გიორგი ჯავახაძე
“ოცნებაში” შიდა დაპირისპირებების და კომპრომატების გამოტანის ახალი სერიები დაიწყო. რამდენიმე კლანი ერთდროულად ებრძვის ერთმანეთს. სამი ძალა იბრძვის, კალაძის, კობახიძის და ღარიბაშვილის. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, “გლადიატორთა ბრძოლას” ივანიშვილი შორიდან ადევნებს თვალს და იმას დასჯის, ვინც მოიგებს, დიახ, რადგანაც გამარჯვებულები ბიძინას არ უყვარს.
ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება, ახლადმოპოვებული კი არ არის, უმეტესად თვეების წინ დაარქივებულია და შენახული, რადგან მაშინ გამოიყენონ, როცა დასჭირდებათ. ყველაზე მეტ დარტყმას ღარიბაშვილს და კალაძეს მიაყენებს კობახიძე და ყველაზე ბინძური მეთოდებით, რადგან მათზე ნადირობის სეზონი გახსნილად გამოცხადდა. ყველაზე ბინძური მეთოდებით იმიტომ, რომ კობახიძე მხარდამჭერების ინტერესებსაც არ გაითვალისწინებს და ყველას გაწირავს, ვისი გაწირვაც დასჭირდება. მეორე მხრივ, კობახიძეს თავისი პირადი მხარდამჭერი ისედაც არ ჰყავს და ოცნების მხარდამჭერის გაწირვა მას არაფრად უღირს. ამ ბრძოლაში კალაძე ნაკლებად დაზარალდება, რადგან, მას ნებისმიერ დროს შეუძლია იმის თქმა, რომ ბრძანებები, რომლებსაც ასრულებს ზემოდან მოდიოდა. რეალურად, ქალაქში, როგორც ვნახეთ, ვინ რა პოსტს დაწერს, იმასაც კი სუს-ი აკონტროლებს და არც მშენებლობების ნებართვებს დაესმება ბეჭედი სუს-ის და პრემიერთა ადმინისტრაციის გარეშე. ბესო ზანგურს კალაძემ სამსახური დააწყებინა მესაფლავედო, თქვეს, მაგრამ ის აღარ უთქვამთ, კალაძეს ვინ სთხოვა ბესო ზანგური სადმე გააფორმეო, არც კალაძე ამბობს ამას ჯერ და არ იტყვის მანამ, სანამ იძულებულს არ გახდიან. კობახიძეზე კომპრომატები არ ვრცელდება ჯერჯერობით, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ მასზე არ არის კომპრომატები. უკვე ორ წელზე მეტია კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ კობახიძესაც მშენებლობაში აქვს ბიზნესწილები. კობახიძე არც ურჩი ბიჭია და არც ისეთი რეიტინგი აქვს, რომ მისი კომპრომატების გარეთ გამოტანა ვინმეს დასჭირდეს, მაგრამ თავზე გადავლას ახლა მას უკვე ღარიბაშვილი არ აპატიებს. კობახიძე მარტო არ არის, ის პარტიაში არ უყვართ, მაგრამ მისი ეშინიათ, რადგან კობახიძეს არ აქვს წითელი ხაზი, რომელსაც ვერ გადაკვეთს, კობახიძეა პარტიაში კაცი, რომელსაც არ მოეთხოვება მორალურად გამყარებული განცხადების გაკეთება, კობახიძეა კაცი, რომელსაც ყველაფერზე და ყველას წინააღმდეგ შეუძლია წასვლა – ამიტომ, თუ ასარჩევად მიდგა საქმე, მეორედმობრუნებულ ღარიბაშვილზე მეტად, კობახიძის ეშინიათ და ამ შიშის გამო კიდევ უფრო მეტად სძულთ. კობახიძეს სუს-ის თანადგომაც აქვს ღარიბაშვილთან ბრძოლაში, რადგან ლილუაშვილამდე უკვე მიაღწია ხმამ, რომ ღარიბაშვილს მისი გაშვება სურს, უბრალოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდება. სხვათა შორის, სამივე ძალა სწორედ ოპოზიციას და მედიას გამოიყენებს ერთმანეთთან საბრძოლველად – თუ აკვირდებით, საჭირო დროს და საჭირო მომენტში სწორედ ის ცნობა აღმოჩნდება მედიის ხელში, რაც ერთ რომელიმე ძალას აწყობს და სანამ ჟურნალისტებს უხარიათ “ექსკლუზივი” და მომხრეები ოპოზიციის ლანძღვით არიან დაკავებულნი, აქაოდა, ეს რა გაბედესო – ამბების შემქმნელები, დამაარქივებლები და გამომტანნი სავარძლებში სხედან პულტებით ხელში.” – გვიყვება “ქართული ოცნებიდან” წყარო.
