მუსიკოსი მარინა ბერიძე გადაცემა “სთორიში” მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს იხსენებს, როდესაც 42 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი დაენგრა. მისი მეუღლე მუსიკათმცოდნე ზურაბ ლალიაშვილი იყო.
მარინა ბერიძე:
“გაბრაზება გადის, გულისწყვეტა – არა. ძალიან დამწყვიტა გული – 42 წლიანი თანაცხოვრება გაწყვიტა. მე მაქვს თვისება, აუცილებლად ჩემ თავში უნდა ვიპოვო შეცდომა, რომ წყნარად ვიცხოვრო. მე ეს შეცდომა ჩემ თავში ვიპოვე – ძალიან ბევრი დრო დავუთმე ჩემ საქმეს. ის, რომ მარინა ბერიძე ვიყავი, ესეც ღლიდა მას. არ არსებობს კაცი, რომელიც ამას წყნარად აიტანს. დიდხანს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, მე ვიძახდი, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სერიოზულად არ აღმიქვამს-თქო.
ვთვლი, რომ მაშინ მეუღლის ნაკლებობა ჰქონდა. ეს 90-იანებიდან წამოვიდა. მერე ისე მოხდა, რომ 3 სამსახური ერთად მქონდა, 5 პროექტი, სახლში ღამე მოვდიოდი, დილით გავდიოდი… ის ვერ მეტყოდა, სამსახურს თავი დაანებეო…
მუსიკათმცოდნე ზურაბ ლალიაშვილმა მარინა ბერიძესთან დაშორების შემდეგ ახალი ცხოვრება რუსუდან მუმლაძესთან დაიწყო. მარინა ბერიძე ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე 8 წელია არ უნახავს.
“როგორია ის ქალი? არ ვიცი, მაგრამ ახალგაზრდაა და ლამაზი. იცით როგორ არის? ხომ არის რაღაც რომ ვერ წარმოგიდგენია. რომ მეკითხებოდნენ, როგორი იქნება შენი სიბერეო, წარმომედგინა, რომ ერთად ვივლიდით, ვიფუსფუსებდით, ერთად გავიცინებდით. მარადიული სიყვარულის რწმენა დამაკარგინა. დღეს რომ მქონდეს არჩევანი, ისევ მარინა ბერიძე ვიქნებოდი. მე ჩარჩოში არავინ უნდა ჩამსვას, ვერ ვჯდები ჩარჩოში.
8 წელია თვალით არ მინახავს. რომც ვნახო, არ ვიცნობ. ის იყოს იქ, სადღაც.. იმ ცხოვრების კარი გამოვხურე. ის კარგი ცხოვრება იყო, მე დიდი სკივრი მაქვს წამოღებული სოლოლაკიდან, რომელიც 8 წელია არ გამიხსნია. ჩემი შვილი მეუბნება, მოდი, დედა გავხსნათ პანდემიისას გავერთოთო. მე ვეუბნები უარს. ის დახურულია. დეპრესიაში არავის ვუნახივარ. ფეხზე ახლიდან დავდექი”
კომენტარები