“ივანიშვილმა საზოგადოებას წინასაარჩევნოდ უნდა უთხრას: თუკი კიდევ ერთხელ გამომიცხადებთ ნდობას, გამარჯვების შემთხვევაში, შეცდომებზე უკვე მე ავიღებ პასუხისმგებლობას და გავხდები პრემიერ–მინისტრიო…”
„ალიას“ სტუმარია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი
– ბევრი საუბრობს უკვე, რომ შეიძლება ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს. თქვენ დიდი ხანია ამას ითხოვთ. რა გგონიათ, რას შეცვლიდა მაშინ, ივანიშვილის დარჩენა პრემიერად და რას შეცვლის ახლა მისი დაბრუნება?
– საერთოდ, არც უნდა წასულიყო. 2012 წლის შემდეგ განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ძირითადად, მთელი პასუხისმგებლობა ივანიშვილს აკისრია, ვხედავთ, რომ ყველა საწინააღმდეგო და კრიტიკული აზრი, ყველა ისრები მიდის მისკენ.
ის გადადგა, ფაქტიურად, წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ იმდენი უარყოფითი და წარუმატებლობა დაგროვდა, რომ იძულებული გახდა დაბრუნებულიყო. რატომ გაუხდა საქმე დასაბრუნებლად, იმიტომ, რომ კარგად არ იყო საქმე, ხომ? ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრა ბოლომდე.
პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ივანიშვილი ისევ დაბრუნდება პრემიერად. აჰყვეს ამ ხმებს ივანიშვილი და დაბრუნდეს? ეს გამოვა სუსტი პოლიტიკური ნაბიჯი. ახლა მისი დაბრუნება პრემიერ–მინისტრად არანაირ პოლიტიკურ შედეგს არ მოიტანს, მით უფრო, რომ ის ამ ფუნქციას გარკვეულწილად მაკონტროლებელი უფლებით მაინც ასრულებს და ეს ცხადზე უცხადესი, ყველამ ვიცით. რაც შეეხება მის დაბრუნებას პოლიტიკაში პრემიერ–მინისტრად, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას 2020 წლის არჩევნების შემდეგ.
– არჩევნებს თუ მოიგებს, მერე?
– დიახ. მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილმა საზოგადოებას და ქართველ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ უნდა უთხრას: თუკი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამომიცხადებს ნდობას და ჩემს პარტიას მისცემს სახელმწიფოს საჭეს ხელში, გამარჯვების შემთხვევაში, შეცდომებზე უკვე მე ავიღებ პასუხისმგებლობას და გავხდები პრემიერ–მინისტრი… ოღონდ, ათასი პროცენტით უნდა შეასრულოს,
– ყოველი კრიტიკული მომენტისას გუნდს სწევს გვერდზე და მოდის. გამოდის, იმ გუნდს, რომელიც ჰყავს, არ ენდობა?
– ცხადია, მაგაზეც დაიწყება საუბარი და ქოთანს ყველა მხრიდან მოაბამენ ყურს. რა თქმა უნდა, ლოგიკურია ესეც, რასაც ამბობთ, მაგრამ ყველაზე მეტი უარყოფითი ეფექტი ამას იმ მხრივ ექნება, რომ მის ამ ნაბიჯს კარგად გამოიყენებს მოწინააღმდეგე ძალა და ქართველი ხალხი იფიქრებს, იმდენად შიში აქვს იმისა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, აჰა, უკვე პრემიერ–მინისტრად დაბრუნდა.
ახლოვდება არჩევნები, არჩევნებამდე როგორმე უნდა მივიდნენ ისე, როგორც ახლაა დალაგებული და მე ვფიქრობ, არჩევნების წინ უნდა გააკეთოს ის განცხადება, რაც ვთქვი.
– თქვენ პირადად, ასეთი განცხადება რომ გააკეთოს, ენდობით?
– მე პირადად ვენდობი და გეტყვით რატომ. არა იმიტომ, რომ აღფრთოვანებული ვარ ამათი მმართველობით, არამედ მე ვენდობი იმიტომ, რომ მას უკვე სხვა გზა არ ექნება.
– რატომ, ამდენი წელი სულ ჰქონდა სხვა გზა.
– დამიჯერეთ, მას ეგონა, რომ სხვა გზა ჰქონდა. პოლიტიკა არ არის ბიზნესი, მისი აზროვნება არის მოწყობილი როგორც ბიზნესმენის. ეგონა 2012 წელს, რაკი გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ დატოვებდა ამ ძალას და ამ გამარჯვებას შეინარჩუნებდნენ ისე, როგორც საჭიროა. ეს ისეთი რაღაცაა, მაგალითად, აშენდა კორპუსი, გაკეთდა ჩონჩხი და იმის გამოლესვას და შიგნით მოპირკეთებას, რა უნდოდა? არ უფიქრია, რომ თუ არ მიხედავდა დაიწყებოდა ამ კორპუსის ნგრევა.
