34 წლის სუპერმოდელი ირინა შეიკი პირველად საუბრობს მსახიობ ბრედლი კუპერთან დაშორებისა და მარტოხელა დედობის შესახებ. ირინა და ბრედლი ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ და ეს 2019 წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ამბად მიიჩნევა. ირინასა და ბრედლის ორი წლის გოგონა ლეა დე შეიკ კუპერი ჰყავთ, რომლის აღზრდაზეც პასუხისმგებლობებს თანაბრად ინაწილებენ.
წარმატებულმა მოდელმა კუპერთან დაშორებაზე პირველად ბრიტანული Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. „ვფიქრობ, ყველა კარგ ურთიერთობაში თავად შეგაქვს როგორც შენი საუკეთესო, ასევე ცუდი ნაწილი – ეს უბრალოდ ადამიანური ბუნებაა“.
„არ არის აუცილებელი ორმა შესანიშნავმა ადამიანმა კარგი წყვილი შექმნას“.
„ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან ბედნიერები უნდა ვიყოთ იმ გამოცდილების გამო, რომელიც ერთმანეთს მივეცით. ცხოვრება ბრედლის გარეშე, ეს ახალი ეტაპია,“ – ამბობს ირინა შეიკი.
ბრედლისა და ირინას ურთიერთობა საზოგადოების განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც კუპერმა ლედი გაგასთან ერთად ითამაშა ფილმში A Star Is Born. სხვადასხვა ყვითელი გამოცემები ბრედლისა და გაგას შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე წერდნენ, თუმცა თავად მსახიობი და მომღერალი ყოველივეს უარყოფდნენ და ინფორმაციას ჭორს უწოდებდნენ.
ბავშვის გამო ირინაც და ბრედლიც, მართალია ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც ერთ ქალაქში, ნიუ-იორკში ცხოვრობენ და ცდილობენ პატარა ლეაზე თანაბრად იზრუნონ.
ბრიტანული გამოცემის გარდა, ირინა შეიკი იაპონური Vogue-ის თებერვლის თვის ყდაზეც გამოჩნდა, რომელშიც ისლანდიის ბუნებაში გადაღებული, მოდელის ედიტორიალ ფოტოსესია დაიბეჭდა – „ისლანდიაზე შეყვარებული ირინა“.
regarder.ge
კომენტარები