ჩვენს ცენტრში მყოფი სამი მძიმე პაციენტის დინამიკა გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი ორის მდგომარეობა დინამიკურად გაუმჯობესებულია – სუბიექტური, რადიოლოგიური და კლინიკური მონაცემებითაც, რაც პროგნოზის კეთილსაიმედოობაზე მიანიშნებს – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი უკვე არსებულ, დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება. ერთი საკარანტინო სივრციდანაა, თუმცა მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთია სატვირთო მანქანის მძღოლი, დანაჩენი ორი – უკვე არსებულ, დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოუყვანიათ. გვყავდა 34 პაციენტი, მათგან ორი გამოჯანმრთელდა და დატოვეს ჩვენი კლინიკა. ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს ჩვენთან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 16 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები