დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ირანის 3 მოქალაქე იმყოფება.
„ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან დედა და ორი შვილი, რომლებიც ირანიდან ჩამოვიდნენ. ასევე გიდასტურებთ, რომ ირანში სიტუაცია უარესდება კორონავირუსთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში ოფიციალურად დადასტურებულია ლეტალური შემთხვევები, ამიტომაც საჭიროა შესაბამისი ზომების გატარება. ამაზე სამინისტრო და შესაბამისი შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ, რადგან ირანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. არის ინტენსიური მიმოსვლა ირანთან და თუ ირანში ეპიდემიური სიტუაცია გაუარესდა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული. რაც შეეხება ამ სამ ადამიანს, ერთ-ერთ მათგანს შემოსვლისას ჰქონდა ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები და ამიტომ მოხდა მათი გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. იქ ტარდება შესაბამისი კვლევები. დილით ასევე აღებული იქნება ნაცხი კორონავირუსულ ინფექციაზე და ამის შემდეგ გადაწყდება შემდგომი ტაქტიკა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2236-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 75 465-მდე გაიზარდა. დღემდე გამოჯანმრთელებულია კორონავირუსით დაინფიცირებული 18 345 პაციენტი.
კომენტარები