ჯეკპოტის მფლობელი, რომლის ბილეთმაც 1 182 454 ლარი მოიგო ცნობილია. გამარჯვებული 39 წლის გიორგი კვაჭაძეა. ის ბათუმში, თამარის დასახლებაში. ე.წ. „იმედის ქალაქში“ ცხოვრობს.
კიდევ ერთ ქართველ მილიონერთან „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი კვაჭაძემ ჩვენთან საუბრისას დეტალურად გაიხსენა პირველი ემოცია და განგვიცხადა, რომ ლოტოს თითქმის ყოველ კვირას თამაშობს. თუმცა აქამდე სოლიდური თანხა არ მოუგია.
„შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მოვიგე. ეგონათ მხოლოდ 4 ციფრი დაემთხვა. სალაროში, რომ მივედი მოგებული 2400 ლარი მეგონა. ჯეკპოტის შესახებ იქ, სალაროში გავიგე. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს სიხარული რამენაირად, ღიმილით უნდა გადამეტანა“ – ამბობს 39 წლის მილიონერი.
გიორგი კვაჭაძეს მეუღლე და 2 შვილი ჰყავს. ის პროფესიით ხელოსანია, თუმცა რა საქმიანობას გააგრძელებს მომავალში ჯერ არ იცის.
„ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვარ. სიზმარში მგონია თავი, ეს დღეები არ მძინავს. ხუთი კილო დავიკელი უკვე“ – უთხრა „პრაიმტაიმს“ გიორგიმ და ლოტოს ციფრების შერჩევის „საიდუმლოც“ გაგვანდო.
„მოგებული ციფრები მამასთან ერთად შევარჩიე. სამი მე, სამი მამამ. ბევრი არ გვიფიქრია, რაც პირველი გაგვახსენდა ის ჩავწერეთ,“- უყვება „პრაიმტაიმს“ გიორგი კვაჭაძე. კითხვაზე, რას გააკეთებს პირველად მოგებული თანხით, ამბობს, რომ ფულს ბავშვების განათლებაში ჩადებს და მათ ტელეფონებსაც აუცილებლად უყიდის.
„მოგებული თანხით ყველაფერს გავაკეთებ ოჯახისთვის. ორი შვილი მყავს. მე-9 და მე-8 კლასის მოსწავლეები. უფრო მეტი თანხა სჭირდებათ, ფულს მათ განათლებაშიც დავხარჯავ. ბავშვებს ახალ, კარგ ტელეფონს ვუყიდი“.
მილიონის მოგებამდე ერთი კვირით ადრე 100 ლარი მოიგო. მილიონერი ამბობს, რომ მომავალში ლოტოს თამაშს აუცილებლად გააგრძელებს.
პრაიმტაიმი
კომენტარები