ორი თვის წინ კორონავირუსმა მსოფლიოს დონის სპეციალისტი შეიწირა. მისი საქმიანობა იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ ბოლომდე ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების შესახებ. სურამში დაბადებულმა ავთანდილ წიწუაშვილმა (იგივე იცხაკ ილანმა) უამრავი საიდუმლო წაიყოლა სამუდამო სასუფეველში. იცხაკ ილანის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს. ამ შემთხვევაში, ისტორიულ სამშობლოს – ისრაელს.
ქართველი ებრაელი ავთანდილ წიწუაშვილი 1956 წელს სურამში, ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ რაბინ გაბრიელ დავარაშვილის შვილიშვილი. ხოლო პაპის ძმა, რაბინი მოშე დავარაშვილი გასული საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზეც აქვს ხელი მოწერილი. მეორე პაპის ძმა, იაკობ დავარაშვილი საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში. 1973 წელს ავთანდილ წიწუაშვილი ოჯახთან ერთად დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს – ისრაელს და თითქმის ორმოცდაათი წელი ემსახურა მის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. 1976-1980 წლებში იგი მსახურობდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ახალგაზრდა ავთანდილ-იცხაკი თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას: ქართულს, რუსულ, ინგლისურს, არაბულსა და ივრითს. ჩემი აზრით, ამ გარემოებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი მის მომავალ ცხოვრებაში.
1982 წელს, უკვე სამოქალაქო ყოფას შეჩვეული იცხაკი მოულოდნელად ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურში (ანუ “შაბაკში”) დაიბარეს და ხანგრძლივი გასაუბრების შემდეგ “საბჭოთა განყოფილებაში” (საბჭოთა კავშირის შპიონაჟის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფი) სამსახური შესთავაზეს. აქ მცირე გადახვევას გავაკეთებ, რათა ერთად გავიხსენოთ. ისრაელმა, რომელიც დაარსების პირველ წლებში სოციალისტური ორიენტაციის იყო, სპეცსამსახურების სახეობები და სტრუქტურა საბჭოთა კავშირის ანალოგიურად ააგო. საგარეო დაზვერვა (“მოსადი”), კონტრდაზვერვა (“შაბაკი”) და სამხედრო დაზვერვა (“ამანი”) ახლად შექმნილი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტებად იქცა. მაშინაც და დღესაც ისრაელის სპეცსამსახურები გამოირჩეოდა და გამოირჩევა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგან. იგი არის მცირერიცხოვანი და მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ამავე დროს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ისრაელის სპეცსამსახურების თანამშრომლები სამშობლოს განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას ფანატიკურები სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს უმძლავრეს სპეცსამსახურებს შორის ებრაელებს ისტორიულად ყველაზე ნაკლები მოღალატე ჰყავთ!
აი, სწორედ ასეთ სტრუქტურაში მიიწვიეს “სურამელი ჭაბუკი”, რომელიც 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით ანუ, ფაქტობრივად, ოცდათხუთმეტი წელი, ერთგულად ემსახურა ისრაელის უსაფრთხოებას. ამ პერიოდში მან ურთულესი გზა განვლო: იყო “შაბაკის” საგამოძიებო დეპარტამენტის რიგითი თანამშრომელი, განყოფილების უფროსი, ისრაელის სხვადასხვა რეგიონის კონტრტერორისტული დანაყოფების უფროსი, 2004-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საგამოძიებო დეპარტამენტს, ხოლო 2010-2011 წლებში იყო “შაბაკის” უფროსის მოადგილე. იცხაკ ილანს ერთი ნაბიჯი დააკლდა ისრაელის კონტრდაზვერვის შეფის პოსტის დასაკავებლად. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ, ქვეყნის შიდა პოლიტიკური ინტრიგების შედეგად სხვა, კერძოდ იორამ კოენის კანდიდატურა ამჯობინა. უნდა ითქვას, რომ იცხაკ ილანი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებდა ამ წყენას. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ნათანიაჰუმ, როგორც ყველგან და ყოველთვის ხდება ხოლმე, თბილი სიტყვები არ დაიშურა იცხაკ ილანის მისამართით.
იცხაკ ილანი იყო დიდი პროფესიონალი: საგამოძიებო ხელოვნების დიდოსტატი და ანტიტერორისტული ოპერაციების უმაღლესი დონის ანალიტიკოსი. ისრაელში მას მეტსახელი “ქართველი” შეარქვეს და როგორც მისი კოლეგები იხსენებენ “ქართველი” შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს. იცხაკ ილანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იყო ისრაელში მოქმედი საბჭოთა ჯაშუშის, შაბთაი კალმანოვიჩის გამოვლენა და გამოტეხვა. იცხაკ ილანი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ საბჭოთა აგენტის გამოვლენაში მას “სიცრუის დეტექტორი”(იგივე პოლიგრაფი დაეხმარა). ზოგადად იგი დიდად აფასებდა დაკითხვების ამ მეთოდს და მიაჩნდა, რომ “სიცრუის დეტექტორი” არასდროს ცდება, თუ ოპერატორმა სწორად შეარჩია კითხვები.
წლების განმავლობაში იცხაკ ილანი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდა ისრაელის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტების გამოვლენისა და ფიზიკური ლიკვიდაციის ოპერაციების დაგემვასა და რეალიზაციაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე ტერორისტებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გამოყენების მომხრე იყო.
თუმცა, ჩემი აზრით, ტერორისტებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ ამგვარი “ლიკვიდაციის სპეცოპერაციების” განხორციელება (რომლებიც ისრაელმა 1960 წლებში დაიწყო და, ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება) პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის. სპეცსამსახურების ამგვარი მოქმედებები, როგორც წესი, ახალ ტერორისტულ ტალღას წარმოშობს და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს იწვევს.
2011 წლის სექტემბრიდან იცხაკ ილანი თადარიგში გავიდა და სხვადასხვა ბიზნესპროექტში ჩაერთო. არ ივიწყებდა საქართველოსაც, სადაც 2013 წელს იყო ჩამოსული და მშობლიურ სურამსაც ეწვია. 2018 წელს იცხაკ ილანს ფილტვების უმძიმესი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ფილტვების გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს. მისი მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში კორონავირუსით დაინფიცირდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კომენტარები