იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. შესაბამის რეზოლუციას იტალიის სენატის 130-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 4-მა კი თავი შეიკავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 1932-1933 წლებში სსრკ-მა იოსებ სტალინის მეთაურობით, “მოახდინა შიმშილის განზრახ პროვოცირება, რამაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია”.
“ჰოლოდომორისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საბჭოთა დანაშაულების გახსენება დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რუსული შეჭრისა და უკრაინის ეროვნული იდენტობის წაშლის განახლებული მცდელობების ფონზე”- ნათქვამია რეზოლუციაში.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა აღიარა.
2023 წლის გაზაფხულზე ამ შინაარსის რეზოლუციები მიიღეს ბელგიაში, ისლანდიაში, სლოვაკეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ჰოლოდომორი საბჭოთა რეჟიმის მიერ 1932-33 წლებში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი იყო, რომელსაც სავარაუდოდ 3.5 – 5 მილიონი უკრაინელი ემსხვერპლა. ჰოლოდომორი ზოგადი საბჭოთა მასობრივი შიმშილის (1931-34) ნაწილი იყო. უკრაინაში შიმშილი ბევრად მომაკვდინებელი იყო, რისი მიზეზიც პოლიტიკური განკარგულებები და გადაწყვეტილებები გახდა, რომლებიც უკრაინას მიემართებოდა. შიმშილის მასშტაბების აღიარების მიზნით 1932-33 წლებში შიმშილს უკრაინაში ჰოლოდომორს უწოდებენ – ტერმინი ორი უკრაინული სიტყვის ნაერთია: შიმშილი (ჰოლოდ) და განადგურება (მორ).
მასშტაბური შიმშილი 1929 წელს საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის პოლიტიკის შედეგი იყო. კოლექტივიზაციამ წარმოების ვარდნა, სოფლის მეურნეობის დეზორგანიზაცია და საკვების დეფიციტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა გლეხების აჯანყება, მათ შორის შეიარაღებული აჯანყებები უკრაინის ზოგიერთ ნაწილში.
კომენტარები