ის, რაზეც წინა კვირას ვწერდით, სამწუხაროდ ახდა. გაძვირებული პროდუქტების კვალდაკვალ, ეროვნული ვალუტა ისე გაიქცა, მისი დამწევი კარგა ხანი არავინ ჩანს. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ზღვარზეა და ისედაც სასურსათო მაღაზიებს შესეული მომხმარებელი სავარაუდოდ, დახლებს ბოლომდე დააცარიელებს, რაც ისედაც გაძვირებულ პროდუქტს უფრო გააძვირებს. სხვადასხვა კომპანიებმა კეთილი ნება გამოიჩინეს და ინფექციურის ექიმებს უფასოდ ვინ წყალს აწვდის და ვინ საკვებს. სამაგიეროდ, კეთილი ნება არ გამოუჩენიათ სააფთიაქო ქსელებს, რომლებმაც არც წამალი გააიაფეს, არც პირბადეების დეფიციტი შეავსეს და ზოგადად, ისე მუშაობენ, თითქოს მთელი წლის მოგება ამ ვირუსის პერიოდში სურთ ნახონ. არ იქნება ურიგო, თუ ხელისუფლება ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და ფარმაცეპტებს, ორივეს თუ არა, ერთ ყურს მაინც აუწევს.
რამდენიც არ უნდა იძახონ ერთეულებმა, ფაქტია, რომ საქართველო კორონავირუსს ამ ეტაპზე აშკარად მომზადებული შეხვდა. ამ ეტაპზე იმიტომ ვამბობთ, რომ ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში, ბევრად მეტი რესურსი და ბევრად მეტი საწოლია საჭირო. დღეის მდგომარეობით, ყველა სამედიცინო კლინიკა საერთო ჯამში 12 ათას პაციენტს იტევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის შემთხვევაში, 12 ათასს პლუს ერთი პაციენტი უკვე პრობლემა იქნება. ამიტომ, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს სიტუაცია გააკონტროლოს და მეზობლებთან საზღვრის ჩაკეტვაც სწორედ აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია. უხეშად რომ ვთქვათ, მთელი მსოფლიო საკუთარ თავში ჩაიკეტა და ახლა მხოლოდ საკუთარ ხალხზე ფიქრობს. ჩვენ ჩვენი ვთქვათ, რადგან გამოჩნდა, რომ ამ კორონა-ვირუსის ფონზეც კი, ჩინეთმა ძალიან იხეირა. ხომ ამბობდნენ, ჩინეთის ეკონომიკამ მილიარდები იზარალაო, მაგრამ არც ასეა საქმე – საერთაშორისო ბირჟებზე ჩინური კომპანიების გარდა, პრაქტიკულად ყველა წამყვანი ფირმის აქციები დაეცა და მათი უმრავლესობა სწორედ ჩინეთის სახელმწიფომ ან ჩინელმა ბიზნესმენებმა შეიძინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, მათი მოგება იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ზარალი განიცადეს. საქართველოს კი არც აქციები აქვს და არც მათი ყიდვის შესაძლებლობა. ამიტომ, ნებისმიერი მცირედი რყევაც კი, პირველ რიგში, ეროვნულ ვალუტას ურტყამს, ვალუტა – ჩვენს ჯიბეს და ეკონომიკა კატასტროფულ დღეშია. ზოგმა წვალებით, ზოგმა კი ერთიანად მოიმარაგა რამდენიმე კვირის სამყოფი პროდუქტი და მაღაზიებმა ეს ყველაფერი მარტივად გადაიტანეს, მარაგი კვლავ შეავსეს და აკი თქვა კიდეც გიორგი გახარიამ, სხვა ქვეყნებთან საზღვრის ჩაკეტვა არ ნიშნავს ტვირთების გადაზიდვის შეზღუდვას, ანუ საკვები შემოვაო, თუმცა საკვების პრობლემა თუ იმ ქვეყნებს დაუდგებათ, რომლებიც ჩვენ გვამარაგებენ, ადვილი მისახვედრია, რომ საქართველოსთვის არავინ არაფერს გაიმეტებს.
„რა თქმა უნდა, ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ პროდუქტები უკვე შეზღუდული რაოდენობით შემოდის, ანუ ქვეყნები აკონტროლებენ იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მოსახლეობა არ დარჩეს საკვების გარეშე. ხომ ფაქტია, რომ ეს თავისუფალი მიმოსვლა და ევროპის ერთიანი საზღვარი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი თემაა, სინამდვილეში კი, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ყველამ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე დაიწყო ზრუნვა. ამ თემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდა და ქვეყნების ლიდერებმა მხოლოდ საკუთარ მოსახლეობაზე გააკეთეს აქცენტი და სწორება. იგივე დამცავი პირბადე, რომელიც სხვა ქვეყნებიდან უნდა შემოგვეტანა, ვერ შემოვიტანეთ, რადგან უარი გვითხრეს“, – გვეუბნება ერთ-ერთი ბიზნესმენი.
