“ჩვენი ტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს მიმართავს. შესაბამისი სატელეფონო ჩანაწერი “კიბერ კმარამ” გაავრცელა. სატელეფონო ჩანაწერი, სავარაუდოდ, 2022 წლის 15 მარტს არის გაკეთებული.
“ზურაბ აბაშიძე: – ალო
გრიგორი კარასინი: – ზურაბ ირაკლიევიჩ, გამარჯობა.
ზ.ა.: – გამარჯობა. თავს როგორ გრძნობ?
გ.კ.: – ნორმალურად. ვმუშაობ. ახლა ოფისში ვარ. მისმინე, შენი რჩევა მჭირდება. როგორც იცი, სიტუაცია რთულია. ჩვენი ტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლება და სახმელეთო საგზაო კავშირებიც აღდგეს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ამ საკითხების წამოწევა და განხილვა ჯერ ნაადრევია. ვცდები?
ზ.ა.: – არა, არა, მართალი ხარ. აბსოლუტურად მართალი.
გ.კ.: – საჭიროა, რომ ცოტა მოვიცადოთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება.
ზ.ა.: – დიახ, დიახ.
გ.კ.: – წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კარგ წამოწყებებს დასაწყისშივე დავმარხავთ.
ზ.ა: – ჰო, ჩვენ ახლა აქ სამართებლის პირზე დავდივართ.
გ.კ.: – ჰო, ესე იგი, ჩვენ ამ საკითხში ვთანხმდებით.
ზ.ა.: – დიახ, დიახ, სჯობს ცოტა მოვიცადოთ.
გ.კ.: – კარგი, ზურაბ ირაკლიევიჩ, თავს გაუფრთხილდი და ოჯახს მოკითხვა გადაეცი.
ზ.ა.: – ასევე, ასევე.
გ.კ.: – კარგად, გეხუტები”, – ისმის ჩანაწერში, რომელიც 2022 წლის 15 მარტით თარიღდება.
[სტილი დაცულია]
რუსეთმა საქართველოსთან ავიაფრენები მიმდინარე წლის მაისში აღადგინა. ჯერ კიდევ 10 მაისს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ BMG-თან განაცხადა, რომ ავიარეისების აღდგენაზე რუსეთთან კომუნიკაცია ქართულ მხარეს არ ჰქონია.
“ამ თემაზე ორმხრივი კონსულტაციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ეს რუსეთის მხარის გადაწყვეტილებაა, დანარჩენი კომენტარები შემდგომში გაკეთდება”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
კომენტარები