მეან-გინეკოლოგმა, კლინიკა „ალტრა ვიტას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ქალბატონმა ირინა კვიკვინიამ უამრავი ქალის ცხოვრება შეცვალა და მათ მთავარი ოცნების ასრულების – დედობის შანსი მისცა. „ალტრა ვიტა“ კვიკვინიების ოჯახური ბიზნესია, რასაც წლების წინ საფუძველი პროფესიის სიყვარულმა და კიდევ უფრო მეტი ადამიანების დახმარების სურვილმა ჩაუყარა.
ირინა კვიკვინია: ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა და სხვა პროფესიის დაუფლებას არც განვიხილავდი, ჩემი სტუდენტობა რთულ პერიოდს, საბჭოთა კავშირის დაშლას დაემთხვა. მშობლების გადაწვეტილებით წავედით მოსკოვში, იქ დავამთავრე უნივერსიტეტი, შევქმენი ოჯახი და იქ გაჩნდნენ ჩემი შვილები. დავამთავრე ინტერნატურა, შემდეგ ორდინატურა და ასპირანტურა, პარალელურად კი რამდენიმე კლინიკაში ვმუშაობდი.
– საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?
– ვარდების რევოლუციის დროს ჩემი მშობლები საქართველოში დაბრუნდნენ და რამდენიმე წლის შემდეგ მეც გადავწყვიტე ჩემს ოჯახთან ერთად წამოსვლა. როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მოსკოვში კლინიკის მთავარ ექიმს ვუთხარი, ძალიან გაუკვირდა – მე აქ განყოფილების გამგედ მჭირდები, შენ სად მიდიხარო. მაინც ჩამოვედი და დავიწყე სამსახურის ძებნა, რაც ძალიან რთული პროცესი აღმოჩნდა, სადაც მივიდოდი, ყველგან ერთი და იგივე მიდგომა მხვდებოდა – მოსკოვიდან ახალი ჩამოსულია და პაციენტები არ ეყოლებაო. ყველას პაციენტებიანი ექიმი სჭირდებოდა.
– საკუთარი კლინიკის გახსნის იდეა როდის გაჩნდა?
– ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში პირად ცხოვრებაშიც რთული პერიოდი მქონდა, სამსახურსაც ვერ ვპოულობდი, ამიტომ ისევ მოსკოვში წასვლას ვაპირებდი. მაშინ მამაჩემმა თქვა: არის შენობა, ორივე და აქ ხართ და გახსენით კლინიკაო. ჩემმა დამ ეკამ, ასევე, მოსკოვში დაამთავრა სამედიცინო და იურიდიული აკადემია. ეკამ მითხრა, რას ვკარგავთ, გავრისკოთო, ფინანსურად მამა გვედგა გვერდით. რემონტში დედა გვეხმარებოდა, დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საქმეებს ჩემი და უძღვებოდა და ასე ერთობლივი ძალებით დავიწყეთ ამ ყველაფრის შექმნა. არ ვიცოდი, რა როგორ გამეკეთებინა, სტანდარტები ვერ დავადგინე. საბოლოოდ დაპროექტებასთან დაკავშირებით ჩემი კურსელი დამეხმარა მოსკოვიდან. იმ პერიოდში მუხიანის ერთ-ერთ კლინიკაში დავიწყე მუშაობა, თან კლინიკას ვაშენებდი და პარალელურად ვმუშაობდი.
– საქართველოში პირველი ინსემინაცია ძალიან უცნაურ პირობებში გააკეთეთ.
– ამ ჩემმა მეგობარმა დაჟინებით მოითხოვა, რომ მე გამეკეთებინა, მაშინ, როდესაც ჯერ მხოლოდ შენობა გვქონდა კლინიკისთვის. დავიწყეთ ორსულებისთვის მომზადება. მივედით ლაბორატორიაში ქალბატონ ლიანა შალამბერიძესთან, რომელმაც დაამუშავა მამაკაცის ბიომასალა, მე ვურეკავდი ემბრიოლოგს მოსკოვში და ის ტელეფონით უხსნიდა ქალბატონ
ლიანას, როგორ უნდა დაემუშავებინა, გავაკეთეთ ინსემინაცია, პირველი ცდა არ გამოგვივიდა, მეორე ცდაზე მივიღეთ ტყუპები – გოგო და ბიჭი, რომელთა ნათლიაც გავხდი. ეს იყო ჩემი პირველი ინ ვიტრო, რომელიც ასე, საველე პირობებში გავაკეთე. ექიმისთვის ნდობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს ადამიანი მენდო და ყველაფერი გამოგვივიდა.
– კლინიკის სახელი „ალტრა ვიტა“ როგორ შეარჩიეთ?
– ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში როგორც პირადში, ისე კარიერაში ჩემთვის სხვა ცხოვრება დაიწყო და როდესაც კლინიკის სახელზე ვფიქრობდით, დედაჩემმა მომაწოდა იდეა, რომ სწორედ სხვა ცხოვრება დაგვერქმია, რაც ვთარგმნეთ ლათინურად და მივიღეთ ალტრა ვიტა, მოგვეწონა და დავარქვით. როდესაც „ალტრა ვიტა“ გავხსენით, იმ კლინიკიდან, რომელშიც ვმუშაობდი, ძალიან ბევრი კოლეგა გამომყვა, მე არავისთვის მითხოვია წამოსვლა და ჩემთვის ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.
– როგორ ეხმარებით უშვილო ქალბატონებს?
– პირველ რიგში, ვადგენთ უშვილობის მიზეზს და შემდეგ, შესაბამისად ვმკურნალობთ. მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს თუ დგება ორსულობა მკურნალობის შედეგად (ინ ვინტროს გარეშე), საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ინსემინაცია ერთადერთი პროცედურაა ინ ვიტროდან, რასაც მე ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მედიკამენტოზურ მკურნალობას ვახდენთ და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ჩემი მიზანი იყო, რომ ორსულს, რომელიც ამ კლინიკაში შემოვიდოდა სხვადასხვა სპეციალისტისთვის არ დასჭირვებოდა სხვადასხვა კლინიკაში სიარული, ამიტომ ყოველთვის მყავდა თითო მოწვეული სპეციალისტი ყველა მიმართულებიდან. ამ კლინიკას ბიზნესის თვალით არასდროს ვუყურებდი და არც ახლა ვუყურებ, ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვემსახურები. მამაჩემის დახმარებით ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა შემოვიტანეთ საქართველოში 4D ექოსკოპიის აპარატი. ჩვენი კლინიკა ცნობილი სპეციალისტებით არასდროს ყოფილა დაკომპლექტებული, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი საქმე და პაციენტების ნაკლებობას არასდროს ვუჩივით.
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– ჩვენმა პაციენტებმა იციან, რომ ჩვენი მთავარი დაინტერესება ფინანსები არ არის, ჩვენი მიზანია, გუნდური პრინციპით მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ მათ და თუ ისეთი მომსახურება სჭირდება ჩვენს პაციენტს, რისი გაწევაც ჩვენ არ შეგვიძლია, უპასუხოდ არავის ვუშვებთ, ბოლომდე ვაკვალიანებთ და ჩვენგან გასულებმა ზუსტად იციან, სად მიდიან. ერთი დიდი ოჯახი ვართ, თავიდან ბოლომდე პაციენტზე ორიენტირებული, ჩვენთვის მთავარია, მომავალ დედებს მაქსიმალური კომფორტი და დადებითი განწყობა შევუქმნათ.
– კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე არ გიფიქრიათ?
– ზუსტად ახლა ვფიქრობთ ამაზე და ვეძებთ შენობას. მინდა, გავაკეთო კარგი ამბულატორია. არ მინდა სტაციონარი ან სამშობიარო სახლი. ამ 9 წლის განმავლობაში მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება კიდევ ერთი სტაციონარი. მაქვს ჩემი ნიშა, სადაც მშვიდად ვმუშაობ. რატომაა პოლიკლინიკა მნიშვნელოვანი? როდესაც რაღაც გტკივა, პირველ რიგში, მიდიხარ
ოჯახის ექიმთან, პოლიკლინიკაში. ჩემი ოცნებაა, ასევე მქონდეს დედათა სკოლა, ვფიქრობ, ეს ძალიან სჭირდება თბილისს.
– რა მიმართულებებია წამყვანი თქვენს კლინიკაში?
– ორსულობის მართვა, გინეკოლოგიური პრობლემები – უშვილობა, სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, ექოსკოპიები, ასევე, გვყავს ძალიან კარგი რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, რადიოლოგები, თითქმის ყველა სპეციალისტი, რაც საჭიროა პირველადი დახმარებისთვის. გვყავს ბევრი უცხოენოვანი პაციენტი ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და ასე შემდეგ.
– შვილები გაგვაცანით, რომელიმე თქვენს პროფესიას ხომ არ გაჰყვა?
– ორი შვილი მყავს, უფროსი ბიჭი – თენგო ბეგიშვილი 25 წლისაა, ექიმობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, უნივერსიტეტი მოსკოვში დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით. სრულიად შემთხვევით შევავსე მისი მონაცემები ამერიკის მწვანე ბარათის მოსაპოვებელ გათამაშებაში და დადებითი პასუხი მიიღო. ამჟამად ამერიკაშია, ერთი წელი მშენებლობაზე მუშაობდა, სულ ახლახან ბანკის თანამშრომელი გახდა, ცდილობს, ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწიოს. ქალიშვილი – სოფო ბეგიშვილი 18 წლისაა. მან ექიმობა გადაწყვიტა, რაც ძალიან მახარებს.
კომენტარები