ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ზაზა ხატიაშვილი.
– ბატონო ზაზა, ვაკის პარკის აუზში, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვამ ყველაფერი გადაფარა ქვეყანაში.
– კი, ძალიან მძიმე ტრაგედია იყო, მაგრამ არც სოციალური ქსელით გამოვეხმაურე, თუმცა მომხდარზე თავიდანვე მქონდა ჩემი პოზიცია. არც სამძიმარზე წავედი, რომ ჟურნალისტებს არ გადავყროდი. ჯერ ერთი, დათრგუნული ვიყავი და რაც მთავარია, არ მინდოდა, პოლიტიკურ ან სხვაგვარ აქტივობაში ჩაეთვალა ვინმეს ჩემი ქმედება. ენას ძვალი არ აქვს და რა ვიცი, ვინ რა უბედურებას იტყოდა ჩემზე. ბევრი პოლიტიკოსი ვნახე ამ დღეებში ტელევიზიით, რომლებიც კეკლუცობდნენ და 13 წლის ბავშვის სიკვდილით პოლიტიკურ ქულებს იწერდნენ. ეს თუ სხვაგვარი ტრაგედია, ადრე თუ გვიან მაინც უნდა მომხდარიყო. მომავალში კიდევ მოხდება მსგავსი ტრაგედიები, ზოგჯერ ბავშვი დაიღუპება, ზოგჯერ ახალგაზრდა, ზოგჯერ მოხუცი. რატომ? იმიტომ, რომ მთელი ქვეყანა ტოტალურ კორუფციაშია ჩაფლული. ტყუილი არ არის ის ხატოვანი გამონათქვამი, რომ კორუფცია კლავს. ეს ფრაზა საქართველოში არ მოუგონიათ. მარტო თბილისის მერია კი არა, ქვეყანაში ყველა მერია და გამგეობა, ყველა სამინისტრო ჩართულია ამ კორუფციაში. ყველა, სახელმწიფო სტრუქტურა, ვისაც სახელმწიფო შესყიდვების უფლება აქვს, ცდილობს, ტენდერები მოაგებინოს შინაურებს. მერე, „ატკატის“ სახით კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მესვეურები აძლევენ ფულს და ყველაფერი კეთდება იაფად და უხარისხოდ. სად, როდის და რა გამოვა მწყობრიდან, რა დაინგრევა, რა დაიშლება, უდროოდ რა გაცვდება, არავინ იცის. შესაბამისად, მსხვერპლი კიდევ იქნება. 3 წლის წინ, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი რომ აშენდა, იქითკენ მომავალ გზაზე ერთი თვის დაგებული ასფალტი ვნახე და უკვე ბალახი იყო ამოსული. თბილისის მერობის კანდიდატი რომ ვიყავი, ყველა ტელევიზია მბლოკავდა, რადგან არც ერთი არ ამბობდა სიმართლეს. თბილისის მერიის ტენდერებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ახლობლებიც იგებენ, ისინიც გაბერილი ხარჯებით და ისინიც უხარისხოდ აკეთებენ ყველაფერს და არ აწყობდათ ამაზე ლაპარაკი. 1 მილიარდ ლარს ყოველწლიურად იპარავენ თბილისის ბიუჯეტიდან. მაშინ ვთქვი, რომ ამ 1 მილიარდი ლარით, ბავშვებს დღეში სამჯერ ვაჭმევდი. მერე ნიკა მელიამ მომპარა ეს იდეა და იგივე გაიმეორა, ოღონდ ის აღარ უთქვამს, რომ ამ მილიარდ ლარს, მერიის კორუფციული სისტემის მოსპობის მეშვეობით მოახმარდა ბავშვებს. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით სრულდება და ეს ყველამ იცის. კორპუსებზე მინდა შევჩერდე. ეს ეხება, როგორც მერიის მიერ აშენებულს, ასევე კერძო მშენებლობებს. ვაზისუბანში გაიარე, კორპუსებია, რომლებიც 1 წლის წინ აშენდა და გარე ფასადი უკვე ჩამოყრილია და ბლოკები ჩანს. 5 წლის მერე რა მდგომარეობაში იქნება ეს კორპუსები, შიგნით რა ხდება და როგორი დაუდევრობით იქნება შესრულებული ყველა სამუშაო, ფუნდამენტი როგორ იქნება ჩასხმული, ეს წარმოიდგინე. ღმერთმა დაგვიფაროს და, ერთი კორპუსი ჩამოინგრევა, დაიხოცება და დასახიჩრდება ხალხი და მერე ატყდება ვაი-უშველებელი. ბოლოს ადგებიან და „პრარაბს“ და მშენებლებს