51 წლის ირაკლი ხახუბიას სიკვდილმა ყველას გაახსენა 5 წლის წინ მომხდარი ტრაგედია – 2017 წლის მაისში, „ოცნების“ დეპუტატის შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია პოლიციის ცუდად დაგეგმილ ოპერაციას ემსხვერპლა.
„ალიას“ არქივიდან გთავაზობთ 2017 წლის მაისში, ტრაგედიის მეორე დღეს მომზადებულ მასალას.
ლაურა აბრამია
17 მაისს, დილის 5 საათზე გორის ავტობანზე ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია. გავრცელებული ინფორმაციით, ის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, შეეწყვიტა მოძრაობა, მასზე განხორციელდა დევნა და შედეგი ტრაგიკულად დამთავრდა.
მოგვიანებით, მომხდარის დეტალები გახმაურდა, ტყუილ-მართალი და გადაუმოწმებელი ვერსიები აირია ერთმანეთში… ერთნი იმასაც ამბობდნენ, აბა, რა უნდა ექნა პოლიციელს, თუკი მძღოლი არ დაემორჩილა? ხომ შეიძლებოდა, სხვა ავარიული სიტუაციები წარმოექმნა, რომ ტრაილერით გზის ჩახერგვა აპრობირებული მეთოდია. აი, მაგალითად, ამერიკაში ჰაივეის ტიპის მაგისტრალებზე, ასე აჩერებენ დაუმორჩილებელ მძღოლებსო. მეტიც, ამ დროს პოლიციას იარაღის გამოყენების უფლებაც აქვსო და ა.შ. ჯერ ერთი, ჰაივეის ტიპის უკიდეგანო მაგისტრალები ჩვენთან არ არის და მეორე, გადარჩენის მინიმალურ შანსსაც არ უტოვებენ იგივე ამერიკაში ამ დროს ადამიანს? იმ ტიპის გზა იძლევა საშუალებას, მძღოლმა დამუხრუჭება მოასწროს, თუ მას თვითმკვლელობა არ აქვს გადაწყვეტილი. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდოა, რომ შუქიდან სიბნელეში გასულმა ბექა ხახუბიამ ვერ დაინახა წინაღობა და მას არ მიეცა საშუალება, მანქანა დაემუხრუჭებინა. საპატრულო პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ყოფილი პოლიციელებიც. როგორც დადგინდა საქმე პროკურატურას გადაეცა.
„ალია„ შეეცადა, სხვადასხვა სანდო გზებით დაედგინა, რა როგორ მოხდა. ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, ბექა ხახუბია იყო არა უგონოდ მთვრალი, არამედ ნასვამ მდგომარეობაში. ეს არ ცვლის დანაშაულის სიმძიმეს, დაემორჩილო საპატრულო პოლიციის მითითებას, მაგრამ ბიჭი ადეკვატური იყო და აშკარად შეშინდა და დაიბნაო, ამბობს ოჯახის ახლობელი.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ ღამეს დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ თავად აცნობა საპატრულო პოლიციას, რომ ავტობანზე მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას და სთხოვა მათ, შეეჩერებინათ იგი… „ალიას“ კი სრულიად საპირისპირო ინფორმაცია აქვს ამაზე. აი, რას გვიყვება დაღუპული ბექა ხახუბიას ოჯახის ერთ-ერთი ნათესავი:
_ რა გითხრათ, ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია, ბიჭი ჯერ დასაფლავებულიც არაა (ბექა ხახუბიას სამშაბათს დაკრძალავენ. _ ავტ.), მესმის, რომ საზოგადოება შეწუხებულია მომხდარით, მაგრამ ამდენი არასწორი ვერსია რა საჭიროა… პროკურატურა იძიებს საქმეს, ვნახოთ, საბოლოოდ რას დაადგენს. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებები უპასუხისმგებლო და გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ავრცელებენ, ეს ოჯახისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, პირდაპირ გეტყვით, ჩაიაროს ამ მძიმე დღეებმა და ყველაფერს გაეცემა პასუხი.
_ გასაგებია, რომ მძიმეა დეტალებზე საუბარი, მაგრამ, თქვენი ინფორმაციით, როგორ განვითარდა მოვლენები ტრაგედიამდე? რა მოხდა რეალურად?
_ როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ბექა მეუღლესთან ერთად წინა, ანუ 16 მაისის საღამოს რუსთავში ყოფილა დაბადების დღეზე, როცა იქიდან ბრუნდებოდნენ დედამისის `ემელის~ ჯიპით, საპატრულო პოლიციას გაუჩერებია, ნასვამობის დადგენის შემდგომ მისთვის გამოუწერიათ 700-ლარიანი ჯარიმა. როცა თბილისისკენ წამოსულან, ბექას მეუღლე დაუსვამს საჭესთან, სულ ცოტა მანძილზე მომდევნო ეკიპაჟს გაუჩერებია ხელახლა, ბექას ცოლისთვის მიუმართავთ უხეშად, გადმოდით მანქანიდანო, რასაც ბექას გაღიზიანება მოჰყოლია და მოსვლია პატრულთან ხმამაღალი შელაპარაკება და გაწევ-გამოწევა. ამის გამო ის ე.წ. კაპეზეზე გადაუყვანიათ. არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ეს ამბავი ბექას მამის ძმაკაცისთვის უცნობებიათ და ის დახმარებია, რომ `კაპეზედან~ გადაეყვანა სახლში. მოკლედ, სახლში მიუცილებიათ ბექა, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ნუ ამტკიცებენ იმას, რაც არ იციან! ბექას, როგორც ვიცი, მამის მეგობრისთვის უთხოვია, რომ ირაკლის არ გაეგო მომხდარის შესახებ. მე როგორც ვიცი და სანათესაოშიც ყველა ამბობს, რომ ტყუილია ინფორმაცია იმაზე, რომ თვით ირაკლი ხახუბიამ დაურეკა საპატრულო პოლიციას, მან არაფერი იცოდა, ის და მისი მეუღლე, ქალბატონი მაკა იმ ავბედით დღეს ფოთში იმყოფებოდნენ. მე ასეთი სიახლოვე არ მქონდა ბექასთან, მაგრამ შორიდან ვიცი და ყველამ იცის, რომ კარგი შვილი იყო და მამის დიდი მორიდება და ხათრი ჰქონდა. მამამისს რომ მისთვის დაერეკა და ეთხოვა, გაჩერებულიყო, გაჩერდებოდა. ასე რომ, ტყუილია ის, რომ ირაკლიმ იცოდა, რაც ხდებოდა და ჩართული იყო ამბავში… და არ შეიძლება ასე ლაპარაკი…
_ და როგორ აღმოჩნდა ბექა გამთენიისას ავტობანზე?
