კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ახლახანს დავბრუნდი სტუდიიდან, სადაც ჩემს უძვირფასეს მეგობრებთან ერთად ვწერთ ინოლა გურგულიას მუსიკის ალბომს ჩემი ვერსიებისთა და გაორკესტრებით. დღეს რამდენიმე ეპიზოდში სოლო ჩაგვიწერა ბექა გოჩიაშვილმა, მერე გიორგი ცაგარელმა (რომლის ინიციატივით დავიწყეთ ინოლას პროექტი) ჩაწერა თავისი პარტია მორიგ კომპოზიციაში. სიმფონიური ნაწილი უკვე ჩავწერეთ Lenø Records-ში, ახლა ვოკალის და სოლო ინსტრუმენტების დადების პროცესი მიმდინარეობს.
შინ დაბრუნებულმა და დაღლილმა ჯერ ალბომის დემო-მასალა კიდევ ერთხელ მოვისმინე, რამდენჯერმე ცრემლიც მომერია და გულიც ამიჩქარდა, მერე კი ცოტა დავმშვიდდი და ფეისბუქის სქროლვა დავიწყე, წავაწყდი უძვირფასესი სოფო ბათილაშვილის და პაპუნა შარიქაძის ვიდეოს, სადაც ინოლას “ადამიანზე” მუშაობენ. სოფო და პაპუნაც პარალელურად ინოლას პროექტს ამზადებენ, რამდენიმე დღის წინ კი გავიგე, რომ არაჩვეულებრივი ანსამბლი “ჯორჯიან სიქსი” ინოლას მუსიკის თავიანთი არანჟირებების ალბომს წერენ და ამ წამს მიშო სულუხიას გაზიარებული კიდევ ერთი ვიდეოც ვნახე, სადაც ტანგოს ელემენტებით სიმებიან კვარტეტთან ერთად ინოლას “უშენოდს” რეპეტიციობენ, მიშოსგან უკვე ვიცოდი, რომ ინოლას სიმღერების თავის ვერსიებს შემოგვთავაზებს ძალიან მალე…
ჰოდა აი ეს არის სულის უკვდავება!!!
ინოლამ 40 წელზე მეტია რაც დატოვა ჩვენი სამყარო, მაგრამ გაცილებით უფრო ცოცხალია ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ, რადგან მისი სადა, სიყვარულით და სიკეთით სავსე, უმაღლესი გემოვნების და ღრმა შინაარსის სიტყვები და მელოდიები კიდევ უფრო ორგანული და ძვირფასია დღეს ჩემი და შემდეგი თაობების მუსიკოსთათვის და მსმენელთათვის ვიდრე ალბათ იყო მაშინ, როცა ქმნიდა და საოცრად ასრულებდა.
მაგრამ ის რაც ახლა ხდება, რომ მის საყვარელ თბილისში ერთდროულად ამდენი ნიჭიერი და პროფესიონალი ხელოვანი ინოლას შემოქმედებითი მემკვიდრეობის უკვდავყოფაში ასეთი სიყვარულით მონაწილეობს და თან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთმანეთთან შეუთანხმებლად, ჩემი აზრით არის ნამდვილი სასწაული!
მარადიული ხსოვნა საოცარ ინოლა გურგულიას!
დაე 100 წლის შემდეგაც ხდებოდეს ის, რაც ახლა მისი მუსიკის ირგვლივ მიმდინარეობს!”
კომენტარები