ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:
მე იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, რომელთათვისაც ფაქტებისა და არგუმენტების ერთობლიობა უკვე დიდი ხანია ქმნის წინაპირობას საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის კონტროლირებადი რეჟიმი ვუწოდო, თუმცა გასული კვირის ერთმა მოვლენამ, სითავხედის და გამყიდველობის მასშტაბით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მხედველობაში არ მაქვს არც ივანიშვილის მარიონეტების მიერ ინიციირებული თანამედროვე “ხალხის მტრებზე”, ანუ “დასავლეთის აგენტებზე” სანადიროდ გამზადებული რუსული კანონპროექტი და არც ევროპარლამენტარებისთვის მიყენებული მორიგი შეურაცხყოფა. საუბარია განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილის ვერტიკალის ორ გამორჩეულ ფიგურას უკავშირდება. ერთი მათგანი, მისივე პარტიის გენერალური მდივანი კალაძეა, მეორე კი, ჩრდილში მყოფი მილიარდერის მთავარი იდეოლოგი და პოზიციების გამხმოვანებელი შათირიშვილი. და ის, რომ ეს გზავნილები, თავად ივანიშვილის მოსაზრებას გამოხატავს, ხელისუფლების კონტროლირებად არხებზე მათი უწყვეტი და ზედმიწევნითი ტრანსლირებით და სოცქსელებში დასპონსორების უპრეცედენტო მასშტაბითაც დასტურდება.
კალაძემ პირდაპირ გვითხრა, რომ ამიერიდან საქართველოს ხელისუფლება არა დასავლური, არამედ “ქართული წესებით” ითამაშებს. და თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, “შეუძლიათ თავისთვის დაიტოვონ” შათირიშვილმა კიდევ უფრო განავრცო თამაშის “ქართული წესები” და მას იდეოლოგიური ჩარჩოც მოარგო. ივანიშვილის იდეოლოგი “თებერვლის თეზისებში” გვიმტკიცებს, რომ როდესაც სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტი პროვოკაციაზე ვერ წამოაგო, ჩვენმა ჯარებმა მძინარე ცხინვალი დაბომბა და რუსი მშვიდობისმყოფელები დახოცა, რითაც იძულებული გახადა პუტინი, სახის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის ომით ეპასუხა. ამ ყველაფრის უკან კი არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკა იდგა, რომელმაც თურმე 2008 წლის ომით ერთმანეთისგან საბოლოოდ გათიშა რუსეთი და ევროპა და რამდენიმე უცხო ენაზე მოსაუბრე და ევროპაში პატივცემულ პოლიტიკოსს – ვლადიმირ პუტინს, რომელიც თურმე რუსეთის, ევროპის და მათ შორის საქართველოს საერთო კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული, ომისა და დაპირისპირების გარდა სხვა გზა არ დაუტოვა. შათირიშვილმა ისიც დაამატა, ხვალ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ამის ჩაშლას პირველ რიგში სწორედ ამერიკელები შეეცდებიანო.
ეს ყველაფერი მორიგ ანტი-დასავლურ ბოდვად დარჩებოდა და შეიძლება ყურადღება აღარც კი მიმექცია, რომ არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ივანიშვილის გამხმოვანებელმა 25 თებერვლისა და უკრაინის ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, გააცოცხლა და როგორც ვითომდაც ისტორიული ფაქტები, ისე წარმოგვიდგინა ქართული ოცნების სანელებლით შეზავებული რუსული ნარატივი. რაც იმაში გამოიხატება, რომ თითქოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და რუსი სამშვიდობოები დახოცა. ამ კონკრეტულ ეპიზოდს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ის ანიჭებს, რომ ეს არგუმენტი, რომელიც ჰააგის სასამართლომ საბოლოოდ უარყო, რუსეთისთვის, ომის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გამართლების და რაც მთავარია სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების ირიბი გამართლების წინაპირობას ქმნის. ცხადია არც ივანიშვილი და არც შათირიშვილი არ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ან არ იციან, ან ვერ ხვდებიან საკითხის მნიშვნელობას. და მიუხედავად ამისა, ყალბ ფაქტებზე და სიგიჟემდე მისულ რუსულ კონსპირაციულ თეორიებზე დაყრდნობით ავითარებენ მოსაზრებებს, რომლებიც პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს უთხრის ძირს და იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი სამშობლოც, რუსეთიც და მთელი ევროპაც ვაშინგტონის მავნებლური ინტერესების და შეთქმულების მსხვერპლია.
რეალობა უკიდურესად საგანგაშოა. მილიარდერმა და მისმა ხელისუფლებამ დასავლეთისკენ გზა უფრო ნებით და გააზრებულად, ვიდრე უნებურად, თავად მოიჭრა და ჩაიხერგა. მათთვის ერთადერთი ალტერნატივა – რუსეთის საგარეო პოლიტიკის დანამატად ქცევაა. ბიძინას მიერ “დათრეულ” ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ორიენტაციის ოფიციალური ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადება. ანუ ივანიშვილი თებერვლის მოღალატეობრივი თეზისებით და მათი აქტიური პროპაგანდირებით, ქართული სახელმწიფოს პუტინისტური მომავლის კონსტრუირებას ახდენს. ამ გეგმის წარმატებით განხორციელებას კი აუცილებლად ჭირდება ჩვენი უახლესი ისტორიის ძირეული გაყალბება. მისი შეცვლის გარეშე, ანუ 90-იანი წლების ტრაგიკულ მოვლენებში და 2008 წლის ომში აგრესორი და ბარბაროსი რუსეთის უარყოფითი როლის დაკორექტირების გარეშე, მიზნის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია – შათირიშვილის პირით გახმოვანებულ ბიძინას მოღალატეობრივ “თებერვლის თეზისებს”, მათ შორის ქართველების დადანაშაულებას რუსი სამშვიდობოების დახოცვაში, სათანადო რეაქცია ჯერ არ მოჰყოლია. რთული დასაჯერებელია, რომ შათირიშვილის და ფაქტობრივად კი ბიძინას წერილებს მარტო დროებაში ვკითხულობდეთ.
ამ ფონზე მაინც გასაოცარია ქართული ოცნების მომხრეების უკეთეს შემთხვევაში დუმილი, რომლებიც თითქოს თან ევროპული მომავლის მხარდამჭერები არიან და ვერ ხედავენ ეს პერსპექტივა როგორ იმარხება. ან ხედავენ კიდეც და ამას სააკაშვილის სიძულვილით ამართლებენ. თვალები გაახილეთ, ის ხდება რასაც ხედავთ. ვინც ჯერ კიდევ ილუზიაშია – ბიძინა გვიმარცვლავს: ივანიშვილი ღიად გვთავაზობს საქართველოს დესუვერენიზაციის მოდელს, პუტინის სასარგებლოდ აყალბებს ისტორიას და ამით არა მარტო ქვეყნის გეოპოლიტიკურ ტრაექტორიას ამრუდებს – ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს, თავისუფლებისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლ ცოცხალ ქართველ მეომრებს თვალებში, დაღუპულებს კი სულში აფურთხებს! ნუ ელით 21 წლის თებერვლის გამეორებას, სერგოს წითელარმიელის ტყვიაზე ზუსტი და მომწამვლელი ბიძინას თებერვლის თეზისებია, რომლებმაც მოსახლეობის დიდი ნაწილის გონებაში ლამისაა უკვე შეაღწია.
კომენტარები