მწერალი, ალეკო შუღლაძე:
ასე მასწავლიდნენ, რომ რაც უფრო იზრდება სულიერი პრაქტიკის ხარისხი (წმინდა წერილების კითხვა, ლექციების მოსმენა, მედიტაცია, მანტრას გამეორება, ტაძრების შემოვლა, მსახურება და ა.შ.), მით უფრო კლებულობს მიწიერი მოთხოვნილებები და სიამოვნებები…
აი, ჩემს შემთხვევაში, სულიერ პრაქტიკის ზრდასთან ერთად, მიწიერი გრძნობები უფრო გამიმძაფრდა და გონებაში წარსულის სიტკბოებებმა იწყეს ამოყვინთვა. ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში (ბევრი მიზეზის გამო) მატერიალური სურვილების დაკმაყოფილების შანსი ნულის ტოლია და ამ გრძნობებმა მხოლოდ ცნობიერებაში იწყეს ცხოვრება. ანუ ძველი სიყვარულები და დროსტარება უძლიერეს წინააღმდეგობას უწევს ღვთისმოსაობას, და თან ორივე პარალელურად არსებობს ჩემს ცნობიერებაში. ანუ ვინც მყვარებიხართ, ვისთან დრო მიტარებია, მიცინია, მიხუმრია, მიმოგზაურია და ა.შ. ყველანი ისევ ჩემს გონებაში ხართ, სიზმრებშიც კი გნახულობთ, ხანდახან უცნაურ მდგომარეობებშიც… ახლა ვეჭვობ, რომ თქვენი თავიდან მოცილება საერთოდ შესაძლებელია. ერთს შუაღამისას დავურეკე, 3 წელი არ მინახავს და ამ წამს დავამთავრე შენთან ერთად სიზმარში ყოფნა-მეთქი და ალეკო, შენ ხარო და ჰო, მე ვარ-მეთქი და სხვაგან მოხვდითო.აქ ორი ვარიანტია: ეს ან გამოცდაა (რით ვერ დამთავრდა ეს ჩემი გამოცდა, ხომ ხედავენ, ვერ ვაბარებ), ან კრიშნა დამცინის (არაფერი დამიშავებია, ერთხელ პირობა დავდე: ამას და ამას გავაკეთებ-მეთქი და დამავიწყდა… პირობა დამავიწყდა, ერთი თვის მერე გამახსენდა).ვიცი ასე არ უნდა იყოს, ეს არასწორია, მაგრამ კარგად ვარ. არასწორად კარგად ვარ, ეს ორი პოლუსი თავში საოცარია. თან მგონი სირცხვილის გრძნობაც მიქრება. თუ ასე გაგრძელდა, ეს ორმაგი ტრანსცენდენტური ექსპოზიცია მომავალი რომანის ფაბულა იქნება, თუ გინდათ მომპარეთ, მაგრამ თუ ვერ განიცდით, ვერ დაწერთ.
იქნებ, კარგად მაშინ ვართ, როცა „არასწორად“ ვართ?
კომენტარები