკებს, ექიმებს, საწოლების რაოდენობას.
– არ იქნება სახიფათო, თუ ოპერატიულად გადავალთ ბინაზე მოვლის რეჟიმზე, რაც ძალიან დააგვიანეს, სამწუხაროდ. ჩვენ ჯერ კიდევ ივნისიდან მაგას გავყვირით, გადაწყვეტილება მიიღეს, დადგენილება გამოსულია, მაგრამ ძალიან დაგვიანდა, ფიზიკურად როგორ მოესწრება ეს, არ ვიცი. ოჯახის ექიმებისთვისაც რთულია. ეს უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა იყო ცოტა შემთხვევა. თუ სწრაფად გადაამზადებენ ექიმებს და უსიმპტომოები და მსუბუქები ყველა დარჩება ბინაზე და მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები იქნებიან სტაციონარში, ამ შემთხვევაში მოერევა სისტემა.
– რასაც ვუყურებთ, ბოლო დროს, სწრაფად მიდის გამოჯანმრთელების პროცესი, აღარ სჭირდება თვეები, 2 კვირაში უშვებენ კლინიკებიდან. თქვენ წერდით ერთ წერილში, რომ შეიძლება ტესტის პასუხი სამი თვის მანძილზე იყოს დადებითი, მაგრამ გადამდები აღარ იყოს უკვე 10-12 დღის მერე – ასეა?
– კი, ალგორითმი შეიცვალა, ახალი ალგორითმის თანახმად, სიმპტომების დაწყებიდან მეათე დღეს, თუ პაციენტს ბოლო სამი დღის მანძილზე აღარ აქვს სიმპტომები, უნდა გაეწეროს ბინაზე, ტესტის პასუხის მიუხედავად. აღარც უკეთდება ტესტი გაწერისას. აღმოჩნდა, რომ ხალხი კვირაობით ჰყავდათ უაზროდ სტაციონარებში, იხარჯებოდა სახელმწიფოს დიდი რესუსრსი და სინამდვილეში ამ ხალხს სტაციონარი არ სჭირდებოდა. ეს ადამიანები უბრალოდ ვირუსის ნაგლეჯებს გამოჰყოფენ და არც ავად არიან და არც გადამდებნი.
– ღორის გრიპი, თუ კოვიდი? – რომელი უფრო სახიფათოა?
– კოვიდი. გავრცელების კუთხით და სიკვდილიანობით, აშკარად კოვიდი. უბრალოდ, ორივეს აქვს თავისი მინუსები და პლუსები, კოვიდის სასარგებლოდ პლუსი ის არის, რომ მაშინ ბავშვებში და ახალგაზრდებში იყო საკმაოდ მაღალი მსხვერპლი და ახლა ასე არ არის.
– თქვენ რომ ჯანდაცვის მინისტრი ყოფილიყავით, ჩაკეტავდით საზღვრებს მარტში და აპრილში?
– ჯერ ერთი მე არ ვიქნებოდი ჯანდაცვის მინისტრი, არც არასოდეს ვიქნები, საბედნიეროდ, მაგრამ საზღვრებს ჩავკეტავდი, განსაკუთრებით რუსეთთან, ოღონდ შიგნით ასეთ მკაცრ შეზღუდვებს არ დავაწესებდი – თუ საზღვრებს მკაცრ კონტროლს დააწესებ, შიგნით ერთეული შემთხვევების გამო, ასეთი მკაცრი კარანტინი, რაც ჩვენ გამოვიარეთ, სრულიად ზედმეტი იყო.
– ახლა, დღეში 500 ახალი ინფიცირებულის ფონზე ჩაკეტავდით საზღვრებს?
– ახლა არა, ახლა დიდი მნიშვნელობა საზღვრის დაკეტვას აღარ აქვს, როცა ქვეყანაში შიგნით დღეში 500 შემთხვევა გაქვს, უარესი ვეღარ შემოვა გარედან, ამიტომ ახლა საზღვრების ჩაკეტვა არ არის ლოგიკური.
– და შიდა ჩაკეტვა? კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობა? ზოგი ითხოვს კარანტინს, ზოგი კი პირიქით, სრულ გახსნას, რომელია სწორი?
