კორონავირუსის აქტიური გავრცელების გამო იტალიის მთავრობამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი დააწესა. ამის შესახებ ANSA წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსახლეობა სახლებში 22:00-დან 05:00 საათამდე უნდა დარჩეს. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოაწერა. ამასთან, ქვეყანაში დაიკეტება მუზეუმები და გამოფენები, უფროსკლასელები კი დისტანციურ სწავლაზე გადავლენ. სავაჭრო ცენტრები უქმეებზე არ იმუშავებს.
პროვინციები და რეგიონები ქვეყანაში რისკის 3 ზონად დაიყოფა – დაბალი, საშუალო, მაღალი. საშუალო და მაღალი რისკის რეგიონებში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს.
ახალი აკრძალვები იტალიაში 4 ნოემბრიდან 1 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო. 2 კვირაში ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 10-დან 30 ათასამდე გაიზარდა.
კომენტარები