408
ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო ავლენს იმ პირებს, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ ხელს უწყობდნენ პუტინის რეჟიმს იმაში, რომ უკრაინაში რეალურად სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინათ:
“მე მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც უკავშირდება უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის შეყვანას, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, 15 ადამიანის დასანქცირებას. მოგეხსენებათ, რომ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო არის უკრაინის სახელმწიფო უწყება, რომელიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არის გადაცემული და გავრცელებული უკრაინის სააგენტოს მიერ, რეალურად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და მისი უახლოესი გარემოცვის ძალიან სერიოზულ კავშირებს და სქემებს რუსეთთან. ანუ უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს მთავარი ფუნქცია სანქციებთან მიმართებაში არის ის, რომ გამოავლინოს იმ ადამიანების ნუსხა და დაასანქციროს, მოახვედროს სანქციების ნუსხაში, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ძალიან მძიმე მოვლენების და სამხედრო აგრესიის შემდეგ ხელს უწყობდნენ პუტინის რეჟიმს იმაში, რომ უკრაინაში რეალურად სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინათ.
მაშ ასე, დასანქცირებულია 15 ადამიანი. ჯერჯერობით უკრაინის პირველადი სანქციების და შემდეგ უკვე მე გეტყვით, როგორ გავრცელდება ეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ, გამოიყურება შემდეგნაირად: ბიძინა ივანიშვილი, მთავარი ოლიგარქი, რომელიც არა მხოლოდ ეჭვმიტანილი, არამედ დადასტურებულად არის სანქციების ნუსხაში იმიტომ, რომ იგი ეხმარება ასევე დასანქცირებულს საერთაშორისო მასშტაბით რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს, სიაში ასევე არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტატე მამაცაშვილი, ალექსეი პოლტაშენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორძაევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კომენტარები