მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:
ფებბურთის ნამდვილი მეფე. მეოცე საუკუნის უდიდესი ფეხბურთელი და ათლეტი. პატარა შავკანიანი ბიჭი სან პაოლოდან, რომელმაც ბევრად უკეთესი გახადა ეს პლანეტა. ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც არასდროს გაბოროტებულა არავიზე და რომელმაც ბედნიერი ღიმილით მოიგო 3 მსოფლიო ჩემპიონატი. რომელმაც მთელი თავისი პრაიმ-კარიერის მანძილზე არასდროს მიატოვა მისი ლეგენდარული და მაინც ღარიბი კლუბი ‘სანტოსი’. კაცი, რომლის სახელიც ჩარლი ჩაპლინთან და მაჰათმა განდისთან ერთად მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო და მიუხედავად ამისა არ დახარბებულა არანაირ ძალაუფლებაზე – მშვიდობიანად წავიდა საუკუნო საუფლოში. ბევრი ფეხბურთელი იყო და არის დიდი: ჯორჯ ბესტი, ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან კრუიფი, დიეგო არმანდო მარადონა, ზინედინ ზიდანი, გარინჩა, დიდი, ვავა, რონალდო, რონალდინიო, ქრისთიანო რონალდუ, ლიონელ მესი, კილიან მბაპე – მაგრამ ფეხბურთს ამ პრინცებთან ერთად ჰყავდა მხოლოდ ერთი მეფე. ეს იყო ედსონ არანტეს დო ნასიმენტო – პელე. იმიტომაც არის, რომ ჩვენს მშობლიურ ქართულ ენაშიც, როდესაც გვინდა ყველაზე დიდი ქათინაური ვუთხრათ ვინმეს მისის საქმიანობის თუ ნებისმიერი ქმედების გამო, ჩვენ მას ყოველთვის ვეუბნებით: შენ ხარ პელე!. და ამით ლაპარაკი დამთავრებულია. ის იყო და არის პლანეტის ნამდვილი მეფე – ღარიბი შავკანიანი ბიჭი სან პაოლოდან, რომელმაც არასდროს მიატოვა თავისი ქალაქი თავისი ფლაველებით და იქ მიაბარა სული უფალს ალბერტ აინშტაინის ჰოსპიტალში.
კომენტარები