მწერალი ლაშა ბუღაძე:
პირანდელოს, მოგეხსენებათ, პიესა ჰქონდა ასეთი: “ავტორის მაძიებელი 6 პერსონაჟი”, ჰოდა, როგორც მედასავლეთე ოპოზიციის ამომრჩეველი, ახლა მეც პირანდელოს პერსონაჟივით ვარ, ოღონდ არა ავტორს, არამედ ოპოზიციურ პარტიას ვეძებ 2024 წლისთვის, რათა ხმა მივცე…
2024 წლის არჩევნები შანსია, რომ თუ რადიკალურად არა, შეძლებისდაგვარად მაინც შეიცვალოს პოლიტიკური რეალობა და თუკი ეს შანსიც ვერ გამოვიყენეთ (ჩვენი თუ პოლიტიკოსების მიზეზით), მართლაც პირანდელოს პერსონაჟებივით დავშთებით: დასუსტებულები, დამცირებულები, თავისუფლებაშეზღუდულები და კიდევ უფრო გაღარიბებულები – მაშინ, როცა ბ. ივანიშვილის კვაზი-ელიტა უფრო მეტად გამდიდრდება და გადაძღება.ზოგადად, ვერიდები ხოლმე პოლიტიკოსთა გვარების ხსენებას, რადგან არც პოლიტიკური ექსპერტი ვარ და ოპოზიციის კრიტიკაც არ ეგებისო, მირჩევენ, მაგრამ რაკი აკაკი წერეთელმა “გარემოების საყვირობაც” დაგვიბარა ლიტერატორებს და ბოლო კვლევამაც სევდა მომგვარა, დიდი ჭმუნვით, მაგრამ მაინც ვახსენებ რამდენიმე გვარს, პარტიასა თუ პარტიის მონარჩენს.არჩევანი იმდენად მწირია, რომ, ვფიქრობ, 24 წლისთვის რაიმენაირ ექსპერიმენტს (!) უფრო მივენდობოდი, ვიდრე რომელიმე ძველსა და ძველებურის დაუსრულებლად თრევას. ცხადია, ახალ ხალხს ვეღარ გამოვჩეკთ პოლიტიკაში, მაგრამ არააქტუალურ აქტუალურთა შემყურეს, უკვე იმის შიშიც კი გამიჩნდა, ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი არ მივიღოთ გაისად. არადა, ყველა როგორი სუსტი და არაპოპულარულია (მმართველი პარტიის ჩათვლით) და ჩვენ კი, ისევ და ისევ, პირანდელოს გმირების მსგავსად, ჯერაც ამ სუსტთა ჭიდილის მძევლობაში ვართ.ახლა ოპოზიციურ პარტიებს ჩამოვთვლი (რაკი, ცხადია, მათ შორის ვეძებ!):“ნაციონალურ მოძრაობას” თავისი ამომრჩეველი ყავს (ვინც შერჩათ, ანდაც სამომავლოდ შერჩებათ) და მათში, ცხადია, თავს არ მოვიაზრებ. თუმცა ოპოზიციის ზოგად სისუსტეზე, უპირველესად, სწორედ ესენი არიან პასუხისმგებელნი – თავიანთი ობსესიურ-მანიპულატორ-მატყუარა ლიდერებითა და მედიების მრავალწლიანი ერთპარტიული ჩაციკლულობით. ეს ბ-ნი ხაბეიშვილი რაღაც ტრაგიკომიკური მოვლენაა და ტრაგიკული კი იმის გამოა, როგორც მას მოექცნენ: ის მეტნაკლებად დამაჯერებელი იყო, როცა თავის ადგილზე იდგა და სახელისუფლებო კორუფციას ამხელდა, მაგრამ მერე, როცა ფორმალურ ყოჩად გამოძერწეს მისმა პოლიტიკურ-ფინანსურმა პიგმალიონებმა, როლიც დაკარგა, დამაჯერებლობაც, სახეც და ავტორიტეტიც (რაც ჰქონდა. თუკი ჰქონდა).ბ-ნი სააკაშვილი კი დამშვიდდა, როგორც ყველა ეჭვიანი ავტორიტარი, რომელიც ვერავის იტანს, ვინც შესაძლოა რეალური პოპულარობით სარგებლობდეს მის პარტიასა თუ საზოგადოებაში (ამით ის ნამდვილად არ განსხვავდება ბ. ივანიშვილისგან, რადგან დამოუკიდებელი რეპუტაციის მქონეთ ვერც ერთი მათგანი ვერ იტანს – აბა, რატომ ყავს ივანიშვილს თუნდაც ზე-არაპოპულარული კობახიძე), მაგრამ შედეგად ვერც ვერაფერი მიიღო: მართალია, ბ-ნი მელია, სააკაშვილის ეჭვიანობით შთაგონებულმა “ძველმა ახლებმა” განდევნეს, მაგრამ ახლა ისინიც პირანდელოს უბედური პერსონაჟების