ლევან ჯავახიშვილი, ალია
„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ადვოკატი ვალერი გელბახიანი.
– ბატონო ვალერი, ცსკო–ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა და როგორ ფიქრობთ, ამას მოჰყვება პროცესის გაღრმავება, ცსკო–ს რეფორმირება და საბოლოოდ, ნორმალური და ობიექტური საარჩევნო სისტემის მიღება?
– არა, მაგას „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს, მაგ ბერკეტს ხელიდან არ გაუშვებს. მაგით არის ხელისუფლებაში და მაგით ცოცხლობს პოლიტიკურად. ეგ ბერკეტი ხელიდან რომ გაუშვან, მაშინ უნდა წავიდნენ სახლში ან ციხეში. შესაძლოა, რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები განახორციელონ, მაგრამ თავიანთ საზარალოდ არაფერს შეცვლიან. ცსკო მაინც დარჩება სუს–ის კონტროლის ქვეშ. რეალური რეფორმა არ განხორციელდება, ვითომ ოპოზიციას რაღაც დაუთმეს, მაგრამ ბოლოს იმ ოპოზიციის ხმებსაც ეგენი წაიღებენ, როგორც არაერთხელ უქნიათ ეს. თამარ ჟვანიას გადადგომა, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სვლა, რომ ჩაეთვალოთ, თითქოს ოპოზიციას ეს მოთხოვნა შეუსრულეს. ამით, რეალურად არაფერი იცვლება. ერთ ჟვანიას მეორე ჟვანია შესცვლის. ცსკო–ში საკონტროლო პაკეტიც „ოცნებას“ აქვს, საარჩევნო კომისიებში სხვებზე ბევრად მეტი ხალხი ჰყავს და არც აპირებს ამის დათმობას. ოპოზიციის ერთი ნაწილის განცხადება, რომ გაწიკწინებული, კარგი და დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი მიიღეს, ტყუილია. მოვა არჩევნები და ვნახავთ, რა გაწიკწიკებული კოდექსიც არის. ამრიგად, რაღაც თამაში აქვს ოპოზიციის ერთ ნაწილს ხელისუფლებასთან, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება – ლეგიტიმურად გამოცხადდეს გაყალბებული არჩევნების შედეგები.
– მოძველებული ამბავია, მაგრამ მაინც აქტუალური. გიორგი გახარია და მიშა სააკაშვილი, ვაშინგტონში, ერთ სასტუმროში მოხვდნენ. ეს შემთხვევითობა იყო თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?
– ამ შემთხვევაში, ერთი ორგანიზატორი ჰყავდა ამ საქმეს. ორივენი მიიწვია ამერიკულმა მხარემ. ამერიკამ გაიღო მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯები და ის სასტუმროც მათ დაუჯავშნეს ორივეს. ასე მოხვდნენ ერთ სასტუმროში. ეს არ იყო შემთხვევითობა. თუმცა, შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს სააკაშვილი და გახარია, ეს არ ვიცი. ამერიკელების ტაქტიკა არის ყოველთვის კონსტრუქციული, ბალანსის დაცვაზე აგებული და ამ პოლიტიკას აწარმოებენ საქართველოშიც. ისინი ფიქრობენ, თუ სააკაშვილი რადიკალია, გახარია კონსტრუქციული ტიპია და ის შემაკავებელი ფაქტორი ექნება ქართულ პოლიტიკაში. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ დაპირისპირებული მხარეები არიან და შუაში უნდა იდგეს გიორგი გახარია, გამაწონასწორებელი ძალა. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ აქ რაღაც ინტრიგაა. ეს ამერიკული სტილი და მეთოდია სტაბილურობის შესაქმნელად. ვნახოთ, როგორ წარიმართება ამერიკელების ეს სტაბილიზაციის გეგმა საქართველოში.
– ბოლო სოციალური კვლევებით, გიორგი გახარია პოლიტიკოსთა შორის პირველ ადგილზე იყო. რას იტყვით გახარიას პარტიის შანსებზე ადგილობრივ არჩევნებზე? წაიღებს „ქართული ოცნების“ ხმებს, რასაც ხალხის უმეტესობა ვარაუდობს?
– გახარია წაიღებს სწორედ „ქართული ოცნების“ ხმებს. ოპოზიციის ხმებს ვერ წაიღებს. ამიტომ ეშინია „ქართულ ოცნებას“ გახარიასი და ათას სისულელეს აბრალებენ, მასზე თავდასხმები გრძელდება. გახარიას საკუთარი ცოდვები აქვს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას აიკიდა, მაგრამ რასაც „ქართული ოცნება“ ჭორებს უვრცელებს, ისინი გახარიას ვერაფერს დააკლებს, რადგან სიცრუეა და აბსოლუტური სისულელეა. მე ვფიქრობ, გახარია მინიმუმ 10 პროცენტს აიღებს ადგილობრივ არჩევნებში, თბილისში კი – 10 პროცენტზე მეტსაც.
– „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალებებას შეეცდება და კიდევაც მოახერხებს ამას, ეს არაერთხელ გაუკეთებია. ადმინისტრაციული რესურსი მის ხელშია, დიდი ფულიც და თქვენი თქმით, არც ცსკო–ს დათმობს. ასეთ პირობებში, თუ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს, შეძლებს რაიმე ნორმალური შედეგის მიღწევას? სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას? იმ 43%–ზე აღარაფერს ვამბობ, რომელიც თუ ოპოზიციამ აიღო, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.
– დანარჩენი ოპოზიცია კმაყოფილი იქნება იმით, რამდენ მანდატსაც მიიღებს. სამწუხაროდ, არ არის გაცნობიერებული ამოცანა მთლიანობაში. ყველა ოპოზიციურ ძალას აქვს ცალკე აღებული ამბიცია და ეს ამბიციები ღუპავს ქვეყანას. გათიშულობა, შუღლი, ერთიანობის ჩაშლა – ეს ჩვენთვის დამახასიათებელია, ყოველთვის იყო და დღესაც არის.
– „ქართული ოცნება“ რამდენ პროცენტს აიღებს?
– მე მგონი, გააყალბებენ და 43%–ზე მეტს დაიწერენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს თავი აარიდონ.
– ეს არ გამოიწვევს ხალხში დიდ პროტესტს? არ გამოიწვევს, თუნდაც, რევოლუციურ პროცესებს? ამ გაყალბებასაც აპატიებენ „ქართულ ოცნებას“?
– ხალხი არ გამოვა გარეთ, ვიდრე ასეთი დაქსაქსულია ოპოზიცია. ეს კი ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“. ხალხის გამოყვანა შეუძლია გაერთიანებული ოპოზიციურ ძალებს, მათ ლიდერებს, მაგრამ არ ერთიანდებიან. ბოლოს კი იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 43%–ს და მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, როგორც უწევს.
კომენტარები