ქალაქ პადუაში 78 წლის კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. საფრანგეთში გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქის შემდეგ ეს ევროპის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.
Euronews-ის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიამ შესაძლოა საზღვრები ჩაკეტოს, თუმცა პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
21 თებერვალს იტალიის ჩრდილოეთში, ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 14 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ხუთი საავადმყოფოს თანამშრომელია, სადაც რამდენიმე დღის წინ 38 წლის კაცი მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის კორონავირუსით ჩინეთიდან დაბრუნებული მეგობრისგან დაინფიცირდა.
„უახლოეს საათებში დაინფიცირების ზონა უნდა შევზღუდოთ. ვირუსი გარკვეულ რეგიონს არ უნდა გასცდეს. იტალია მზადაა, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გეგმაზე ვმუშაობდით, ვინაიდან ნათელი იყო, რომ ეს ჩვენთანაც მოხდება. ახლა ჩვენს მიერ მომზადებული გეგმა უნდა ავამუშავოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ.
კომენტარები