დაიჭერენ, როგორც ახლა გააკეთეს ვაკის პარკის აუზის შემთხვევაში. ეს იმიტომ ხდება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა, მერე შუალედური და საბოლოო ექსპერტიზა არ ხდება ამ კორპუსებისა. ყველა აშენებს, ვისაც ამის შანსი აქვს. აშენებს ისეთი ხალხი, ვისაც ცხოვრებაში შეხება არ ჰქონია მშენებლობასთან, აგური-აგურზე არ დაუდია. აშენებენ იურისტები, მუსიკოსები, სპორტსმენები, ფილოლოგები… მშენებლების გარდა, მგონი ყველა. ვარკეთილში, გლდანში, თბილისის ცენტრალურ უბნებშიც ბევრია კორპუსები, რომლებიც გადახრილია. ახლად აშენებული კორპუსებია ყველა, ზოგიერთი მხოლოდ 1 წლის აშენებულია. არ მესმის, ჯერ მერია ასეთ კორპუსს როგორ იღებს ექსპლუატაციაში და როგორ გასცემს დასკვნას, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხოა და უსაფრთხოებისა და სხვა ყველა მოთხოვნების დაცვით აშენდა კორპუსი. მერე იმ ხალხისა მიკვირს, ვინც ამ კორპუსებში ბინებს ყიდულობს, 200-300 ათას დოლარს და ზოგი მეტსაც იხდის და ოჯახით შედიან საცხოვრებლად. რატომ აყენებენ შვილებს და შვილიშვილებს ასეთი საფრთხის, ასეთი სასიცოცხლო რისკის წინაშე? ერთი და ორი წლის აშენებული კორპუსი რომ გადაიხრება, იქ ცხოვრება სასიცოცხლო რისკია, აბა, სხვა რა არის? თბილისის მერიაში ტენდერებს იგებენ კომპანიები, რომელთაც მფარველები ჰყავთ, ხოლო უპატრონო კომპანიები კოტრდებიან. ეს მფარველებიანი კომპანიები კი, იმ მფარველებს მოგებული ტენდერებიდან „ატკატს“ აძლევენ და თავის ნებაზე, ყოველგვარი კონტროლის გარეშე ანხორციელებენ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თბილისის მერიაში არის ტოტალური კორუფცია. არის თუ არა კალაძე ამ კორუფციის სათავეში? კაცო, დავუთვალე და „ალიაშიც“ ვთქვი, ყოველწლიურად მილიარდ ლარს იპარავენ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. კალაძე თუ არ არის ამ კორუფციის სათავეში, თუ მისი ხელქვეითები იპარავენ და არ იცის, გამოდის კალაძე ვერ აკონტროლებს მერიას და უნდა გადადგეს. თუ ასე არ არის და თავად არის კორუფციის სათავეში, მაინც უნდა გადადგეს. მესამე ვარიანტი არ არსებობს. რაც შეეხება ვაკის პარკის აუზში არასწორად შესრულებულ სამუშაოებს და კალაძის პასუხისმგებლობას. 9 კაცი დაიჭირეს და 900 უნდა დაეჭირათ, მაგრამ არა მარტო ელექტრიკოსები და დაბალი დონის შემსრულებლები. მხოლოდ 2 კაცია ცოტა წონიანი-კომპანიის დირექტორი და მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. ახლა ნახე რა ხდება. ჯერჯერობით, გამოძიება გვეუბნება, ერთ აუზში „მოცეკვავე შადრევანის“ გაკეთებისას დამნაშავე აღმოჩნდა 9 კაციო. მთელი ვაკის პარკის რეაბილიტაცია მოხდა და ყველა სახის სამუშაო ამ კომპანიამ შეასრულა. ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა, ის დიდი კასკადური შადრევანიც ხელახლა გაკეთდა, ახალი სკამები დაიდგა, კაფეები აშენდა, გზა გაკეთდა, ველობილიკები და კიდევ ბევრი რამ გაკეთდა. წარმოიდგინე, ახლა ვიღაცამ პატიოსნად რომ შეისწავლოს უკვე გაკეთებულის ფინანსური და უსაფრთხოების ექსპერტიზაც ჩაუტაროს ამ ყველაფერს, რამდენ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს აღმოაჩენს, რამდენი რამ იქნება ხელახლა გასაკეთებელი და რამდენი ფული იქნება მოპარული. 