ჟურნალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია:
„პატივცემულო საქართველოს მთავრობავ, არ გაკლიათ თქვენ არც ოპოზიცია და არც სხვადასხვა მიზეზით თქვენზე გაბრაზებული, გულდაწყვეტილი ან იმედგაცრუებული ამომრჩეველი, ამიტომ თქვენივე ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ელემენტარულ, ყოფით საკითხებში მაინც ეცადოთ ხალხისთვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. მარტო რაც მე ამ აუტანელი საცობების გამო გამწარებული ადამიანების გინებას და წყევლა-კრულვას ვკითხულობ ფეისბუქზე, თქვენს ადგილას ყველა საშუალებას გამოვიყენებდი ამ პრობლემის მოსაგვარებლად თუ არა, შესამსუბუქებლად მაინც.
ჯერ ერთი, ის ავტომრბოლელი კაცი, მელაძე რომ იხვეწება, გამომიყენეთ ამ საქმის გამოსასწორებლადო, დაიხმარეთ, რა იცით, ეგებ მართლა აქვს ადეკვატური იდეები. თბილისის ქუჩები რომ არ გაფართოვდება და არც მანქანების რაოდენობა მოიკლებს, ჩემზე კარგად იცით. და რატომ არ გინდათ გადმოიღოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება? პანდემიის დროს სახლებში გამოკეტილი ყველა ქვეყნის მოსახლეობა და მთავრობა დარწმუნდა, რომ გარკვეული სამუშაოების შესრულება სახლიდანაც გადასარევად შეიძლება. ვისაც ჭკუა ჰქონდა, ამ იდეას ჩაებღაუჭა და თვით ესპანელთა გარკვეული ნაწილიც კი, რომლებსაც პანდემიამდე სახლიდან მუშაობა, თავიანთი ზეკომუნიკაბელური ხასიათიდან გამომდინარე, ვერც წარმოედგინა, ახლა სიხარულით მუშაობს ონლაინ და როცა აუცილებელია, მხოლოდ მაშინ მიდის ოფისში. ცხადია, ყველა სამსახური ონლაინ რეჟიმზე ვერ გადავა, არც ყველა ადამიანს არც აქვს სახლში მუშაობის საშუალება და ვერც კერძო ბიზნესს დაავალდებულებთ, მაგრამ საჯარო სექტორში მაინც (ვიმეორებ: სადაც ეს შესაძლებელია და საქმე არ დაზარალდება), რომ დააწესოთ კვოტები, რამდენი ადამიანი უნდა გეჯდეთ ოფისში და რამდენს შეუძლია თავისი საქმის დისტანციურად კეთება, რამდენიმე ათასი კაცი მაინც ხომ აცდება საცობებს, დაზოგავს საწვავს, არ დააბინძურებს გარემოს გამონაბოლქვით და სიყვარულით თუ არა, უცენზურო სიტყვებით მაინც არ მოგიხსენიებთ.
P.s. იმედი მაქვს, კომენტარებში იმის გამეორება არ დამჭირდება თუ რა კარგად მესმის, ყველა სამსახური ონლაინ რეჟიმზე რომ ვერ გადავა. თუნდაც ამის თავიდან ასაცილებლად, სააგენტოებს კატეგორიულად მოგმართავთ, არ გააზიაროთ!!! პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გადაჭედილია, ამიტომ ავტობუსებში, მეტროში ან სკუტერზე გადაჯდომის იდეის მოწოდებაც არ ღირს“
კომენტარები