გიორგი ჯავახაძე, ალია
უკვე ნაცადი სცენარი და ქვეყნიდან „გაყვანილი“ ივანიშვილი
2019 წელი, მოლდოვა – დიდი სკანდალი გამოიწვია ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების უკანონო მოსმენის საქმემ. უფრო კონკრეტულად, ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, კირილ მოცპანმა გამოაქვეყნა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სია, ვისაც უსაფრთხოების სამსახური უსმენდა. მოსმენები, ადგილობრივი მედიის ცნობით, ხორციელდებოდა ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერს, ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკის დავალებით, რათა პოლიტიკური ოპონენტების და ოპოზიციური მედიის ჭუჭყიან საცვალში ჩაეხედათ და მერე დაეშანტაჟებიათ. ძალაუფლების კოალიციური მმართველობისთვის გადაცემის შემდეგ, იგივე 2019 წელს ოლიგარქი ქვეყნიდან გაიქცა.
2019 წელი – სერბეთი – ხმაურიანი სკანდალი – გახმურდა, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს უკანონოდ უსმენდნენ. გავრცელდა ხმები, რომ უსმენდნენ ელჩებსაც. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ მოსმენები დაიწყო 2018 წლის სექტემბრიდან და სერბეთის იმჟამინდელ პრეზიდენტს ციხით ემუქრებოდა. ამის საპასუხოდ, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას უკვე 20 წელია უკანონოდ უსმენენ. 2021 წელი – დაიწყო გამოძიება სერბეთის პრეზიდენტისათვის უკანონო მოსმენის შესახებ.
როგორც ვხედავთ, სცენარი ერთია და შედეგი სხვადასხვა.
მსგავსი სცენარი ვითარდება ახლა საქართველოშიც და ივანიშვილი რომ გამოვიდეს და თქვას, ეგ რა არის, მეც მისმენენ 20 წელიაო, არავის გაგვიკვირდება, მაგრამ, აბა, ივანიშვილი?
როგორც ვხედავთ, მოლდოვის შემთხვევაში, ოლიგარქი ქვეყნიდან გაიქცა და რას ნიშნავს, ქვეყნიდან გაიქცა? გაიქცა, თუ გაიყვანეს?
ჩვენი წყარო გვიყვება, რომ ივანიშვილი ქვეყნიდან უკვე გაიყვანეს (რისი გადამოწმებაც, გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოვახერხეთ), ისევე როგორც სააკაშვილი გაიყვანეს თავის დროზე და გაქცევა დაარქვეს. „ივანიშვილი უკვე გაიყვანეს ქვეყნიდან, ქვეყნიდან და პოლიტიკიდან, შესაბამისად, მისი პოლიტიკაში გამოჩენის იმედი, „ოცნების“ ამომრჩეველს აღარ უნდა ჰქონდეს. მართალია, „ოცნება“ თვეების წინ თავადვე ავრცელებდა ხმებს, ივანიშვილი ჩამოშორდა პოლიტიკასო, ახლა კი იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ივანიშვილი წყვეტს დღემდე, ვინ რა თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ივანიშვილის ქვეყნიდან გაყვანა უკვე დაგეგმილი იყო, როცა ოლიგარქის ფულად სახსრებს ერთად მოეყარა თავი „ქართუში“ და რამდენიმე მილიონი „დაიტოვა“ მხოლოდ ანგარიშზე. ჩემი ინფორმაციით, დასავლეთმა ივანიშვილი გაიყვანა იმ პირობით, რომ მისი ფინანსები არ დაიბლოკება, არც სანქციები შეეხება, მაგრამ მისი ფული გაკონტროლდება და ის ვეღარ დააფინანსებს პოლიტიკურ ფიგურებს და პოლიტიკას. სწორედ ამიტომ აღარ ჩანს ივანიშვილის ფული ამ არჩევნებზე, სწორედ, ამიტომ, წელს განსაკუთრებულად იკბინება „ოცნება“ და სავარაუდოდ, მეტი წნეხის ქვეშ იქნება ბიზნესიც, რომელმაც 2021 წლის არჩევნების დაფინანსება თავის თავზე უნდა აიღოს.
დასავლეთს სჭირდება კოალიცია, ამჯერად არც „ნაცებს“ დაუთმობს სრულად მთავრობას და არც „ოცნებას“, ამიტომ, რამდენიმე გადათამაშება გაკეთდა. გახარიამ ყველაზე სწრაფად აუღო ალღო სიტუაციას და მისი გადადგომის ნამდვილი მიზეზი სინამდვილეში ეს იყო – მოსალოდნელი ცვლილებები და არა ნიკა მელიას დაკავება, ან არდაკავება. სწორედ ამიტომ იყო გუნდისთვის მოულოდნელი გახარიას ნაბიჯი. გახარიამ დროს სიტუაცია შეურჩია. როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად, რადგან, მალევე, უკვე ყოფილი პრემიერის რანგში იგი ეწვია ამერიკას, სადაც არაერთი შეხვედრა გამართა. მას თავისი ადგილი ექნება კოალიციაში. პარალელურად, სააკაშვილმაც გამართა შეხვედრები ევროპასა და ამერიკაში და ნიკა მელიამაც, ეს შეხვედრები დროში დაემთხვა ერთმანეთს და სავარაუდოდ, სწორედ მაშინ განაწილდა, ვის რა როლი ექნებოდა სცენარში, რომელიც ისევ უცვლელია, იწყება ფარული ჩანაწერების გამოტანით და მერე ვითარდება. ამჯერად, ამ სცენარში, თავისი როლები აქვს „ენმ“ და სააკაშვილს, სხვა საქმეა რამდენად ემთხვევა მათი გეგმები ერთმანეთს. ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ „ოცნება“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე უარს იტყვის. გამომდინარე იქედან, რომ „ოცნება“ აშკარად არ აპირებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, სააკაშვილის ჩამოსვლა თითქმის გარდაუვალია, რასაც სამწუხაროდ, არეულობა მოჰყვება, ამღვრეულ წყალში კი, თევზაობა უკვე ადვილია.
იმის ნიშნად, რომ ოპოზიციური ფლანგი ერთი დიდი სცენარის ნაწილი, რომ მგელი და ცხვარიც კი ერთად სძოვენ, ხაზარაძემ „ენმ“-თან ჰპოვა საერთო ენა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა, საქმეს თუ დასჭირდა, გახარიასაც კი დაველაპარაკებიო. „ენმ“, რომელიც გახარიას დანა-სისხლად იყო თითქოს გადაკიდებული, აქა-იქ თუ სიტყვას დაასველებს, თორემ, მასზე ძველი რიხით აღარ საუბრობს. მეტიც, კალაძე ჩვენი პირადი მტერიაო, იძახდნენ, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში კალაძეს აქა-იქ მოდაზე თუ ახსენებენ, თორემ, მთელ დროს ღარიბაშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უთმობენ, თითქოს ისინი მონაწილეობდნენ არჩევნებში. ეს გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მომავალ კოალიციურ მმართველობაში კალაძისთვისაც არის ადგილი გათვლილი და როგორც უკვე დიდი ხანია გვიყვებიან, ახალ მთავრობაში არ იქნება ღარიბაშვილის ადგილი.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაც შეთანხმებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან, რასაკვირველია, არაოფიციალურად – „გასული, 2020 წლის არჩევნების წინ, გავრცელდა ხმები, რომ გარკვეული კომპრომატები გავრცელდებოდა, გავრცელდებოდა ფარული ჩანაწერები, თუმცა, ასე არ მოხდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დასავლეთი მზად საქართველოში ხელისუფლების შეცვლისათვის და როგორც ჩანს, შიდა წრეებში, ამ ჩანაწერების გავრცელებაზე დასტური არ მოხდა. დასავლეთის და ამერიკის ზურგის გარეშე კი, მათ გავრცელებას უბრალოდ ვერ გაბედავდნენ. ნიშანდობლივი იყო შარლ მიშელის დუმილიც, ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირების შემდგომ, მისი დუმილი იმის მომასწავებელი იყო, რომ მას აღარ ჰქონდა სასაუბრო ამჟამინდელ ხელისუფლებასთან. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამჯერად, სწორედ ამ არჩევნების წინ, ამ ტიპის ჩანაწერების გავრცელება იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების მმართველობის დრო ამოიწურა და წამზომი ჩართულია. საუბარია იმაზეც, რომ 20 სექტემბრის კვირაში, მომდევნო ჩანაწერები გავრცელდება. ამაზე მმართველ გუნდსაც აქვს ინფორმაცია და სწორედ ამიტომაც იზღვევენ თავს და წინასწარ აანონსებენ, რომ პროვოკაციას შეიძლება კიდევ ჰქონდეს ადგილი.
ამ სიტუაციამ 2012 წელი გამახსენა, როცა ჯერ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა კადრების გავრცელება და მერე გავრცელდა, სააკაშვილმაც იცოდა და დაასწრო განცხადების გაკეთება, თუმცა, ამან არ უშველა და არც ამ შემთხვევაში უშველის „ოცნებას“ პროვოკაციის დაანონსება.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა რომელიმე ქვეყანაში უკანონო მოსმენების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. საქართველოში ჯერ საეკლესიო პირების მოსმენების შესახებ გავრცელდა ჩანაწერები და არც ესაა შემთხვევითი. უკვე წლებია, პოლიტიკოსებთან ერთად, პატრიარქის რეიტინგი იზომება და ის ბევრად აჭარბებს პოლიტიკოსების რეიტინგს. სამღვდელობას ერში იმაზე მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე პოლიტიკოსებს, შესაბამისად, ამ ჩანაწერების გავრცელებით, ორი კურდღელი მოკლეს, სასულიერო პირებმა კი იცოდნენ, რომ მათი საუბრები ისმინებოდა, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელებიც გატეხილი იყო მათი და ზოგის სახლშიც კი იყო დაყენებული მოსასმენი აპარატურა, თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ „ოცნებამ“ ვერ უზრუნველჰყო ამ ფაილების შენახვა. მაგალითად, სუს-ს რომ ყველა ერთ თვეში დაეარქივებინა მასალა და მათი შენახვა სხვა დეპარტამენტის საქმე ყოფილიყო სრულიად საიდუმლოდ, ეგაც არ გააკეთეს, ყველა მასალა ერთად იყო თავმოყრილი. ალბათ, რომ არ ეწვალათ და შესაბამისად, არც ამ ფაილების გამოტანაზე იწვალებდა ის, ვინც გამოიტანა. მეორე – განაწყენებულმა ეკლესიამ, უკანასკნელი ძალა რომ მოიკრიბოს და მრევლს მაინც მოუწოდოს ხელისუფლების მხარდაჭერისკენ, მათ სიტყვას ის ძალა აღარ ექნება, რაც ჰქონდა და ნებისმიერ წამს ექნებათ იმის მოლოდინი, რომ ვინმე მათ იმ პირად მასალას გაავრცელებს, რომელიც უკვე უამრავი ადამიანის ხელშია. ამ ვითარებაში, სულაც რომ არავინ გაუვრცელოს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, მათ ხმას რიხი თავისითვე დაეკარგება.“ – გვიყვება წყარო.
კომენტარები