ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
– ბატონო ზაზა, თქვენი აზრით, რა იყო ხელისუფლების მიზანი, როდესაც „გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიიღებას აპირებდნენ? ხომ იცოდნენ, რა რეაქციაც მოჰყვებოდა ამ ამბავს, ახლაც კი როცა „ოცნებამ“ უკან დაიხია, რუსთაველზე ისევ აქციაა?
– ამ კანონის მიღებით, ბიძინა ივანიშვილს სურდა სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირება. ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მოსპობა და კონტროლი, რომლებიც მის ტოტალიტარული, ფეოდალური ტიპის მმართველობას ეწინააღმდეგება, ამხელდა და სხვა სახის პრობლემებს უქმნიდა. მას სურდა, იმ სექტორის განადგურება და რაც მისგან დარჩებოდა, იმის კონტროლი. უცხოური ფონდებიდან დაფინანსებული არასამთვრობო სექტორი, ფინანსურად არც ივანიშვილის ჯიბეზე და არც სახელმწიფოზე არ არის დამოუკიდებელი, იქ დასაქმებულები თავისუფალი ადამიანები არიან. თავისუფალი ადამიანი კი ტოტალიტარიზმის მტერია. ამ აქციებზე, 90% იდგა აპოლიტიკური ადამიანი, რომელთაც სულ არ აინტერესებთ არც ერთი პოლიტიკური პარტია. ამ ხალხმა არ დაუშვა საქართველოს გასაბჭოება და უკან, საბჭოთა კავშირში დაბრუნება. პირდაპირ ვიტყვი, საქართველო გადაარჩინეს, თავისუფლება შეუნარჩუნეს. გამჭვირვალობა კარგი რამეა. ხელისუფლებას თუ არასამთავრობოების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა უნდოდა, მიეღოთ ისეთი კანონი, რომელიც მათ დაავალდებულება, დეტალურად გამოექვეყნებინათ დაფინანსების წყარო, სად და რაში დახარჯეს თითოეული თეთრი. ივანიშვილის რეჟიმს თავს გაუვიდა, ძალიან ბევრი სიბინძურე გააკეთა ამ 10 წლის მანძილზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად და შერჩათ. ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს, ხალხი უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაშია, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. ივანიშვილს, რაც ზემოთ ვთქვი, იმის გარდა, ამ კანონპროექტის მიღების პროცესით, ამ აჟიოტაჟით სურს გადაეფარა ეს პრობლემები. გადაფარა კი არა, საშინელი საპროტესტო ტალღა მიიღო. ის პოლიტიკოსები, რომელთაც პულსი არ ესინჯებოდათ, გმირებად აქცია. ეს ხომ ვიღაც უტვინომ და არანორმალურმა მოიფიქრა, ან თავად ივანიშვილმა, ან მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრმა? იმ არანორალურმა ქვეყანაში გამოიწვია სახიფათო დაპირისპირების ტალღა. სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გავიარეთ. უკან რომ არ დაეხია ხელისუფლებას, ოთხჯერ მეტი ხალხი გამოვიდოდა. ხალხი იდგა, აპროტესტებდა კანონპროექტს, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცილებიან, მივიდა სპეცრაზმი და მათი დარბევა დაიწყო. ეს პირველ დღეს მოხდა და მეორე დღესაც იგივე განმეორდა. იმ მეორე დღესაც იდგნენ მშვიდობიანად და კიდევ დარბიეს ხალხი. ძალადობა წარმოშობს ძალადობას და რაც მოხდა, ხელისუფლების ბრალია. ჩემი შვილი, ლუკაც იქ იდგა, სტუდენტია. ლუკა მწერალია, სხვა ახალგაზრდა მწერლებთან ერთად იდგა იქ. რამხელა ენთუზიაზმი