“არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი – პრეზიდენტმა სააკაშვილმა განკარგულება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 8 აგვისტოს გადმოლახა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვარი და გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, სხვა ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს არ გააჩნია”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გმირებისთვის პატივის მიგება ყოველთვის 8 აგვისტოს ხდებოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ 7 აგვისტოზე სპეკულირებს, რათა ომის თაობაზე ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული ჩანაწერი გაამართლოს, რომელსაც მათ ხმა მისცეს.
„ის, რომ 7 აგვისტოს უნდა გავიდეთ გმირთა პატივის მისაგებად თუ 8 აგვისტოს, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო 2-3 წელია აქტიურად ლობირებს, მანამდე ეს ყოველთვის იყო 8 აგვისტო. არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები – 9 აგვისტოს გამოსცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განკარგულება, რომ 8 აგვისტოს გადმოლახა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვარი და გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, სხვა ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს არ გააჩნია. შეიძლება (რუსეთის რეგულარული არმია) 5- შიც იყო და პირველ აგვისტოსაც, მაგრამ ახლა ხომ არ დავიწყებთ, ვინ, როდის, რა დაინახა? ცალსახად ყველაფერი დოკუმენტების მიხედვით ითქმება და 9 აგვისტოს არის გამოცემული პრეზიდენტის განკარგულება, სადაც ყველაფერი შავით თეთრზე წერია. პრეზიდენტის განკარგულებაა, ირაკლი ქადაგიშვილის კი არა” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ვინ დაიწყო ომი, ამაზე კითხვის დასმა მიუღებელია, რადგან ამაზე ცალსახა პასუხია, რომ რუსეთმა, თუმცა, რაც შეეხება წინა ხელისუფლების ქმედებებს, ის ომამდე და ომის განმავლობაშიც ქადაგიშვილის შეფასებით, არაადეკვატური იყო
„შეურაცხმყოფელად მიმაჩნია, როცა ბანალურ შეკითხვას მისვამენ, საზოგადოებისთვისაც გამაღიზიანებელია ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტების გარშემო სპეკულატიური კითხვების დასმა, რუსეთი რომ აგრესორია და ომი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, ამაზე რატომ სვამთ კითხვას? იმ ხელისუფლების ქმედებები ომამდე და ომის განმავლობაში, იყო თუ არა ადეკვატური?! – არ იყო ადეკვატური, არც ომამდე, არც ომის განმავლობაში და არც ომის შემდეგ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომენტარები