საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ინიციატივა „არ აგარევინებთ!“ დააანონსა.
მისი თქმით, ეს იქნება ინიციატივა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობა.
„კეთილგონიერება, ზომიერება და პრაგმატიზმი – აი რა გვჭირდება დღეს და არა ფსევდო პატრიოტიზმით გაჯერებული ხმამაღალი განცხადებები! მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ორკესტრირებული მოქმედებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი ქვეყნის ომის პოლიგონად გადაქცევა, აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზეც მეტყველებს ბაკურიანში თანამედროვე რევკომის შეკრება.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ძალების ზღვარგადასული დესტრუქცია, რაც უკვე წლებია არყევს ქვეყანას და მუდმივ ტურბულენციაში გვაცხოვრებს! ჩვენ გვაქვს კითხვები ხელისუფლებასთან: რატომ არ ხდება ქვეყანაში ცილისწამების ნიაღვრის და ბულინგის აღკვეთა ევროპული ცივილიზებული კანონმდებლობით, ეს ხომ დესტრუქციის და არევის მთავარი იარაღებია დღეს; რატომ აძლევენ საქართველოში შემოსვლის უფლებას გავრილოვს, აკერმანს თუ პროვოკაციის გამომწვევ სხვა პირებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას და მის სუვერენიტეტს.
ჩვენ გვაქვს კითხვები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან; იცის თუ არა მან ბატონი პიტერ აკერმანის საქართველოში ვიზიტის შესახებ და როგორც ჩვენი მეგობარი, რას ეტყვის ქართულ საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით?
ვრჩებით რა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის ერთგულები და სოლიდარულები ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისადმი, მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისა და გაერთიანებისთვის ქვეყნის არევის წინააღმდეგ, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევისა და რევოლუციური სცენარებით ქვეყნის არევის საშუალება“- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
კომენტარები