იყო, მარჯანიშვილი თეატრის დასი იყო აქციაზე. აპოლიტიკური ადამიანები იყვნენ. ხალხს გაახსენდა 9 აპრილი, ყველა ის უბედურება, რაც ამ ქვეყანამ გადაიტანა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, დემოკრატიისთვის ბრძოლაში და ევროპული ქვეყანა რომ ყოფილიყო, ამისთვის ბრძოლაში. ზოგი თავად შეესწრო ამ ამბებს და იბრძოდა კიდეც, ახალგაზრდებმა კი სხვისგან იციან, რა გზა გამოიარა ამ მართლა უბედურმა საქართველომ. მიხარია, რომ ჩემი სტუდენტი შვილი იქ იდგა და სხვებთან ერთად იცავდა ამ ქვეყნის მომავალს. ვუთხარი, როგორც იქნა, შენც დაგარბიეს, შვილო, მე იმდენჯერ დამარბიეს, უკვე აღარ მახსოვს–მეთქი. ლუკას გაეცინა. ერთ დღეს დაარბიეს და მეორე დღეს ისევ წავიდა აქციაზე თავის მწერალ მეგობრებთან ერთად. ეს დარბევები იყო პამპერსიანი კაცის შიშები. დარბევა რომ დაიწყო მეორე დღეს, მერე ოცმა–ოცდაათმა კაცმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გადააჭარბა. ეს უნდა ვთქვა აუცილებლად, ამას სამართლიანობა მოითხოვს. არც ეს იყო კატასროფა, მაგრამ ხელისუფლება ჩასაფრებული იყო, ამას ელოდებოდა, ეს სათავისოდ გამოიყენეს და მერე დაიწყეს 20 000 კაცის დაუნდობლად დარბევა. რა ვიცი, ეტყობა გამწარებულები იყვნენ. ეს ხელმოსაჭიდი მისცა ორმა თუ სამმა ათეულმა კაცმა ხელისუფლებას და მომავალში, თუ კიდევ მოგვიწევს ქუჩაში ჩვენი თუ სხვათა უფლებების დაცვა საპროტესტო აქციებით, ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ეს იყო ხელისუფლების ბოროტება. როცა იცი, რომ სტუდენტები დგანან იქ და ცდილობ, სტუდენტური მოძრაობა ძალადობით ჩაკლა, რათა ფეოდალ ივანიშვილს ასიამოვნო, ეს არის დიდი ბოროტება. ბიძინა ივანიშვილი ამ ორ დღეში გაუთანაბრდა მიხეილ სააკაშვილს მშვიდობიანი დემონტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით. ლუკამ, ჩემმა შვილმა მითხრა, ქაშვეთს თავი შევაფარეთ და იქაც გაუშვეს მხუთავი გაზიო. მოვა დრო, ესენიც მოშორდებიან ხელისუფლებიდან და ამ დანაშაულს გამოიძიებენ და ბრძანების გამცემებიც და შემსრულებლებიც დაისჯებიან.
– ხომ ფაქტია, რომ სტუდენტებმა დახევინეს უკან ხელისუფლებას და იმიტომ დაიწყეს კანონის გამოწვევაზე ლაპარაკი?
– კი, სტუდენტური მოძრაობა არის ძლიერი მოძრაობა. უკან დახევა არ იციან და როცა აქციაზე დაარბევ, სცემ და შეურაცხყოფ, მეორე დღეს უფრო გაბრაზებული და მოტივირებული გამოდის, თან, მას სხვა სტუდენტებიც მოჰყვებიან, რომლებიც წინა დღეს აქციაზე არ იყვნენ. ყველგან ასე ხდებოდა, სადაც სტუდენტები პროტესტით გამოსულან გარეთ. ხელისუფლება წინ ვეღარ აღუდგა სტუდენტებს. ფეოდალი არის პამპერსიანი კაცი, დაინახა, რომ დიდი სტუდენტური მოძრაობა იწყებოდა და ამ შემთხვევაში, სტუდენტები მარტო მაგ კანონპროექტტის შეჩერებას კი არა, ბევრ სხვასაც მოითხოვნდნენ მერე, რაც ხალხს კანონით ეკუთვნის და წაართვეს. სტუდენტურ მოძრაობას ამ ხელისუფლების მოშორებაც შეუძლია. ეს დაინახა იმ პამპერსიანმა კაცმა და უკან დაიხია, დათმო ეს უგუნურება – გავლების აგენტების კანონი. ისე, 2019 წლის 20 მაისს ხალხი რომ დაარბიეს, თვალები დათხარეს და ის შერჩა, ეს იმიტომ გაბედა.