33 მილიონი დაჯდა ვაკის პარკის რეაბილიტაცია და ეხუმრები ამხელა თანხას? ახლა ვაკის პარკის გარდა რამდენი პროექტი გაკეთდა ამ ხელისუფლების ხელში, ისიც მიათვალე. ახლა, კახი კალაძემ რომ არ გადაყვლიფა სადენი იმ აუზში, ეს ვიცი. თუმცა, რაც მოხდა, იმის გამო უნდა გადადგეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს არის ზუსტად. თუმცა, არ მიდის და ეს მომავალში ცუდად დახვდება წინ. მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, რომ გადამდგარიყო, ეს ღირსეული წასვლა იქნებოდა. კალაძის ღირსებასთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვები იყო, ყველა მოიხსნა – უღირსებო კაცია. ეს ხალხიც იმიტომ დაიჭირეს, რომ ახალი იური ვაზაგაშვილი, ირინე ენუქიძე თუ ჯამბულ გამცემლიძე, რომ არ გამოჩენილიყო, ამისი შეეშინდა ხელისუფლებას. ხალხის აღშფოთებისა შეეშინდათ, გარეთ არ გამოსულიყვნენ, დიდი საპროტესტო აქციები არ აგორებულიყო და ელექტრიკოსები და „სვარჩიკებიც“ კი დაიჭირეს. არადა, იყო ამის საფრთხე – ბავშვის გარდაცვალებიდან 40 დღე რომ გავიდოდა და არავინ იქნებოდა დაჭერილი, გამოვიდოდა ქუჩაში ხალხი და მიადგებოდა კალაძეს მერიასთან. ამ დაჭერებით არ გამოსწორდება ის უბედურება, რაც გვჭირს. მერობის კანდიდატი რომ ვიყავი, „ალია“ იყო ერთადერთი მედიასაშუალება, ვინც არ მბლოკავდა. შენ მოგეცი მაშინ ინტერვიუ და ვთქვი, თუ მერი გავხდი, მერიის ყველა ტენდერი გამჭვირვალე იქნება, ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ჩატარდება-მეთქი. მაშინ დამბლოკეს „მიშავიზიებმა“ და „ბიძინავიზიებმა“, მარტო იმ ხალხს იწვევენ, ვინც მაგათ სარედაქციო პოლიტიკას ერგება და ვინც მათი პოლიტიკური ბოსების მაამებელს იტყვის. ეს არ არის თავისუფალი ჟურნალისტიკა, როდესაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები განსაზღვრავენ ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკას, თოქ-შოუებს სტუმრების სიას უდგენენ. თბილისის მერიაში სამჯერ მეტი კაცი მუშაობს, ვიდრე მსოფლიოს ერთ-ერთ ფინანსურ ცენტრში, ლონდონში და ამით ყველაფერია ნათქვამი. „ქართული ოცნების“ არაპროფესიონალი აქტივისტებით გაავსეს მერია. ჯანდაბას, შენიანი მიიყვანე, მაგრამ პროფესიონლი მაინც მიიყვანე, საქმე გააკეთოს და არ გააფუჭოს. უცოდინრებითა და უსაქმურებით გამოტენეს მერია და დიდ ხელფასებს უხდიან ხალხის ხარჯზე.
– ბავშვის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია ამქვეყნად და ამ ტრაგედიამ ვაკის პარკს ფუნქცია დაუკარგა, იქ ბავშვს გასართობად არავინ წაიყვანს, ატრაქციონებზე არავინ დასვამს ბავშვს, რადგან არავის აღარ აქვს იმის გარანტია, რომ ბავშვი ცოცხალი ჩამოვა იქიდან…
– კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ჯერ ერთი, მორალურად დათრგუნულა ხალხი ამ ტრაგედიით და მერე, ვინ დაჯდება იმ ატრაქციონებზე, რომლებიც ელექტროენერგიით იმართება? ისინიც ხომ იმ კომპანიამ დაამონტაჟა, რომელმაც აუზში დაამონტაჟა ელექტროგაყვანილობა? გინდა მექანიკური კარუსელები იყოს, გინდა სხვა სახის გასართობი, მშობლები ბავშვებს არ დასვამენ მათზე. მანდ მხოლოდ შუახნის და ასაკოვანი ხალხი თუ ივლის დომინოს და ნარდის სათამაშოდ. ბავშვებისა და ახალგაზრდების სიმბოლო იყო ვაკის პარკი და სიკვდილის სინონიმად იქცა.