უკვე უნდა დაენახა, ბევრი დაუნდობელი პოლიტიკური ფაქტორი როგორც შიგნით გუნდში, ისე გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ შემწეობით მოვიდა ბევრი პოლიტიკოსი პარლამენტში, კრიტიკულ მომენტში ისინი გავიდნენ ფრაქციიდან, ვერც გაამტყუნებთ, კი ბატონო, იმათ თავიანთი გზა აქვთ, მაგრამ ბიზნესში ასეთი რაღაც არ ხდება, ბიზნესში ანგარიში უნდა გაასწორო, ფული თუ გაქვს მითვისებული უნდა დადო, თუ ხელშეკრულება გაქვს გაფორმებული, უნდა შეასრულო ვალდებულება, ამ ყველაფერმა ვფიქირობ, დაანახა, რომ პოლიტიკაში ასე არ ხდება, რომ შენ შექმნა რაღაც პოლიტიკური ძალა და მერე გახვიდე გვერდზე.
– გახარია უნდა შეცვალოს, თუ არა?
– სიმართლე გითხრათ, რა მოვლენებიც 20 ივნისის შემდეგ მოხდა, გახარია ფიგურალურად იმდენად სანდოა „ქართული ოცნებისთვის“ და მისთვისაც, პერსონალურად, რომ ივანიშვილმა გახარიაში გაცვალა პროპორციული არჩევნები. მაშინ არ გაუწირავს, როგორც ფიგურა და როგორც სანდო ადამიანი. სანდოობა ძალიან კარგი რაღაცაა, როცა ადამიანს ენდობი, იმ ადამიანს სხვებიც ენდობიან. ამხელა ნაბიჯი გადაიდგა 20 ივნისის შემდეგ, პროპორციული არჩევნები, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, სახელმწიფოებრიობისთვის და სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ცოტა არ იყოს, არ იყო გამართლებული და მე ვფიქრობ 2020 წელს პროპორციული არჩევნები მოიტანდა ქვეყანაში ქაოსს, ივანიშვილმა გახარია 20 ივნისის შემდეგ 2020 წლის პროპორციული არჩევნების დაპირებაში გაცვალა, უფრო სწორად, არ გაწირა.
დღეს არ მოსწონს და გაუშვას, ეს უკვე ცხადლივ კრახით დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“, აშკარად გამოვლინდება, რომ პიროვნული გადაწყვეტილება მიიღო.
პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვამბობ, 2020 წლის არჩევნების წინ, გახარიას გვერდზე გაწევით, გამოდის, რომ გახარიას პინ–პონკის ბურთივით ათამაშებს ადამიანი, რომელიც წყვეტს საქართველოში ყველა საკითხს. ყველა შემთხვევაში ეს ხომ ძალიან ცუდ რეზონანსს გამოიწვევს „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველში და მეორეც, სამეგრელოდან ვერ წამოიღებენ 10 პროცენტსაც კი, ისე გაანაწყენებს მეგრელ ამომრჩეველს.
– სამეგრელოში ხმების მოპოვება წინა არჩევნებშიც ძალიან გაუჭირდათ.
– გაუჭირდათ, მაგრამ ხომ გადატეხეს და სამეგრელო არის გარდამტეხი, რომელიც არჩევნებს მოგაგებინებს, ან წაგაგებინებს. გახარიას ავტორიტეტი გააჩნია სამეგრელოში და ამას უნდა გაფრთხილება.
– თუ მეტყვით რვა წლის მანძილზე დაპირებას, რომელიც ივანიშვილმა შეასრულა.
– საერთოდ, ჩემთვის უთქვამთ პოლიტიკოსებს, რომ, როცა მირჩევენო, მოსახლეობასთან რომ შევდივარ და ვპირდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას გავაკეთებო, იმიტომ ვპირდები, რომ პოლიტიკაში მოვიდეო. ეს არის პოლიტიკური ნიუანსები. იმიტომ არა ვარ პოლიტიკაში და იმიტომ არა ვარ „ქართულ ოცნებაში“, რომ არ მინდა გავხდე ის პერსონა, რომელზეც შეიძლება თქვან, რომ რაც შემპირდა, არ გააკეთაო. ცხადია, ბევრი რამე ითქვა და არ გაკეთდა.
ვიღაცამ მითხრა, იცი, სააკაშვილს სამშობლო როგორ უყვარსო? ვიდრე ის პოლიტიკაში მოვიდოდა და შევარდნაძეს ჩაანაცვლებდა, ისეთი გულმხურვალე ქვეყნის მოყვარული იყოო. მე არ მეპარება ეჭვი, რომ მას საქართველო უყვარს, მაგრამ მასაც ეგონა, რომ მკაცრად უნდა მოქცეულიყო, ეგონა, რომ კრიმინალი უნდა აელაგმა ყოველგვარი მკაცრი, თუნდაც გადაჭარბებული ძალით და შედეგიც ვნახეთ, ასე ეგონა ივანიშვილსაც, რომ ააშენებდა 100 ქარხანას, მაგრამ მერე, როგორც ჩანს დაარწმუნეს, რომ 100 ქარხნის აშენება არ ივარგებდა, რუსეთის ბაზარი დაკეტილია, ევროპასაც რაში სჭირდება შენი პროდუქტი ან ნაწარმი და მერე, ნელ–ნელა ის დარწმუნდა, რომ ამას ვერ გააკეთებდა და არ ჰქონდა საფუძველი. გამოვიდა ისე, რომ რაც დაპირდა, ვერ გააკეთა. ცხადია, ასე ბევრ რამეზე შეიძლება ლაპარაკი, რაშიც ვერ დავუკრავ ტაშს „ქართულ ოცნებას“.
