რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,რეკლამა მიტყუებდა თავისთან, გადადი და ნახე მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების ხუთეულიო, არ გადავედი, მაგრამ ფოტოს შევხედე და ვერავინ ვიცანი! მივხვდი, მე რომ ლამაზი ქალები ვიცოდი, ისინი ახლა ბებრები არიან და აბა რა გასაკვირია ჩვენზე უფროსებს “შავ-თეთრი” ქალები რომ ჰყავთ Top 5 ში?!
მე მაგალითად ბავშვობაში ყველაზე მეტად ჯულია რობერტსი მომწონდა… მომწონდა კი არა მიყვარდა და იმდენად დიდი და სპეტაკი იყო ეს გრძნობები, რომ დედაჩემსაც კი ვუთხარი…
საერთოდ დედაჩემს თითქმის ყველაფერს ვუყვებოდი ბავშვობაში, ახლანდელისგან განსხვავებით…
ისე კი, დედაჩემის ფოტოებს რომ ვუყურებ ჩემამდე, ისიც ლამაზი ქალი იყო… ქალი რა, გოგონა! მაგრამ რაც მე დავიბადე მას მერე დედაა…
მესმის რომ XXI საუკუნეში ეს უცნაურად ჟღერს, მესმის რომ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, დროც სხვაა, ღირებულებებიც, მაგრამ მაშინ მართლა ასე იყო, ლამაზი პატარა გოგონები, როგორც მონასტერში წასვლისას, შლიდნენ საკუთარს და მარტო შვილების თვალით უყურებდნენ სამყაროს, ჩვენით ზომავდნენ და წონავდნენ დედამიწას…
არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი, რომ არა ისინი, ადამიანები არ ვიქნებოდით… ჩვენ ისეთ დროს გაგვაჩინეს და ისეთ დროს გადაგვარჩინეს, გარეთ რომ შიში, სიბნელე და სიკვდილი მეფობდა…
დღეს ბევრისგან მომისმენია საყვედურად, რომ ჩვენ, ქართველები ძალიან ვართ მიწებებული დედებზე, რომ მათ ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვთ ჩვენს ცხოვრებაში და იცით… ვერაფერს ამაში ცუდს ვერ ვხედავ!
როდესაც ბებიასთან და ბაბუასთან ვრჩებოდი, ღამე თუ ცუდი სიზმრები მესიზმრებოდა, ქალაქის ტელეფონით ვრეკავდი დედასთან, ლოცვას ვაკითხებდი და მერე მართლა ქრებოდნენ ღამის ურჩხულები…
რა უნდა შეცვლილიყო? ახლაც დედის ლოცვით დავდივარ დედამიწაზე…
როგორები არიან ჩვენი დედები? სახლში რომ ჩვენს დაბადებამდე გადაღებული ლამაზი ფოტოები გვაქვს პატარა, ლაღი, მომღიმარი გოგონების… აი, ეგეთები!
სად გაქრა ეს სილაღე, სილამაზე და ახალგაზრდობა? ჩვენ წავიღეთ, ჩვენშია…
ასე რომ ის რეკლამა რომ მიტყუებდა თავისთან, გადმოდი და ნახე მსოფლიოს TOP 5 ლამაზი ქალიო… ტყუილია!
დედამიწას ერთადერთი ლამაზი ქალი ჰყავს და მას დედა ჰქვია!”
კომენტარები