ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– ბატონო ვალერი, საქართველოს ხელისუფლებამ აკრძალა რუსეთში ამერიკული ავტომობილების სრულად და ნაწილობრივ შეზღუდა ევროკავშირიდან მათი რეექსპორტი. ამ გადაწყვეტილებით საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე–11 პაკეტს შეუერთდა. რა მოხდა? რატომ შეუერთდა ამ სანქციებს ჩვენი ხელისუფლება, როდესაც აქამდე ნეიტრალური იყო ამ საკითხში?
– ევროკავშირმა გადაწყვიტა, რუსეთი დატოვოს უცხოური ავტომობილების გარეშე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაიზარდა საქართველოდან ლარსის გავლით რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი. არავინ არ არის ბრმა, რომ ეს ვერ დაენახა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო გამოვიდა ისე, რომ საქართველო ევროკავშირის მე–11 პაკეტს შეუერთდა.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ საქართველო არ შეუერთდებოდა ამ სანქციებს, მაშინ ევროკავშირი და ამერიკა დაასანქცირებდნენ საქართველოს და როგორც რუსეთში, აქაც აკრძალავდნენ ევროპიდან და ამერიკიდან ავტომობილების იმპორტს. რამდენად რეალურია ეს ვერსია?
–რამდენადაც ვიცი, მართლა ასე იყო. თავდაპირველად პირდაპირ აპირებდნენ, რომ საქართველოში აკრძალულიყო ევროპიდან და ამერიკიდან ავტომობილების იმპორტი, რადგან არავის ჰქონდა იმედი, რომ საქართველო სანქციებს შეუერთებოდა, მისი გვერდის ავლით არ მოხდებოდა რუსეთში უცხოური ავტომობილების გაყვანა. ბოლოს, ეს გადაწყვეტილება აღარ მიიღეს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირსა და ამერიკას შეპირდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამ სანქციას შეუერთდებოდა და გააკონტროლებდა კიდეც. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, სანქციას ავცდით, თორემ დავრჩებოდით რუსეთის ბაზრის ამარა. რუსეთი კი როგორ ავტომობილებს აწარმოებს, ყველას კარგად მოგვეხსენება. ყველაფერს თავი დავანებოთ, რუსეთის ხელისუფლების ყველა უწყების ავტოპარკში მხოლოდ ამერიკული და ევროპული ავტომობილები ჰყავთ და მათი პრეზიდენტი, პუტინი მხოლოდ უცხოური, ევროპულ საავტომობილო ქარხნებში სპეცშეკვეთით დამზადებული ლიმუზინებით სარგებლობს. ცხადია, რუსეთის მოქალაქეებიც უცხოურ ავტომობილებს არჩევენ და მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ყიდულობს რუსულს. გარდა ამისა, საქართველო ევროპული საავტომობილო ბაზარზე 95%–ით არის დამოკიდებული, უცხოური ავტომობილების მხოლოდ 5% შემოდის რუსეთიდან. სახელმწიფომ ლოგიკური არჩევანი გააკეთა 95%–ის სასარგებლოდ. ეს რომ არ ექნა, რუსული ავტომობილების იმედად დავრჩებოდით და ვისაც ის 95% შემოაქვს ევროპიდან და ამერიკიდან, ის ხალხი უმუშევარი დარჩებოდა, აწყობილი ბიზნესი დაენგრეოდათ.
–გამოდის, საქართველოს ხელისუფლება იძულებით, მაგრამ მაინც შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციას და ამით ერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთის წინააღმდეგ და დასავლეთის მიმართულებით, რაზედაც აქამდე თავს იკავებდა?
–კი, ასე გამოვიდა, რომ იძულებითია საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება და მე ამას ვვარუდობდი, თქვენთან ინტერვიუებში ხშირად ვამბობდი, რომ ესენი ერთხელაც დასავლეთიდან ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ და მის ნებას დაჰყვებოდნენ.
კომენტარები