– ეკონომიკურ პრობლემებზე ნაკლებს ვლაპარაკობთ, დრო არ გვრჩება ამათი ჩხუბის გაშუქების შემდეგ.
– როცა დაიტოვებ ისეთ ვითარებას შენ გარშემო, რომ ინფორმაცია გადაგიფარავს შენს გაკეთებულს, უკვე ძალიან ცუდ დღეში ხარ. სიმართლე რომ ვთქვათ, გლდანში კაი ხანია მიდის კომუნიკაციების და მიწისქვეშა გაყვანილობების განახლება, სულ მალე გლდანი იქნება საოცარი რაიონი თავისი გზებით, კომუნიკაციებით, ტროტუარებით,
– ვნახოთ, მშრალ ხიდზეც ასე ამბობდნენ და თავიდან გახდა მგონი გასაკეთებელი, ისევე როგორც ბევრი ქუჩა. „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილზე ისე მკაცრად აღარ საუბრობთ, თუ მეჩვენება?
– იმდენად ამაზრზენი გახდა ეს ურთიერთდაპირისპირება, იმდენად მიუღებელია ჩემთვის, რომ ფაქტიურად, ვცდილობ უკვე, რომ არ გავხდე ის ადამიანი, რომელიც გამყოფ ორმოს ამოთხრას ხელს უწყობს. სინამდვილეში, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი რამ არ მომწონს, ყველა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ქვეყანა წინ წავა მაშინ, როცა უკან არ დაბრუნდება. უკან დაბრუნებაში იმას ვგულისხმობ, რომ „ქართული ოცნება“ უნდა ჩაანაცვლოს სხვა ძალამ, დღესდღეობით სხვა ძალას ვერ ვხედავ, ამიტომ, კატეგორიულად შინაგანი წინააღმდეგობა გამაჩნია, რომ „ნაცმოძრაობა“ ოდესღაც მოვა პოლიტიკაში, მაგრამ „ქართული ოცნება“ რომ უნდა შეიცვალოს სხვა ძალით, ამის მოსურნე ვარ, ოღონდ 2020 წელს ვერ ვხედავ ისეთ ძალას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეცვლის.
– რომ შევაჯამოთ, ამ გადასახედიდან, მზად ხართ ისევ მისცეთ შანსი „ქართულ ოცნებას“ ამ პირობებით და ამ კადრებით?
– (იცინის) იცით, რა არის? ფაქტობრივად, ვდგავარ გზაჯვარედინზე, დავუშვათ მიდიოდე ცენტრალური გზით და აღმოვჩნდი გზაჯვარედინზე, მარჯვნივაც მიდის გზა და მარცხნივაც, მაგრამ ვაგრძელებ გზას და მივდივარ ცენტრალური გზით, მარჯვნივ და მარცხნივ რომ წავიდე, არ ვიცი საით წავალ და ვერც ვხედავ ისეთ გამცილებელს, რომელსაც ვენდობი.
გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობამ“ აღიარა ეს შეცდომები, მაგრამ მე არ მჯერა მათი აღიარების, ასე არ ხდება, უცებ სავლე იქცეს პავლედ, მე ვერ ვხედავ, რომ ამათ სავლე და პავლესავით რაიმე ჯოჯოხეთური გზა გაიარეს.
– დაახლოებით ოთხი–ხუთი წლის წინ თქვენ მეტყოდით, რომ ივანიშვილს ღიად და უპირობოდ უცხადებთ მხარდაჭერას, მაგრამ ახლა ორჭოფობთ. თქვენნაირი თანამებრძოლი დღეს რომ ასე საუბრობს, ამან „ქართული ოცნება“ უნდა დააფიქროს.
– ცხადია, ცხადია, კი, გეთანხმებით. სხვათა შორის, 2018 წლის მეორე ტურში ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მხარში ვინც დაუდგა, რამაც გადატეხა პირველი ტურის სავალალო ბედი, ჯერჯერობით ის პროცენტი და ის შემადგენლობა დღესაც არის ცაიტნოტში და თუ ეს დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“, მაქვს რეგიონებთან კავშირი და მათი განწყობა ვიცი, თუ ეს პროცენტულობა და მასა დაკარგა, რომელმაც მეორე ტურში აჩუქა გამარჯვება ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, ვფიქრობ, რომ ძალიან გაუძნელდებათ მიაღწიონ წარმატებას 2020 წლის არჩევნებში.
თამო კეშელავა
ალია №2
კომენტარები