ერთს დავამატებ ამ მერიის კორუფციის ამბებს. გიგი უგულავა 50 მილიონი ლარის არამიზნობრივად გახარჯვაზე იჯდა ციხეში. ტელევიზიით გამოვიდა უგულავა და განაცხადა, იმ სქემით, რის გამოც მე 50 მილიონი ლარი მოპარვისთვის ვიჯექი ციხეში, კალაძეს უკვე 600 მილიონი აქვს მოპარულიო და ეს მაშინ თქვა, როცა მერობის პირველი ვადა გასდიოდა კალაძეს. მეტი რაღა თქვას სასამართლოს გამტყუნებულმა და მსჯავრმოხდილმა კაცმა? ადექი და გადაამოწმე, მართალს ამბობს თუ არა. რამდენი კორუფციული ტენდერის, რამდენი ერთ პირთან უკანონოდ გაფორმებული კონტრაქტის ფაქტები დაუდია მედიას, მერიის მაღალჩინოსნების მიერ ნათესავების, მეგობრების, მინისტრების, დეპუტატებისთვის, ფაქტიურად ნაჩუქარი, კაპიკებად მიყიდული მიწის ნაკვეთების, სხვა სახელმწიფო ქონების ფაქტები დაუდიათ. რეაგირება არაფერს მოჰყოლია. სად არის აუდიტის სამსახური? არ შეუმოწმებია მერია თუ დარღვევები არ აღმოუჩენია? უკანონობა ხელის გულზე დევს. სად არის ფინანსური პოლიცია? სააკაშვილის რეჟიმის დროს ხალხს ცხოვრება გაუმწარეს, ქონებასა და ბიზნესს ართმევდნენ და აიძულებდნენ, სახელმწიფოსთვის ან კერძო პირებისთვის გადაეფორმებინათ. დღეს კორუფციას და უკანონობას ვერ ხედავენ ფინანსური პოლიციის მესვეურნი. ეს ორგანო საერთოდ გასაუქმებელია. ან სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური სად არის? პროკურატურა სად არის? ყველა პოლიტიზირებული გახდა, დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ, დაკვეთებს თუ არ მისცემენ, ის დაიჭირე და ეს დაიჭირეო, ხელს არავის ჰკიდებენ. ივანიშვილს ხომ აქვს ბიზნესები თბილისში, პუშკინის სკვერში და კიდევ სადღაც აშენებს რაღაცებს. აბა, იქ მოხდეს რაღაც, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, მის ახლობელს რაიმე დაემართოს. ლურსმანი რომ შეერჭოს ფეხში, ეს ყველა სამართალდამცავი ორგანოები, ვინც ჩამოვთვალე, თავიანთი შეფებიანად, იქ გაჩნდებიან და იქნებ თბილისის მერიაში კაცი არ დარჩეთ დაუჭერელი. მერე, ეს ტენდერებში მონაწილე კომპანიები თუ მათი დამფუძნებლები, ყველა არჩევნების წინ, „ქართულ ოცნებას“ ათეულ ათასობით ლარს რომ ურიცხავენ, ამას ვერ ხედავენ? ისე არიან გათავხედებულები, იმასაც არ კადრულობენ, რომ სხვისი ხელით შესწირონ ეს ფული პარტიას და თავად არ გამოჩნდნენ. ამით ხალხს ეუბნებიან, ბიუჯეტიდან ვიპარავთ ფულს და ვინც გვაპარინებს, ფულის ნაწილს იმას ვაძლევთ, „ქართულ ოცნებასო“. ეს ტრაგედია კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. კალაძე თავისით არ მოსულა და არ დამჯდარა თბილისის მერის პოსტზე. თბილისელებმა აირჩიეს და ვინც აირჩია, გარკვეული სახით, ვინც ხმა მისცა, ის ადამიანები იმ უბედურების არაპირდაპირი თანამონაწილენი არ გამოდიან? იმ ხალხმა არ დააშავა? ვფიქრობ, ამ ხალხმაც უნდა იგრძნოს გარკვეული პასუხისმგებლობა.
კომენტარები