– არავინ იცის, ახლა რა არის სწორი, მაგრამ გაზაფხულზე ჩაკეტვა რომ არ იყო ოპტიმალური და როგორც კი გავხსენით, მატება მოხდა – ეს ჩვენი თვალით ვნახეთ, ახლა რომ ჩაიკეტოს, ან უნდა ჩავიკეტოთ ვაქცინამდე, რაც გამორიცხულია ან ყველა ჩაკეტვა იგივე შედეგს გამოიღებს, შეასუსტებს მცირე ხნით და როგორც კი გახსნი, მერე აღმავლობა გარდაუვალია. დიდი აზრი მასიურ კარანტინებს, როგორც ჩანს, არა აქვს და უნდა შევეგუოთ ამ სტატისტიკას.
– შემთხვევათა მატება, გახსნიდან მალევე არ დაფიქსირებულა. ჩვენ მოგვიწოდეს, რომ წავსულიყავით საქართველოს კურორტებზე, ზოგმა დაუჯერა, მართლა წავიდა, შემთხვევებმა იმატა ზაფხულის მიწურულს და ახლა ჩვენ გვბრალდება.
– ფეისბუქზეც დავწერე და ისევ ვიმეორებ – ძალიან არ მომწონს ეს ქცევა, არავისზე დაბრალება არ შეიძლება, ეს არის შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა, ისე უნდა იყოს დაგეგმილი, გათვალისწინებული იყოს, რომ ადამიანებს მოსწყინდებათ, რომ ადამიანები არ არის მოწესრიგებულნი ბოლომდე, რომ მათზე მინდობა და მერე გადაბრალება არის ყველაზე არასწორი საქციელი.
– თქვენ თანმხლებ დაავადებებზეც გეწერათ და ამბობდით, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ქრონიკული დაავადება, მაგრამ კიდევ წლები იცოცხლოს. რამდენად სწორია კოვიდით სიკვდილიანობის თანმხლებ დაავადებებზე გადაბრალება?
– მანდაც გააჩია კონტექსტს და ტონს, შეიძლება რაღაცა აღწერო, მაგრამ ისე ისმინება უკვე, თითქოს აი, თანმხლებ დაავადებები ჰქონდა და ნუ, რა ვქნათ, ასე მოხდა. სინამდვილეში, ჯანმრთელები ისედაც იკურნებიან და ვისაც თანმხლები დაავადებები აქვს, იმათი მკურნალობაა ხელოვნება და იმათთან არის მედიცინის როლი თვალსაჩინო. ზაფხულში ხომ ძალიან ვკეკლუცობდით, რომ კარგად ვმკურნალობთ და ჩვენთან ყველა ჯანმრთელდება? მაშინ მსუბუქი პაციენტები იყვნენ უმრავლესობა – რეალურად, ზუსტად მძიმე პაციენტებთან არის საჭირო სწორი მკურნალობა და ტაქტიკა.
– საკმაოდ ბევრი ექიმი და ექთანი გვყავს ინფიცირებული და დავუშვათ, დღეში 500 ინფიცირებულის შემთხვევაში, არ იყოს შეიძლება გასაკვირი, მაგრამ დღეში 20-30 შემთხვევა რომ იყო, მაშინაც დღე არ გავიდოდა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაზე არ გაგვეგო, რა ხდება, აღჭურვილობა არ გვაქვს, თუ გადამზადების პრობლემაა?
– ორივე. თავიდან აღჭურვილობა იყო დეფიციტში, როგორც ვიცი, მერე შედარებით გამოსწორდა, ამ მხრივ. მთავარი, მაინც უნარ-ჩვევების ამბავია, ტრენინგები ჩაუტარდათ, ჩვენ თვითონაც ჩაუტარეთ, მაგრამ ერთჯერადი ტრენინგით არ იცვლება ქცევა, ეს უნდა იყოს მუდმივი, ადრეც უნდა ყოფილიყვნენ მომზადებულნი და ჩვევაში უნდა ეჯდეთ, როგორ გაიხადონ ხალათი, როგორ ჩაიცვან, პირბადე როგორ მოირგონ, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. გადაღლილი პერსონალი, რომელიც ყურადღებას აღარ აქცევს ამ ყველაფერს, განსაკუთრებითაა დაინფიცირების რისკის ქვეშ.