მდგომარეობაში აღმოჩდნენ – ვერა და ვერ შეაკოწიწეს მათთვის მისაღები შედარებით კარგად მომართული ლიდერი…იმაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, რომ რომელიმე მერაბიშვილს, კეზერაშვილს ან შაშკინს რაღაც ალტერნატივის შეთავაზება შეუძლიათ საზოგადოებისთვის -“ოცნების” მარადიულად დარჩენა თუ სწადია ვინმეს, სწორედ ეს გვარები უნდა ვახსენოთ ხშირად და “ოცნებას” ყოველგვარი მოშეების გარეშე ექნება საქმე გაჩარხული… ბ-ნი კეზერაშვილის ერთადერთი შედარებით წარმატებული ინვესტიცია ტელევიზია “ფორმულაა”, რომელიც მხოლოდ იმით შეინარჩუნებს რეპუტაციას, თუკი არაპარტიულ, ანუ ზეპარტიულ სივრცედ დარჩება. ადრე ვთქვი კიდეც, რომ სჯობს ეს კაცი დისტანცირდეს პოლიტიკისგან და საკუთარი ავტორიტეტისა და ავტონომიურობის დაცვის საშუალება მისცეს ჟურნალისტებს, რათა ხალხმა “ნაცების” ან “კეზარას ტელევიზია” არ უძახოს ამ არხს, როგორც წლები ეძახა “მთავარს”, რადგან ეს უთუოდ განიზიდავს მაყურებელს.ბ-ნმა მელიამ ის კი მოახერხა, რომ ყოფილ პარტიას მუდმივად მასზე ესაუბრა (ვინც რა უნდა თქვას, მისი და სხვა ლიდერების წამოსვლამ ეს პარტია ხილულად დაასუსტა – ამ ეროზიას ავღანეთიდან აშშ-ს გამოსვლას თუ შევადარებდი, რადგან სხვა ანალოგია არც მახსენდება ), თუმცა, თუკი მან მორიგი “ნაციონალური მოძრაობა-3” უნდა შექმნას თავის პლატფორმაზე, ის ისევე ჩაინთქმება უინტერესოობაში, როგორც ეს “სხვა” “ნაციონალურ მოძრაობებს” მოუვიდა აქამდე. უკვე მოვისმინე, როგორი შემართებით მიიწევენ მისკენ ოდიოზური ადეიშვილის დროინდელი პროკურორები თუ ყოფილი ხელისუფლების აგრესიული აგიტატორ-დეპუტატები… ეს ხალხი თუ ისევ “გირებად” აიკიდეს ახალ პლატფორმაზე, მაშინ მართლაც რაღას მოდიოდნენ ძველი პარტიიდან?ნუთუ შეუძლებელია, რომ ვიღაცეებმა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ თავიანთი არცთუ წარმატებული პოლიტ-კარიერა? ასეთი რა ხელმოცარული ხალხი შეიყარა ქართულ პოლიტიკაში! პროფესიები არ გაქვთ?“ლელო” თითქოსდა ის პარტიაა, რომელსაც წესით მე, ან ჩემნაირმა უნდა მისცეს ხმა, მაგრამ პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, არა მგონია, ბ-ნ ხაზარაძეს და ბ-ნ ჯაფარიძეს იმდენმა ხალხმა გამოუცხადოს პოლიტიკური ნდობა, რომ ივანიშვილის პარადიგმა ოდნავ მაინც შეირყას. ცხადია, მათ ილია ჭავჭავაძეს არ ვადარებ, მაგრამ არათუ თქვენ, არამედ ბანკირი-ილიაც კი არ უყვარდა ძალიან ბევრს და სამწუხაროდ ნუ გეგონებათ, რომ პოლიტიკოსი-ბანკირები დიდ პოპულარობას მოიპოვებენ ვალებსა და კრედიტებში ჩაფლულ ამომრჩევლებში. თქვენს პარტიაში პოპულარული ტრიადაა – ქ-ნი ნაცვლიშვილი, ბ-ნი ბუაძე და ბ-ნი კუპრაძე, – სხვა არა, ან ნაკლებად. დომინანტები ალბათ ესენი უნდა იყვნენ, საპარლამენტო სიებში მოხვედრისგან კი მე თავს შევიკავებდი თქვენს ადგილას. ბ-ნი უსუფაშვილიც – რომელსაც ასევე დიდ პატივს ვცემ, – იმედია, შეასრულებს თავის პირობას და ახალგაზრდებს დაუთმობს ადგილს. და მათ შანსს მისცემს. მით უმეტეს, რომ ეს თავადაც არაერთხელ უთქვამს.ზოგადადაც (ეს ყველა პარტიას ეხება) გზა უნდა დაუთმოთ ახალ თაობებს!