რამდენიმე დღის წინ, ვახო სანაიასთან ინტერვიუში კოტე ციხისთავმა, გიორგი სანაიას მკვლელობის შეკვეთაში პირდაპირ დაადო ხელი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს – თამაზაშვილს და თამაზაშვილმა, ტყუილია ეგ და დამიმტკიცეთო.
და თამაზაშვილმა დაამტკიცოს, რომ პატიოსანი ცხოვრებით იშოვა ფული და დააგროვა ქონება, გავლენაც პატიოსანი შრომის გამო აქვს. და ვისაც გვახსოვს თამაზაშვილი ძველი და ახალი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, ვისაც გვახსოვს, როგორ ბუზებივით იტაცებდნენ ადამიანებს 90-იანებში და რამდენი გატაცების უკან იკვეთებოდა კვალი, რომელსაც იმჟამინდელ შსს-მდე მივყავდით, იმათ რა ვთქვათ? გავჩუმდეთ? ვისაც გვახსოვს როგორ გამოუშვა ციხიდან ნომერ პირველ ტერორისტად მიჩნეული ჭიჭიაშვილი “ქართულმა ოცნებამ” და თავზე ხელი გადაუსვა – ან იმათ რა ვქნათ?
კოტე ციხისთავმა ძალიან საინტერესო რამ თქვა, ვახო სანაიასთან ინტერვიუში, განაცხადა, მიშას დროსაც მოვყევი, რომ ჭიჭიაშვილი და მისი ხალხი ცდილობდა პანკისში არეულობის მოწყობას და რუსის ჯარის შემოყვანას, მოვყევი იარაღით ვაჭრობის სქემაზე, კორუმპირებულ და მოღალატე ჩინოვნიკებზე, მაგრამ მიშაც არ გაყვა ამ საქმეს ბოლომდე, არც მან გამოიძიაო, პირდაპირ თქვა ციხისთავმა “სააკაშვილმაც დამალა ეს საქმეებიო” – ხოდა, ყველას და ყველაფერს კი პასუხობს სააკაშვილი, მაგრამ ციხისთავს არ უპასუხა. საინტერესოა, უპასუხებს, თუ არა და რას უპასუხებს? თუ დამალა, რა დამალა და რატომ დამალა? თუ სხვები იმიტომ მალავდნენ ასეთ ინფორმაციებს, რომ რუსეთთან იყვნენ კავშირში, მიშამ რა დამალა და რატომ?
რაღაცა ამ ინტერვიუს ის რეზონანსი არ მოჰყვა, რაც უნდა მოჰყოლოდა, გასაგებიცაა ოპოზიციის სიჩუმე, უმეტესობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ წაწეულა ეს საქმეები წინ. ყველაფერს თავისი დრო აქვს და აქ და ახლა დამთხვევა არ არის კოტე ციხისთავის ხელმეორე აღიარება.
