ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი მონასტრული ცხოვრებისას, მახსოვს, პატრიარქი იყო ჩამოსული სნოში და სწირავდა. ცხადია, სასწაულად მინდოდა იქ დასწრება… რაღაც საქმეები იყო გვერდით მონასტერში და მაკურთხეს, იქნებ დაეხმაროო. მომენგრა ყბა – მე წირვაზე მინდა და თქვენ კიდევ რაღაცეებს მთხოვთ მეთქი. ჩემი მოძღვარი მომიტრიალდა და მითხრა, შვილო, შენგან თუ დახმარებაა საჭირო და გულით გააკეთებ, იმაზე მეტ მადლს მიიღებ, ვიდრე შეიძლება წირვისას მიიღოო, დაეხმარე და ნახე, გული როგორ სიხარულით გაგევსოსო.
ასეც ვქენი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, შრომისა და დახმარების შემდეგ, მე თვითონ მიკვირდა.
რატომ გამახსენდა ეს? – მიმიხვდებით ალბათ. კარგო ხალხო, ასე რომ მიეშურებით ახლა ეკლესიისკენ, ხალხმრავლობაში, ზოგს აშინებთ ამით, ზოგს აფერხებთ, ზოგს ამდენი მძიმე ემოციით ცოდვაში აგდებთ… გაიხედეთ გვერდით, რამდენი სიკეთე შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს იქნება თქვენი წირვა, ეს იქნება თქვენი წირვის მადლი… ამაზე უკეთესს რას შესწირავთ უფალს ვიდრე თქვენი სხვებისადმი თანადგომა და შეწირვაა მოყვასისათვის სიკეთე.
ჩემმა მოძღვარმა იცოდა ხოლმე თქმა, მიწაზე ზიარება შეიძლება სასჯელადაც გექცეს თუ ზეცაში არ გაზიარა უფალმაო. ესაა ზიარება, ღმერთთან კავშირი და არა უბრალოდ რიტუალი. წმინდა მოციქულები ერთადერთხელ აზიარა მაცხოვარმა, ის ყაჩაღი კი, ვინც მაცხოვრის გვერდით იყო ჯვარზე გაკრული, სულაც უზიარებლად წაიყვანა სამოთხეში… ნუ აუბრალოებთ ზიარებას, ნუ ექცევით ყოველდღიური ჩაისავით… ზიარება პანაცეად არ გახადოთ…
საოცარი მოძღვარი მყავდა. წლებია მისი სიტყვები არ მავიწყდება და წინ მხვდება, ისე, როგორც ახლა და ამ სიტუაციაში.
მძიმე ოთხშაბათია დღეს.
არ დაგავიწყდეთ, რაც დღევანდელ დღეს მოუვიდა ეჭვით, ამპარტავნებითა და ხიბლით სავსე ერთ მოციქულს.
არც თქვენ დაემსგავსოთ.“
კომენტარები