„გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა:
“ბუნებრივია, მდიდარი ადამიანი გავლენას ახდენს ბევრ სხვა სფეროზე. ეს არის სიმდიდრის ერთგვარი პრივილეგია, რის გამოც ადამიანები სიმდიდრისკენ მიისწრაფვიან. ამიტომ, გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ჩვენ კონკურენტული სისტემა უნდა გვქონდეს. გვჭირდება ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი. ჰოლანდიაში 150- კაციან პარლამენტში ათზე მეტი პარტიაა და შვიდია კოალიციაში. ეს არის დეოლიგარქიზაციაც და დეპოლარიზაციაც. თუ მართლა პრობლემის მოგვარება გვინდა, ასე შეიძლება მოგვარდეს და თუ გვინდა, ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და პოლიტიკიდან მამუკა ხაზარაძე ჩამოვაშოროთ, ეს პრობლემას არ მოაგვარებს, პოლარიზაციას გაზრდის და იანვარში ვერანაირ სტატუსს ვერ მივიღებთ. პრობლემაა არა ივანიშვილი, არამედ ის, რომ შესაძლებელია ქვეყანა ერთი წერტილიდან მართო და ძალაუფლების გადანაწილება არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი ვერტიკალის ქვეშ. თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, ეს უნდა შეცვალოთ, თორემ ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება?! – შეიძლება უარესიც იყოს, რადგან ამ ქვეყანაში ივანიშვილზე უკეთესი და უარესი ადამიანიც არსებობს. ისეთი სისტემა არ გვჭირდება, რომელიც ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული. თუ ოლიგარქის დეფინიციას ტექნიკურად გადავხედავთ, ამაში ბიძინა ივანიშვილი შევა, მაგრამ სხვათა შორის, სხვა ბიზნესმენებიც შევლენ. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი ოლიგარქი იქნება – მას ფული აქვს, გავლენა პოლიტიკურ პარტიაზე, შეიძლება გავლენა ჰქონდეს მედიაზე და ა.შ. არ მინდა, ვიღაც შევზღუდოთ. პრობლემაა ვერ ვხედავ, რომ მამუკა ხაზარაძეს თავისი პარტია ჰქონდეს. ამიტომ, ასეთი კანონის წინააღმდეგი ვარ. არ მესმის, რატომ უნდა ავუკრძალოთ ადამიანს პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს – ასეთი კანონების მიღების წინააღმდეგი ვარ.”
კომენტარები