ოღონდ მართლა და არა რიტორიკულად, “სადღეგრძელოებში” – წინ რომ ფასადად გიდგათ და გადაწყვეტილებებს კაბინეტებში იღებთ, ძველი წესისამებრ.“დროა” აქტივისტურ და ცოტა არ იყოს, ჩაკეტილ ჯგუფად იქცა სამწუხაროდ. ჩემი სიმპათია, ქ-ნი ხოშტარია სამწუხაროდ არაფერს გვთავაზობს ზოგად-მამხილებლური პროექტების გარდა, როგორიც თუნდაც ეს არაფრის მომცემი მონა.ჯი-ა. ანკი სად არის მისი პარტია? ეს აქტივისტური სამეგობროა თუ პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც მინიმუმ ყრილობა მაინც უნდა ჩაატაროს, რათა ხალხმა დაინახოს, ვინ და რანი არიან, რას აპირებენ და რატომ უნდა მივცეთ (ისევ) მათ ხმა?ბ-ნი ჯაფარიძეც თითქოს ჩაიკარგა (თუ პოლიტიკური ინდივიდუალობა დაკარგა). არადა, ყოველთვის საინტერესო იყო. დედის გინენებმა ბევრი ვერაფერი დააკლეს “ოცნებას”, რაც ისედაც ცხადი იყო, მაგრამ არა, კაია გინებაო, ირწმუნებოდნენ.გინებამ რომ ვერაფერი უქნა ივანიშვილს, ეს წამდაწაუწუმ “… სვავის” ხსენებამაც დაადასტურა ტელე-ეთერებიდან…ეს ორნი, “დროა” და “გირჩი”, ჩემი ფავორიტები იყვნენ და მათ გაერთიანებას წესით უფრო მეტი ძალა უნდა მოეცა ჩემნაირი ამომრჩევლისთვის, მაგრამ რატომღაც პირიქით მოხდა – მათ მომხლიბვლელობა დაკარგეს. რატომ – ეს თავად განსაჯონ.ბ-ნ გახარიაზე ვერაფერს ვიტყვი. ანკი რა უნდა ვთქვა. კაცმა დილამდე სდია ხალხს გავრილოვის გამო და ბავშვებს თვალები დათხარეს, ის კი ჯერაც ამაყად გაიძახის, იგივეს გავაკეთებდიო. და – ვითომც არაფერი… არც დამკვეთს ასახელებს და, პირიქით, ამით ყელყელაობს კიდეც. “მძინარე მზეთუნახავად” ემალება ტელევიზიებს და ვითომდა გაუცვეთელ-მორალურ პოზას ინარჩუნებს. გავრილოვის გამო ხალხის ეგზეკუცია და მორალი კი შეუთავსებელია. აქ ვერაფერს გავაწყობთ.“ევროპული საქართველო” უფრო “ევროპული ოჯახია”, ვიდრე ის, რაც ქვია, რადგან ეს პარტია ცოლ-ქმრის თვითპრეზენტაციის ადგილად უფრო მესახება, ვიდრე იმ ძალად, რომელიც რაღაცას მაინც დაუზიანებს ივანიშვილს: ბევრს კი ყვირის ამ პარტიის ფეისბუქ-აქტივისტი ქალი, მაგრამ სინამდვილეში მცირე ამბიცია აქვს – როგორმე ერთი ადამიანი მაინც შეაძვრინოს პარლამენტში 2024 წლისთვის. და თუკი ეს “ერთი ადამიანი” თავადვე იქნება, მთლად უკეთესი. თუმცა ზოგადად რამდენად “ევროპულია” ის, თუ რა სიძულვილსაც აფრქვევენ დაუნანებლად ყველას მიმართ, ეს კიდე სხვა საკითხია. მით უმეტეს, რომ მორალურად გამართულები არც ისინი არიან, როგორც ყოფილი ხელისუფლების პრივილეგირებული თანამმართველ-ფავორიტები. უკვე ნანახი გვაქვს ეს კინო. გვახსოვს, როგორებიც იყვნენ, როცა ძალაუფლება ჰქონდათ.სხვა ახლა არც არავინ მახსენდება, უკაცრავად… პოსტი პესიმისტურია, მაგრამ მჯერა, კრიტიკული რეაქცია ყოველთვის სჯობს უსარგებლო და ყალბ რუტინულ სვლას…
მე კი იმედს ვიტოვებ, რომ 2024 წლისთვის როგორმე თავს დავაღწევ პირანდელოს გმირების “კრიზისს” და მივაგნებ ცვლილების იმ მოდელს, რომელიც ახლის და “ოცნებისგან” რადიკალურად განსხვავებულის პოტენციას შეიცავს. სხვანაირად, შანსს 2024-შიც დავკარგავთ და თუ ასე გაგრძელდება, ერთმანეთს “იმ ბრძენი კაცის” აკვიატების შესაბამისად, 2030-ში შეხვდებით.
კომენტარები