პოლიტიკოსი, ელენე თევდორაძე “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
სახელისუფლებო არხებს რომ ვუყურებ, ყველაფერი კარგად არის, როდესაც ვუყურებ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიებს, მაშინ მგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა. ეს თრგუნავს საზოგადოებას. ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირება ყოველთვის მწვავე იყო, მაგრამ ასეთი არ მახსოვს. არადა, ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარეთ – თავდასხმა შევარდნაძეზე, “მხედრიონი”, საშინელი სიტუაციები ციხეებში… უამრავი უსამართლობა ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაც კეთდებოდა, ახლა კი რატომ არის ასეთი დაპირისპირება? წესით, თითქოს ორივე მხარეს სიმართლე სჭირდება, ხომ შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს?
დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. მამამისი, გიორგი კობახიძე, კარგად მახსოვს. მას დიდ პატივს ვცემდი, ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერი იყო, ზურაბ ჟვანიას პირველი მოადგილე. როდესაც პარლამენტში კანონებს განვიხილავდით, ძალიან კრიტიკული იყო, მაგრამ არასოდეს ყოფილა ბოღმით სავსე ადამიანი, ამის გამო ვცემდი პატივს და ვიცი, მეც მცემდა პატივს. როცა მე გამოვდიოდი ტრიბუნაზე, როგორც სიმართლის მთქმელს თავს მესხმოდნენ “მოქალაქეთა კავშირის” წევრები და გია კობახიძე ყოველთვის მიცავდა. ეს მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ შეიძლება იყო კრიტიკული, მაგრამ საქმიანად, და არ გადახვიდე ლანძღვა-გინებაზე. მისი შვილი ჭკვიანი, ნიჭიერი და განათლებულია, მაგრამ ხასიათით არ ჰგავს მამას.
ამდენი გინება, ტელევიზიით რომ ისმის, ჩემთვის გაუგებარია. მართლა მეშინია იმ ახალგაზრდების, რომელთაც აქტივისტებს ეძახიან. შეიძლება პოზიცია გამოხატო, მაგრამ ხომ არ შეიძლება ასე იგინებოდე? ამ აქტივისტებში ვხედავ ყოფილ პროკურორებს, ყოფილ პოლიციელებს, რომლებთანაც ადრე დაპირისპირება მქონდა იმის გამო, რომ უსამართლოდ იქცეოდნენ, ახლა გამოდიან და თავიანთ კოლეგებთან, პოლიციასთან აქვთ დაპირისპირება.
ბოლო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ხმა არც ერთი პარტიისთვის არ მიმიცია, რადგან ვერ გამოვნახე ისეთი, რომელსაც ხმას მივცემდი.
წყარო – კვირის პალიტრა
კომენტარები