იტალიის მთავრობამ საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის სანქციები გაამკაცრა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, პირს, რომელიც კარანტინშია კორონავირუსით ინფიცირების გამო და კარანტინში ყოფნის რეჟიმს მიზანმიმართულად დაარღვევს, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება.
იტალიის მთავრობის დადგენილებით, ასევე შემოღებულია 400 ევროდან 3000 ევრომდე ოდენობის ჯარიმები.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი 31 ივლისამდე გახანგრძლივდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი ევროპაში ისევ იტალიაა. ბოლო 24 საათში 743 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 6 820 ადამიანს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 894 ადამიანით მოიმატა და 8 326 შეადგინა.
კომენტარები