სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:
“თავის დროზე, ინტერნეტის არსებობასაც აპროტესტებდნენ რელიგიური არგუმენტაციით. თუმცა, დღეს სწორედ ინტერნეტის რესურსს იყენებენ აქტიურად ქრისტეს სახელით არ აცრის ვითომდა შეფარული აგიტაციისათვის, ამ მიზნით ადამიანების დამუნათებისა და ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმის დანერგვისათვის. ზუსტად ამ სივრცეს იყენებენ წარმატებით იმისათვის, რომ რწმენაზე აპელირებით მიაღწიონ ადმიანების ინფორმაციულ სიმწირეს და ამ გზით ხალხზე ზეგავლენა შეინარჩუნონ.
რაკი ღმერთმა ადამიანი თავის ხატებად შექმნა (ეს ყველაზე დიდი შემოქმედებაა და ამიტომაც მოიხსენიება ღმერთი შემოქმედად), შესაბამისად, ადამიანი თავისუფალი და მოაზროვნეა. ღმერთმა შექმნის მერე შემდგომი აზროვნება ადამიანს გადაულოცა იმიტომ, რომ ის თავისუფალ სუბიექტად გააჩინა. თავისუფლება კი აზროვნებისა და განვითარების გარეშე არ არსებობს. თავისუფლებისა და აზროვნების შესაძლებლობით, ღმერთმა სწორედაც რომ კერპთაყვანისმცემელ მონებად ყოფნისგან დაგვიცვა. ღმერთის მიერ შექმნილი თავისუფალი (აზროვნების გარეშე რომ არ გამოდის) ადამიანი ცოცხალი ორგანიზმია, ვითარდება და ცივილიზაციას ქმნის. და ვინც რწმენის ორთოდოქსული (ამ სიტყვის უკიდურესად უარესი) გაგებით სპეკულირებს, რწმენის მოტივით არც ისინი ჩარჩენილან ქრისტეს ხანაში; ისინიც მისდევენ ამ ცივილიზაციას და თავისუფლად სარგებლობენ განვითარების შედეგად შექმნილი სერვისებით, ვისაც შეუძლია, ლაქშერი ბრენდებითაც.
მოკლედ, რელიგია არ არის ცივილიზაციის მოსათვინიერებელი მექანიზმი და ქრისტესგან პირჯვრის წერაზე მეტიც ვისწავლოთ. რაკი ადამიანად ყოფნის ამბიციას შევუდექით, ჩვენი ფუნქციაც შევასრულოთ – ვიმოქმედოთ, როგორც ცოცხალმა მოაზროვნემ და თავისუფალმა სუბიექტმა, რადგანაც უმოქმედობა მონის მდგომარეობაა. ესეთია არა „ჩემი ქრისტე“, არამედ ქრისტესა და ქრისტიანობის მოკვდავთა დიდი ნაწილის ყოფიერი და არა მეცნიერული გაგება. ქრისტეს იდეოლოგიურ თუ პრაგმატულ დანაწილებასაც ნუ შევმატებთ ჩვენს ცოდვებს.
ყოველდღე ათეულობით სიცოცხლეს ვკარგავთ. დღესაც დაღუპულა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი. ღმერთის ნაბოძებ სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ, რეალიზაციისთვის თავისუფალ მოაზროვნე ადამიანებად რომ შეგვქმნა (და ამიტომაც ბევრი რომ გვაქვს მოსასწრები) და არა კერპთაყვანისმცემელ მონებად. და თუ ადამიანი ღმერთის ქმნილებაა, არ შეიძლება საზოგადოება და საერთოდ კაცობრიობა ადამიანის ბედნიერებისაგან განყენებული იყოს, ადამიანი რელიგიაშიც და სახელმწიფოს ფილოსოფიაშიც საწყისია ყველაფრის არსობისა და სიცოცხლისა. ამიტომ, ავიცრათ და გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, რომ გადავრჩეთ ღმერთის რწმენის შენარჩუნებისა და მისი ქმნილების ურღვევობისათვის.
კომენტარები