იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამა, გრიგოლ ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს წერილით პასუხობს.
გრიგოლ ბრეგაძე მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეწყვიტოს. ამასთან დასძენს, რომ ის დარწმუნებულია, პენიტენციური სისტემა იხელმძღვანელებს ექიმების არგუმენტირებული, ობიექტური რეკომენდაციებით და მათი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებთან შეჯერებით მიიღებს დინამიურ და კორექტულ გადაწყვეტილებებს.
„ბატონო ნიკა, მძიმეა საკითხი, რის გამოც გადაწყვიტეთ საჯაროდ მოგემართათ, მესმის თქვენი წუხილი როგორც ექიმს და მშობელს. არავის ვუსურვებდი შვილის ნახვას საპატიმროში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მეც საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის. თქვენ მთხოვთ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია უშიშრად. კარგად არ მესმის, რისი შიშით უნდა ვიყო შეპყრობილი და რა შიში მაქვს გადასალახი. როგორც ომის ვეტერანისთვის სამშობლოს კეთილდღეობა და მშვიდობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულებაა. ჩემი შვილის სტიპენდიის საკითხმა სხვადასხვა კონტექსტში უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა, ამიტომ მინდა დავაზუსტო: რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი მშობელი მოხარული ვიყავი, როდესაც ჩემმა შვილმა უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ და „მაქს პლანკის“ ინსტიტუტის პერსონალური მოწვევის საფუძველზე, მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდის ერთწლიანი სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც იგი იმყოფებოდა გერმანიაში სამეცნიერო მივლინებაში 2006 წელს.
შემდგომ, გერმანიის აკადემური გაცვლების სამსახურის სტიპენდიით გაიარა ერთწლიანი მაგისტრატურა, მიიღო LLM ხარისხი. მოგვიანებით „კონრად ადენაუერის“ სახელობის ფონდის სამწლიანი სტიპენდიის ფარგლებში, ჰამბურგის უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა დოქტორანტურა და მიენიჭა სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. თითოეულ ფონდისადმი გულწრფელად მადლიერი ვიყავი, ვარ და ვიქნები მომავალში! თუმცა, აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ის უსამართლობა, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, 2011 წელს მას უარი ეთქვა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დოქტორის ხარისხით, ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში არაერთხელ დავრჩენილვარ დილემასთან.მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ პაციენტის მართვა ექიმების და არა პოლიტიკოსების საქმეა.
აფხაზეთის ომის დროს, ოჩამჩირეში, გულ-მკერდის ჭრილობით აფხაზი გვეწვა. კეთილშობილი კაცის ქირურგის, აწ განსვენებულის დავით მაღალაშვილის ნაოპერაციები. ერთ ოთახში ვცხოვრობდით რამდენიმე ექიმი დათოსთან ერთად და სიამოვნებით ვეხმარებოდით სამედიცინო ღონისძიებებში. არ იყო იშვიათი ჩვენს მიმართ, უკმაყოფილო, ხშირად უცენზურო, ზოგჯერ აგრესიული გამონათქვამებიც… ამ გარემოებას მედპერსონალის ერთსულოვნებაში, პროფესიული მოვალეობის ერთგულებაში კორექტივი ომის დროსაც არ შეუტანია. მე ღრმად მწამს, სრულიად დარწმუნებული ვარ ჩვენი ექიმების პროფესიულ კეთილსინდისიერებაში. დაე მათ, შესაბამისი პროფესიული, ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაზღვრონ მკურნალობის საკითხები.ასევე დარწმუნებული ვარ, პენიტენციური სისტემა იხელმძღვანელებს ექიმების არგუმენტირებული, ობიექტური რეკომენდაციებით და მათი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებთან შეჯერებით, მიიღებს დინამიურ და კორექტულ გადაწყვეტილებებს. დასასრულს, როგორც საზოგადოების ერთერთმა წევრმა, როგორც ექიმმა, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო თქვენს შვილს შეწყვიტოს შიმშილობა. თქვენ და თქვენს ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას“, – აღნიშნავს გრიგოლ ბრეგაძე.
,,პალიტრანიუსი”
კომენტარები