– რამდენად სანდოა ხელისუფლება? გაიწვევენ კანონპროექტს თუ რაიმე თაღლითური გზით მაინც შეეცდებიან მის მიღებას?
– ეს ხელისუფლება სანდო არ არის და არც სტუდენტები დაუჯერებენ მაგათ მხოლოდ დაპირებას, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. დარწმუნებული ვარ, არც თაღლითობის და პოლიტიკური მანიპულაციების გზით თავის დაძრომის საშუალებას მისცემენ. უნდა ჩატარდეს პარლამენტში მეორე მოსმენით კანონისთვის ხმის მიცემა და უმრავლესობამ უნდა ჩააგდოს. იმ დეპუტატებმა ვინც ხმა მისცეს კანონს, ახლა მის წინაამღდეგ მისცემენ ხმას. რა დღეში ჩააგდო, რა დონეზე აიგდო მასხარად ივანიშვილმა ეს დეპუტატები, ამდენ ხალხს ალანძღინა, დასცინა ხალხმა და ახლა, ვინც მიღებას დააჭირა ხელი, ახლა უარს უნდა დააჭიროს. დეპუტატები არიან თუ ცხვრის ფარაა?! საერთოდ, აქამდე იმიტომ მივიდა საქმე, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. ოპოზიცია, რომ პარლამენტში არ შესულიყო, „ქართული ოცნება“ უნდა დაეტოვებინათ მარტო. ეს რომ ექნათ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ამარა დარჩენილი ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ გაბედავდა. ახლა ვითომ დემოკრატიული საფარი აიფრეს, მრავალპარტიული პარლამენტია, საკომიტეტო მოსმენებია და ვითომ ამით დასავლეთის მოტყუებას შეეეცადნენ. ცხადია, არავინ მოტყუებულა. არადა, ოპოზიციონერები იგინებოდნენ, იფიცებოდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ. ოპოზიციის ლიდერები უკვე პოლიტიკური გვამები იყვნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა თავისი უგუნური ქმედებით, ისინი გმირებად აქცია. ასეთი გონებადახშული როგორ უნდა იყო ხელისუფლება, ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომ ის სტუდენტები, რომელთაც კარგად იციან, რა საშინელებაც იყო სააკაშვილის რეჟიმი, შენ დაგიპირისპირდნენ, რადგან შენში მეტი ბოროტება დაინახეს?!
– ვუყურებ ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებს და ისევ იმ პოლიტიკოსებს, ისევ ამ გაცვეთილ და ყელში ამოსულ სახეებს ვხედავ. ადგნენ და ის სტუდენტები, მათი ლიდერები მიიწვიონ, ისინი ალაპარაკონ, ბევრი ჭკუასაკითხავი ახალგაზრდაა მათ შორის და მისცენ შანსი. მერე, ამ ახალგაზრდებიდან საუკეთესოები იქცევიან საზოგადოების ლიდერებად და ზოგიერთი პოლიტიკაშიც წავა სუფთა წარსულით და სინდისით. არა?
– რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში უბედურება მოხდა, ეს ოპოზიციური ტელევიზიები არიან დამნაშავენი – „ტვ–პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“. ეს ტელევიზიები კონკრეტული პარტიების დღის რეჟიმში, მხოლოდ მათ პიარზე მუშაობენ და ახლა პოლიტიკოსების ხშირად გამოჩენა, ამ საპროტესტო მუხტის ჩაკვლას ნიშნავს. ხომ ნახეს, რომ პოლიტიკოსებმა 10 წელია, ვერ გამოიყვანეს ხალხი და ხელისუფლებას ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს უკან, ერთი სანტიმეტრით ვერ დაახევინეს და სტუდენტებმა ერთი გამოსვლით ამხელა საქმე გააკეთეს, ხელი ააღებინეს იმ კანონის მიღებაზე, რომლის გასატანად ხელისუფლებამ მთელი პოლიტიკური და პოლიციური რესურსის მობილიზება მოახდინა. დიახ, ორივე ხელისუფლება უნდა მოშორდეს და ისინი ჩაანაცვლოს ახალმა თაობამ.
კომენტარები