ამასობაში, ქვეყანაში “ტყის ჩუქების სკანდალი” არ ცხრება. ტყე უსაფრთხოებისთვის გვინდაო, თამაზაშვილების ოჯახმა განაცხადა, რადგან გვესაზღვრებაო. ესე იგი, პრემიერი თვლის, რომ თუ ტყე ესაზღვრება, შეიძლება იქედან ვინმე მიეპაროს? და შავი ზღვა რომ ესაზღვრებოდეს? და მის სახლს რაც ესაზღვრება, ყველაფერი მისი უნდა იყოს? და ცა, მისი სახლის თავზე? სააკაშვილიც ჩუქნიდა მიწებს თავის ახლობლებსო – და სააკაშვილი მაგას რომ აკეთებდა, კი გააგდეს და კი ზის ახლა ციხეში და ღარიბაშვილს ჯერ გააგდებთ და მერე დაიჭერთ, თუ პირდაპირ დაიჭერთ? აბა, როგორ გამოდის ახლა ეგ საქმე, სააკაშვილი რომ აკეთებდა, ის ცუდი იყო და იგივეს ღარიბაშვილი რომ აკეთებს – კარგია?
გაზმა კიდევ ერთი ოჯახის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 ბავშვი და მათი მშობლები გარდაცვლილები იპოვეს. ოჯახი ძალიან ღარიბად ცხოვრობდა, როგორც ყვებიან და ბავშვებსაც ბევრი რამ ჰქონდათ სანატრელი, მაგრამ ალბათ, ჰქონდათ იმედი, რომ გაიზრდებოდნენ, ისწვალიდნენ, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებდნენ და ოცნებებს აისრულებდნენ… სამწუხაროდ, მათი ოცნებებიდან მხოლოდ 5 კუბო დარჩა, სამი მომცრო, 2 სტანდარტული.
რამდენიმე საათშივე გააკეთა თბილისი ენერჯიმ განცხადება – სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ცეო დაასახელა და თქვა:. “ჩვენი ინფორმაციით, როდესაც სამაშველო სამსახური აღნიშნულ ბინაში შევიდა მათ ღია მდგომარეობაში აღმოაჩინეს გაზქურის ღუმელი, რომელსაც აღნიშნული ოჯახი, გათბობის მიზნით იყენებდა.”
რა გამოდის, გამოძიების წინასწარ შედეგებზე თბილისი ენერჯი საუბრობს და არა შსს? საიდან იცის ჯერ კომპანიამ, გაკვეთის, ექსპერტიზის, კვლევის გარეშე, რის გამო დაიღუპა დაიხოცნენ ადამიანები თავიანთ ოცნებებთან ერთად? სად არიან სამსახურები, რომლებსაც გამოძიება, ექსპერტიზის ჩატარება და პასუხის გაცემა ევალებათ? სახელმწიფო სახელმწიფოშია თბილისი ენერჯი? მაგალითად, ვინმე, გარდა თბილისი ენერჯისა ამოწმებს რა გაზი მოდის მილში, რა მინარევებით? თბილისი ენერჯის შემოწმებულს, თავის მხრივ, ვინმე ამოწმებს? ამოწმებს ვინმე, რამდენად გამართულია ხელსაწყოები, რომლითაც გაზის გაჟონვის შემთხვევაში იყენებენ, დასადგენად? მაგალითად, ამოწმებს ვინმეს, დაზიანებული მილის შეცვლა ხდება, თუ შეკეთება? წესით, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სახლში დეტექტორი, რომელიც ავტომატურად გამორთავს გაზის მოწოდებას საფრთხის შემთხვევაში, მაგრამ საქმე ისაა, რომ ისედაც არაა აქვს ხალხს ფული და ამ დეტექტორის ყიდვას და დაყენებას საკუთარი სახსრებით გვავალდებულებს მთავრობა, თავის მხრივ, სახელმწიფოს არ უნდა ამაში ფულის დახარჯვა, არც კომპანიას და დავწყდეთ და ვინც გადავრჩებით – გადავრჩებით, ვინც ვერა და კუბოც არის და მიწაც ჯერჯერობით.
ხო, კიდევ ერთი, თითქმის ყველა პარტიის მომხრე დარწმუნებულია, რომ სოციალური აფეთქება გველის გაზაფხულზე. მათ შორის, ოცნების მომხრეები, ოცნებიდან წამოსული ჩინოვნიკების მომხრეები, ოპოზიციის მომხრეები. ვინ ავრცელებს ამ ხმებს და რისთვის ამზადებენ ველს, იმისთვის, რომ კიდევ ერთი მოლოდინი შექმნან, თუ მართლაც რაღაც იგეგმება – ვერ გეტყვით.
ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანებიდან, კულუარულად გვიყვება:
“ამერიკის საელჩოში რომ ამ რამდენიმე თვეში კომპრომატი და დოკუმენტები მიიტანეს (ყველა მხრიდან), ამდენი, მგონი, არასოდეს მიუტანიათ აქამდე. საქმე ისაა, რომ კელი დეგნანი ის პირია, რომლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ეს ფაილები ჩავა ამერიკაში, თუ არა, რადგან არც ერთ და აღარც მეორე მხარეს აღარ ჰყავს ისეთი ძლიერი ფიგურები, რომლებსაც პირდაპირი გზით შეეძლებათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამ დოკუმენტების მიტანა. სხვათა შორის, ელჩის ტონს, ბოლო თვეებია სიმკაცრე მოემატა, ყველა შეატყობდა. პირდაპირ ეუბნება Ñოცნებას” ფულს მართმევ ერთი საქმისთვის და აკეთებ მეორეს და ჩემივე ფულით გინდა გამომითხარო მიწაო – ეს უთხრა სასამართლო რეფორმისა და სახელმწიფო ინსპექტორზე გაკეთებული განცხადებებით. რამდენად შორს წავა ამერიკა და გადავა, მისცემს, თუ არა, ქართულ ოცნებას საშუალებას ამერიკული ფულით რუსული საქმის კეთების, გადავა, თუ არა საუბრიდან მოქმედებაზე – ამის რა გითხრათ. საქმე ისაა, რომ ოცნება უკვე მეათე წელია ხელისუფლებაში, ყველა ვარიანტში იცის, რომ ეს მისი ბოლო გაფართხალებაა, ამიტომ, ნაკლებად ინტერესდება ვის მოაწონებს თავს და როგორ, მთავარია მეტი მოასწროს, მეტი ფული, მეტი ქონება, მეტად ტკბობა ძალაუფლებით. ამიტომ იმის იქნება, ვინც მეტს გადაუხდის. საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკა თუ ფინანსურ სანქციებს დააწესებს, ნაკლები შემოსავლით დარჩენილი ოცნება მეტად გადაიხრება ოცნებისკენ, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ასე მოხდება, რადგან, ამდენი მუქთახორას რუსეთი არ შეინახავს, რუსეთი უზარმაზარ ფულს დახარჯავს პროპაგანდაში, მაგრამ არ დააფინანსებს ჯარს, არც პოლიციას, არც უსაფრთხოებას, არც განათლებას და არ დაგვავიწყეს, ლანჩხუთის ერთ პატარა სოფელში მოცვი რომ გაგვეშენებინა, მაგის ფულის ამერიკას გამოვართვით. რუსეთი გადაუხდის ფულს პარტიებს და კონკრეტულ პირებს და სახელმწიფოს შესანახი ფული საიდან უნდა მოიტანოს ოცნებამ? კელი დეგნანის ტონი, თუ დააკვირდებით, მას მერე მეტად გამკაცრა, რაც ქვეყანა თემურ ალასანიამ დატოვა. საქმე ისაა, რომ ჩემი ინფორმაციით, ალასანია ივანიშვილს უნდა შეხვედროდა, შეხვედრა დათქმული და დაორგანიზებული იყო და შუამავალი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელსაც სულ ახალდაწყებული ჰქონდა ე.წ. ეროვნული შერიგება და და სწორედ ამ საფარქვეშ მოხდებოდა ალასანიასა და ივანიშვილის შეთანხმების შესრულება. ბოლო მომენტში, ივანიშვილისა და ალასანიას შეხვედრა ჩაიშალა. ალასანიამ დაიბარა, მიშა იმდენ ხანს იქნება ციხეში, რამდენ ხანსაც საჭირო იქნებაო და წავიდა. ახლა დაიწყო ნერვების ომი და ამ ომში “ამერიკულ ნერვს” გადამწყვეტი სიტყვა ექნება, გვინდა ეს ჩვენ, თუ არა.”
კომენტარები