_ სახლში მისვლის შემდეგ ეს ბიჭი ისე ყოფილა გაღიზიანებული და არეული, რომ უკვე თავისი, `ბმვ~-ს მარკის მანქანის გასაღები ჩუმად მოუპარავს და ნასვამი წასულა დასავლეთის მიმართულებით, ანუ ფოთში. გორის საპატრულოს ჰყავს, როგორც ჩანს, დაფიქსირებული სწრაფად მოძრავი მისი მანქანა და ადევნებია მოთხოვნით, შეეჩერებინა მოძრაობა, როცა ბექა არ დამორჩილებია, აქ უკვე სხვა ეკიპაჟებიც ჩართულან, როგორც თქვეს, 11 ეკიპაჟი მისდევდა ბექას მანქანას, არ ვიცი, ამ დროს რა უფრო ალტერნატიული უნდა მოეფიქრებინათ, მაგრამ ამან უფრო დააბნია და შეაშინა ეს ბიჭი, მგონია. კი, უნდა დაეკავებინათ, ის კანონს არღვევდა, საფრთხეს უქმნიდა, ვთქვათ, სხვას, მაგრამ მას ისეთი წინაღობა დაახვედრეს, სადაც ვერავინ გადარჩებოდა. მიმძიმს ამაზე საუბარი, კაცს შვილი მოუკლეს, დიახ, ეს მკვლელობაა! თან მიცვალებული საშინელ მდგომარეობაშია, დასახიჩრებული… გადარჩენის ერთი პროცენტიც არ დაუტოვეს? რატომ? ახლა რამდენ რამეს ამბობენ, პოლიტიკასაც კი უკავშირებს ზოგი… ირაკლი ხახუბიას ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. მიზანმიმართულად, არა მგონია, რა სისულელეა, მაგრამ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, სასტიკი და არაპროფესიონალური მეთოდით, ხომ დაღუპეს ოჯახი? რაც არ უნდა გამოიძიონ, ამ ტრაგედიას ეშველება რამე? გამწარებულები არიანო და ყველაფერს იტყვიანო, იფიქრებს ხალხი, მაგრამ მე მეტს გეტყვით, ეს ტრაილერის მძღოლი, რომელიც დიდი გზიდან მოდიოდა, ალბათ, და რომელსაც თურმე ეძინა, ხომ გააღვიძეს და გამოიყენეს ვითომ შესაჩერებლად, ამის გარდა, ევაკუატორი მოძრაობდა თურმე იმ მონაკვეთში, სენაკელი კაცი ყოფილა, ვინმე პაპავა, უთქვამს, რომ იარაღის მუქარით გადმომაგდეს მანქანიდან და ჩამაყენებინეს მეცო ევაკუატორი დაუმორჩილებელი მძღოლის შესაჩერებლად, იმ კაცს ხელები აუწევია, მე რა შუაში ვარ, ყველაფერს ვიტყვი, რა როგორ მოხდაო.
_ ხომ არ იცით, იმ საშინელი ტრაგედიის ღამეს ჰქონდა ბექას სატელეფონო კონტაქტი ოჯახის წევრებთან?
_ როგორც გავიგე, დედამისის ძმასთან ვალერისთან უსაუბრია რამდენჯერმე, ბიძა სთხოვდა თურმე, რომ დამორჩილებოდა პატრულს და გაეჩერებინა მანქანა, ბექა ამაზე უარით პასუხობდა თურმე. ხაშურთან, არ ვიცი, შეიძლება მას საპატრულო მანქანებით გადაუკეტეს გზა, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გზა რომ გადაკეტილი დახვედრია, მანქანა მოუტრიალებია და ისევ თბილისისკენ წამოსულა, ბოლოს მეუღლესთან უსაუბრია, უთქვამს, რომ `წითელი~ აენთო და ბენზინი უთავდებოდა, ნეტა ტრაილერთან მიახლოებამდე დამთავრებულიყო ის ბენზინი, ენით ვერ გადმოსცემ, რა ცოდვა ტრიალებს ამ ოჯახში დღეს…
როგორც ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, ბექა ხახუბაიას დევნაში გორის, ქარელის, ხაშურის, ასევე, კასპის საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ ჩართული…
21 წლის ბექა ხახუბიას დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი…
შეგახსნებთ, ხახუბიას საქმეზე, მოსამართლე ნიკა მარსაგიშვილმა ერთ პოლიციელს – ზურაბ რუსიშვილს 2 წელი და 6 თვე, ხოლო გია სადაღაშვილს 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო ნუკრი ხაბელაშვილს ბრალდება მოეხსნა.
კომენტარები