ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. გამარჯობათ მეგობრებო, დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები, სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უარგისი მამა…. რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ სადაც არ გეხებათ, ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას, მინდა შევახსენო მთავრობას ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, (თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს).”
ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით თბილისში დააკავა.
შსს ლაზარე გრიგორიადისს ედავება 7-8-9 მარტის პროტესტისას პოლიციის თანამშრომლებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. უწყების თანახმად, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ს კუთვნილ ავტომობილს.
შსს-ს შესაბამის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის სახდელდადებული და ოჯახური დანაშაულისათვის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ნივთის დაზიანება ან განადგურება) პასუხისგებაშია მიცემული. სახელისუფლებო მედია ამბობს, რომ მან მამამისზე იძალადა.
ლაზარეს ბაბუა, ნეტგაზეთთან ამბობს:
“პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილი ეხება 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ცესკოსთან” გამართულ აქციას, რომლის დროსაც წყლის ჭავლი გამოიყენეს მომიტინგეთა წინააღმდეგ.
მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში. გაშორებულები არიან ჩემი შვილი და მამამისი. პირიქით, ის მოგვივარდა სახლში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… გვლანძღავდა, გვაგინებდა. ერთხელაც კარი გაუღო, შეტაკება მოხდა და დაჭრა მამამისი.”
კომენტარები