– ჩვენ ჩავკეტეთ საზღვები, გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, უარი ვთქვით ტურიზმზე და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დაგვეცვა ხანდაზმული ადამიანები, რისკ ჯგუფები – ახლა აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულთა თავშესაფრებშიც გავრცელდა ვირუსი – ვერ დავიცავით, თუ არ არსებობს სრული დაცვა?
– ძალიან რთულია, გარანტირებულად დაცვა თავშესაფრების, მაგრამ, ჩვენ მაგისთვის მაინც უნდა გამოგვეყენებია ინფექციის დაგვიანებით გავრცელება და კარანტინი რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება გაგვეზიარებია – სხვა ქვეყნებში, ძირითადად, ზუსტად აი, ამ ხანდაზმულთა თავშესაფრებში მოხდა და ეს უნდა გაგვეთვალისწინებია და ბევრად უფრო მკაცრი წესებით უნდა დაგვეცვა მოხუცები. ძალიან ცუდია, როცა ქვეყანაში ცოტაა მოხუცთა თავშესაფარი, ჩვენთანაც ცოტაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ, თავშესაფრების სიმცირის გამო, საერთო ჯამში, დიდ რიცხვს არ შექმნის, გართულებული პაციენტების.
– ზოგი ექიმი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პანიკაშია, თქვენ რას ფიქრობთ?
– პანიკაში უნდა იყვნენ, სიტუაცია ისეთია, თუმცა, რომ ვუყურებ, არ ეტყობათ, რომ პანიკაში იყვნენ და ვერ გეტყვით, შიგნით რა ხდება.
– თუ არსებობს რამე ისეთი რეკომენდაცია, რომელზედაც უარი თქვეს ქვეყნებმა ბოლო თვების მანძილზე?
– აი, მაგალითად, აბსურდი იყო, მაგრამ ვხედავდით, უცხოეთშიც და საქართველოშიც ქუჩებისა და სადარბაზოების, კიბეების დეზინფექციას. ეგ იყო სრულიად დაკარგული რესურსი. მეტიც, ჩვენთან მაგალითად, ჩაკეტილი სკოლების დეზინფექცია დაიწყეს უაზროდ. ასეთ ღონისძიებებს არავითარი აზრი არ ჰქონდა, ვირუსი მიწებებული არ არის ასფალტზე და სადარბაზოს კიბეზე. რა თქმა უნდა, პირადი სივრცე, მაგიდა და ხშირი მოხმარების ნივთები უნდა დაიწმინდოს, მაგრამ გარე სივრცეების დეზინფექციას აზრი არა აქვს და ვხედავთ, რომ შეწყვიტეს.
– უნდა გამოვტყდე, მეც ვფიქრობდი, რომ აზრი არა აქვს, მაგრამ მომწონდა, გარდა იმისა, რომ სუფთა იყო, თითქოს, ფსიქოლოგიურად, გამშვიდებდა.
– აი, ზუსტად ეგ იყო, ვიზუალური ეფექტი ჰქონდა. ჩვენთანაც, პეკინზე რომ აფრქვიეს, სასაცილოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ადამიანებს მოსწონდათ.
– რას ურჩევთ ჯანდაცვის სამინისტროს და კოლეგებს?
– რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად ბინაზე მოვლის სერვისი, ოღონდ, სწორად, კარგად, ეფექტურად! ადამიანებსაც სწორად უნდა ავუხსნათ, რომ არ შეეშინდეთ. ვუთხრათ, რომ ისინი არავინ მიატოვა, ეს მიღებული პრაქტიკაა და კი არ დაგვავიწყდნენ, თუ გართულდებიან, აუცილებლად გადავიყვანთ კლინიკებში. ჯანდაცვის სამინისტრო კარგად უნდა უხსნიდეს ამას ხალხს და სწორი მიმართულებით უნდა ტრენინგდებოდნენ ის ექიმები, რომლებიც ამ პროექტში იქნებიან ჩართულნი.
თამო კეშელავა, ალია №36
კომენტარები