პოეტი პაატა შამუგია:
“სანამ თავს არ მოიკლავს ვინმე, მანამ არავის ახსოვს დევნილები.
არაა გასაკვირი, რომ დევნილები ცხოვრობენ ყველაზე ცუდ შენობებში, რომლებიც არის ავარიული და თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ ამ საცხოვრებელს უწოდო გეტო. ყოველ შემთხვევაში, ბაგების, ვაკის, საბურთალოს და თემქის საცხოვრებლები ასეთია.
დევნილების უმეტესობა ცხოვრობს მკაცრი რეჟიმის ციხის პირობებში: 10-დან 20 კვადრატულ მეტრამდე “სახლში”, სადაც (თუ ოჯახში რამდენიმე წევრია) ე.წ. კოიკები ანუ სართულებად შეკოწიწებული ლოგინები კეთდება და კოიკიდან კოიკაზე გადარბიან ბავშვები, როცა გართობა უნდებათ, რადგან “სახლში” მაინცდამაინც დიდი სივრცე არ არის დარჩენილი სარბენად. დევნილების დიდი ნაწილი შრომობს ქვედაბალანაზღაურებად სამსახურებში (მაგალითად, უამრავი ოჯახი ვიცი, რომელთა ჯამური შემოსავალი 300-500 ლარია, რაც ოჯახის კი არა, ერთი ადამიანის სარჩენადაც არ კმარა).
ხელისუფლებას არჩევნებზე დევნილები ოპერატიულად უყვარდება. იმდენად, რომ, მაგალითად, ბაგების სტუდქალაქში ევრორემონტი გააკეთეს საარჩევნოდ. ოღონდ მხოლოდ ის სივრცე გაარემონტეს, სადაც საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი. ირაკლი კობახიძეა ჩვენი უბნელი და ეგ რომ მოვიდოდა, მერე ტელევიზიებიც იქნებოდა და ალბათ, არ იქნებოდა რეალობის ჩვენება სასურველი. რეალობა კი იწყება ამ გაზიზინებული საარჩევნო უბნის სივრციდან (ახლანდელი საბავშვო ბაღიდან) გამოსვლისთანავე, სადაც ეგრევე ეჩეხები დაბზარულ კედლებს, ჩამოშლილ ჭერს, დანგრეულ კიბეებს და ლიფტს (თანაც ორს), ეს ორივე ლიფტი ხანდახან მუშაობს კიდეც.
დევნილებს საკუთარი სახლ-კარი და აწყობილი ცხოვრება ჰქონდათ და არავის სახვეწარი არ სჭირთ. უბრალოდ, სახელმწიფოს ვალია, რომ ასეთი პირობები არ იყოს დევნილების საცხოვრებლებში.
ასე მარტივადაა ყველაფერი.”
კომენტარები