როგორც მმართველი გუნდის წევრებმა გვითხრეს, ივანიშვილს ერთადერთი მოთხოვნა აქვს – კორონავირუსით საქართველოში არავინ არ უნდა გარდაიცვალოს. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მესიჯი წინასაარჩევნოდ – ხალხი დაიღუპა ყველგან, მაგრამ არა საქართველოში. პრაქტიკულად, ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და „ქართუ ფონდის“ მეშვეობით, მზად არის დააფინანსოს ყველა და ყველაფერი, ოღონდაც ფატალური შედეგი აიცილოს თავიდან. არჩევნებზე კი ფაქტი ის იქნება, რომ სიკვდილიანობა თავიდან სწორედ „ქართუ ფონდმა“ აიცილა.
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას. „ქართული ოცნების“ ლიდერები გვეუბნებიან, რომ ზაფხულისთვის კურსი 2.50-მდე უნდა დაწეულიყო, რასაც მმართველი გუნდი აუცილებლად სათავისოდ მიიწერდა. ეს იმის ფონზე, რომ საქართველოში არცერთი უცხოური ინვესტიცია არ განხორციელდა და ბაზარზე „ქირურგიულ ჩარევას“ ეროვნული ბანკი განახორციელებდა. ანუ, რეალურად შესაძლებელია კურსის დაწევა, მაგრამ ხელისუფლება არჩევნებს ელოდა. საყოველთაო პანიკისა და მდგომარეობის ფონზე კი ეს გეგმა ჯერჯერობით ჩავარდა, თუმცა არის ერთი, არც თუ უმნიშვნელო დეტალი, რომელზეც ახლა გიამბობთ.
„შეიძლება ვინმე ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ბოლო დროს მთლიანად მივებით რუსულ ბაზარს. ნავთობი, ენერგომატარებლები და პურ-პროდუქტებისთვის საჭირო ფქვილი სწორედ რუსეთიდან შემოდის. ამიტომაც, მსოფლიო ბაზარზე დაწეულმა ნავთობის ფასმა საქართველოზე არ იმოქმედა. ბარელის ფასი თითქმის სამჯერ შემცირდა, ჩვენთან კი უმნიშვნელოდ, რადგან ფასი არ შეამცირა რუსეთმა. საყოველთაო სანქციების ფონზე, რუსეთი გადარჩენას ცდილობს და ამიტომ, ვალუტა დოლართან მიმართებაში მხოლოდ ჩვენთან და რუსეთში უფასურდება, დანარჩენ მსოფლიოში და მათ შორის რეგიონის სხვა ქვეყნებში, მყარად დგას. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ არაოფიციალურად, ზუსტად ისეთივე სანქციების ქვეშ ვართ, როგორშიც რუსეთია, რადგან ეკონომიკის 70%-ზე მეტი, ყველა მიმართულებით სწორედ მასზეა მიბმული. რომ არა ეს ფაქტი, ვალუტა არ გაუფასურდებოდა“, – გვეუბნება ექსპერტი, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით მუშაობს.
სხვათა შორის, ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცადა კორონავირუსი სათავისოდ გამოეყენებინა და ის ადამიანები, რომლებიც მართლა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, „გაეშავებინა“, მაგრამ ამ განცხადებებს მოსახლეობის მხრიდან ისეთი მძაფრი ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რომ ოპოზიციამ ეს მიმართულება „მოკლა“. სამაგიეროდ, პროდუქტების გაძვირებასა და ვალუტის გაუფასურებაზე გააკეთეს აქცენტები და ეს იმის მიუხედავად, რომ თავადაც კარგად იციან, არსებული სიტუაცია საყოველთაოა და მხოლოდ საქართველოს არ უჭირს. სავარაუდოდ, ოპოზიცია კორონავირუსისგან შედეგს ვერ მიიღებს და ისევ პოლიტიკაზე გადაერთოს, ის ჯობია.
რაც შეეხება რეკომენდაციებს. როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ხელისუფლება შემთხვევით არ ემზადება უფრო უარესისთვის. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება.
„მართალია, ექიმები და საპატრულო პოლიცია პრაქტიკულად ყველას მიყვნენ ბოლომდე და გავრცელების კერები ჩააქრეს, მაგრამ… დაახლოებით ორი ათეული მოქალაქე უბრალოდ გაეპარათ და გაეპარათ მაშინ, როცა ასე ფართოდ არ იყო გავრცელებული ვირუსი. ამიტომ, არსებობს ეჭვი, რომ რამდენიმე მოქალაქეს აქვს ვირუსი, ოღონდ ამის შესახებ არ იცის. შესაბამისად, ისინი თუ სხვებს გადადებენ, შემდეგ შეუქცევადი პროცესი დაიწყება. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ევროპა გამოაცხადა წითელ ზონად და არა აზია, საიდანაც ვირუსი გავრცელდა. ამიტომ არსებობს შიში და ფრთხილი განცხადებები და ახლა მხოლოდ სასწაულის იმედზე ვართ, ანუ იმ ადამიანებს, რომელთა გაკონტროლებაც ვერ მოხერხდა, ვირუსი არ უნდა აღმოაჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში, საქართველო ამ შემოტევას ყველაზე მარტივად გადაიტანს“, – გვეუბნება ექსპერტი და ვნახოთ. საქართველო ხომ სასწაულების ქვეყანაა!
ანი დვალიშვილი
ალია №10
კომენტარები