ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება, კახა მიქაია.
– ბატონო კახა, ამ გაყალბებულ არჩევნებს, თანმდევ მოვლენებს, როგორ შეაფასებთ?
– არჩევნები იყო ცალსახად არადემოკრატიული და მივიღეთ კიდეც მისგან შედეგი –ერთპარტიული პარლამენტი, რაც, უპირველესად, ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგ, თუ ერთპარტიული პარლამენტი გვექნებოდა, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. სახეზეა ქართული პარლამენტარიზმისა და ქართული დემოკრატიის მარცხი, რომელიც, მომავალში, აუცილებლად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემას სასწრაფო გადაწყვეტა და გამოსწორება სჭირდება.
– რას გულისხმობთ გამოსწორებაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
– სხვა გამოსავალს ვერც მე ვხედავ. ოპოზიციიდან ვინმე რომ შევიდეს პარლამენტში ფასადად, თუნდაც ორი ან სამი პარტია, თითოეული ორი ან სამი მანდატის მფლობელი, ეს მაინც არ იქნება რეალურად მრავალპარტიული პარლამენტი. ამით პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მოემატება. თავად ცსკო–ს დათვლებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დამარცხდა – ორმოცდარვით ორმოცდათორმეტი. ხელისუფლება თუ არ დაფიქრდა, არჩევნების გაყალბების შედეგად თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი, ის ან თავისით ჩამოინგრევა, ან – ჩამოანგრევენ. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ქვეყანაში კიდევ ერთი არეულობა, ასეთი პანდემიის, ამგვარი მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე, საბოლოოდ, შეარყევს ჩვენ სახელმწიფოებრიობას! ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა. პოლიტიკური კრიზისიდან თავად ხელისუფლებამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა. ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. ოპოზიციისთვის და ქართული საზოგადოებისთვის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაბრალება წამგებიანია, თავად ხელისუფლებისთვის, თუმცა, გარკვეული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში, ოპოზიციასაც აკისრია.
– გაყალბებული არჩევნებით, თავად ხელისუფლებამ შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. არჩევნების შედეგებით და ამის გამო, რაც დღეს ხდება, ამით კმაყოფილია ბიძინა ივანიშვილი, კმაყოფილები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გახარებულები და ბედნიერები არიან. მათმა დიდმა ნაწილმა, ცხოვრების ნახევარი ისე გალია, საკუთარ რაიონებში საკრებულოს წევრები არ ყოფილან და ბევრი ამაზე ოცნებასაც ვერ ბედავდა. ახლა დადეს ეს ხალხი პარლამენტში, დეპუტატის მანდატი და იმუნიტეტი, ბიუჯეტის ხარჯზე 4 წელი „გრიალი“ და კომფორტული ცხოვრება გარანტირებული აქვთ. ამ 4 წელიწადში ბევრი საშვილიშვილოდ აიწყობს ცხოვრებას. ვერ ხვდებიან, რა განწყობაა ხალხში, არც აინტერესებთ ის უკიდურესი გაჭირვება, რაც ქვეყანაშია და თან, ყოველმხრივ და ყველა კმაყოფილია და ესენი რიგგარეშე არჩევნების დამნიშნავები არიან?
– სავალალოა ის, რომ ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას. დიახ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები გახარებულები არიან და თან გაიძახიან, არ არის პრობლემა, ჩვენ 4 წელი მარტონი ვიმუშავებთ პარლამენტში ოპოზიციის გარეშეო. ასეთ რამეს, რომ პარლამენტარი იტყვის, შექმნილ პრობლემას ასეთი გულუბრყვილობით რომ მიუდგება, იქ უკვე ძალიან ცუდად არის საქმე. ამიტომ, კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი გადაგამს არაორდინალურ ნაბიჯს და განმუხტავს ამ დაძაბულ ვითარებას, დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. სხვა საშუალებას კრიზისის განმუხტვისას, მე ვერ ვხედავ. კობახიძის, თალაკვაძის, მდინარაძის, კალაძის და ბიძინა ივანიშვილის სხვა ხელისბიჭების იმედი ნამდვილად არ მაქვს. თანაც, დარწმუნებული ვარ, რა კომენტარებსაც ისინი აკეთებენ, ეს არ არის ბიძინა ივანიშვილისგან ნაკარნახევი. ვფიქრობ, ეს მათი თვითშემოქმედებაა. ვიმეორებ, ვიტოვებ იმედს, რომ ბიძინა ივანიშვილი გადადგამს არაორდინალურ ნაბიჯს და ამ მრავალმხრივ კრიზისულ ვითარებას განმუხტავს.
– პრინციპში, სხვა გზა არც დარჩენია – დასავლეთის არც ერთ სახელმწიფოს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია „ქართული ოცნებისთვის“ და ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. ცხადია, ეს იმიტომ მოხდა, რომ დასავლეთში ყველამ კარგად იცის, არჩევნების გაყალბების გზით რომ შეინარჩუნა ხელისუფლება მმართველმა პარტიამ. ეს ფაქტი, დასავლეთის ამგვარი განწყობა, იქნება იმის წინაპირობა, რომ გარედან ზეწოლა მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, რომ მიახვედრონ, რა ჩაიდინა და აიძულონ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა?
– მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ ათვითცნობიერებს, თუ რა დღეში ჩააგდო ქვეყანა. ვერ წარმომიდგენია, რომ ივანიშვილიც აზროვნებს კობახიძესავით, გახარიასავით, კალაძესავით, მათიკაშვილივით და ფოხანაშვილივით თუ ოხანაშვილივით, რა გვარია ის კაცი? ვერ წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი ვერ გრძნობდეს სიტუაციის სიმძიმეს. არ იცოდეს, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ გაძლებს 4 წელი და რომ ხელისუფლება აუცილებლად ჩამოიშლება. კი, ფაქტი სახეზეა. დასავლეთის არც ერთ სახელმწიფოს არ მიულოცია „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვება და არც მიულოცავს. დასავლეთის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე აუცილებლად გაგრძელდება. საქართველოში არჩევნების გაყალბებას, ახლო მომავალში დასავლეთიდან აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაქციები. დასავლეთი გააძლიერებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლას. რასაც, ჯეიმს აპატურაის განცხადებაც ერთმნიშვნელოვნად მოწმობს: ნატო ვერ ჰგუობს ერთპარტიულ პარლამენტს და ერთპარტიულ მმართველობას, პარტნიორ ქვეყნებში. ჩვენ თუ ნატო–სკენ და ევროკავშირისკენ ვისწრაფვით და ვიბრძვით ჩვენი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად ცივილიზებულ სამყაროში, მაშინ ამ ადგილს ვერ დავიკავებთ იმ რეალობით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ამიტომ, ზეწოლა ხელისუფლებაზე, ბიძინა ივანიშვილზე, იქნება ძალიან ძლიერი. ამ ყველაფერის გაუთვალისწინებლობა, ივანიშვილის ხელისუფლებას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს. თუმცა, ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის პოზიცია, რომელიც გაღიზიანებული და შურაცხყოფილია „ქართული ოცნების“ ქმედებებით. ჩვენ არ ვართ თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორეა, ჩვენ არ გვეკადრება და არც ვიმსახურებთ ერთპარტიულ პარლამენტს! ჩვენ არასდროს არ ვიქნებით ჩრდილოეთ კორეა და ჩვენი ხალხი არასოდეს შეეგუება არსებულ რეალობას!
– ბატონო კახა, არჩევნები ძალიან უნამუსოდ გააყალბეს. რამდენიმე ისეთ პარტიას დაუწერეს ძალიან დაბალი პროცენტი, ყველამ კარგად იცის, რომ მათ ბევრად მეტი მხარდამჭერები ჰყავთ. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, მაჟორიტარებმა, იმ უბნებზე ვერ მიიღეს ხმები, სადაც ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან. გამოვიდა, რომ მათ სხვებს, კონკურენტებს მისცეს ხმა. ასევე მოიქცნენ მათივე ოჯახის წევრებიც. ეს უკვე მარაზმია, მარტო ამ ხალხის არა, საზოგადოების დაცინვაა. რატომ ჰგონიათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს და იმავე ბიძინა ივანიშვილს, რომ ქართველი ხალხი ყველფერს აიტანს, ნახირია და სახრით საითაც გარეკავ, იქით წავა?
– დიახ, მძიმე შეფასებაა, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები, რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ჩვენი საზოგადოება არის ნახირი? რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ქართველი საზოგადოება მოითმენს ყველაფერს? მან არჩევნების გაყალბება და შეურაცხყოფა არ მოუთმინა ედუარდ შევარდნაძეს, არ მოუთმინა მიხეილ სააკაშვილს და არ მოუთმენს ბიძინა ივანიშვილსაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგას საზოგადოებისაკენ შემხვედრი ნაბიჯი, რათა საბოლოოდ არ დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი , პროცესი ისეთ ჩიხში არ უნდა შევიდეს, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს და ამით არ ჩამოიშალოს არა მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლება, რაც ამ შემთხვევაში დიდად არ მადარდებს, არამედ ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ არის, რადიკალური და არაორდინალური ნაბიჯები გადასადგმელი.
– თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი პარტიები დაზარალდნენ ამ არჩევნებით? ყველაზე მეტი ხმები ვის მოპარეს?
– ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. საზოგადოებაში მუსირებს ასეთი აზრი, რომ თუ კი ოპოზიციას უჭერ მხარს, მაშინ უცილობლად „ნაციონალების“ მხარდამჭერი ხარ. იცით, რა? „ნაციონალებმა“ არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყველაზე მეტი ხმა რომ მიიღეს, ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ივანიშვილმა თავის დროზე მკვდრები გააცოცხლა და ეს ცოცხალ-მკვდრები ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიად აქცია.
– ახლა კიდევ, „ნაციონალებს“ და მათ ყოფილ თანაგუნდელებს, გიგა ბოკერიას პარტიას ეხვეწება, პარლამენტში შემოდითო. ისეთ კომიკურ ვითარებაში ჩაიგდო თავი, მართლა ვერავინ წარმოიდგენდა.
– დიახ, მართალს ბრძანებთ, ივანიშვილმა, თავად ჩაიგდო თავი ამ მდგომარეობაში. მას არ ეგონა, რომ ვერ იყიდდა ოპოზიციას და ვერ შეიყვანდა პარლამენტში. მაგრამ ოპოზიცია არ გაიყიდა, არ შევიდა პარლამენტში და ეს იმდენად ოპოზიციის დამსახურება არ არის, რამდენადაც ქართული საზოგადოების, რომელმაც მკვეთრი პროტესტი გამოუცხადა გაყალბებულ არჩევნებს. ეს არის ქართული საზოგადოების, ქართველი ამომრჩევლის პროტესტი ხელისუფლებისადმი. ხელისუფლება უნდა მიხვდეს იმას, რომ უწინარესად, პროტესტი გამოთქვა საზოგადოებამ, ამომრჩეველმა და არა რომელიმე ცალკე აღებულმა ოპოზიციურმა პარტიამ.
– „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა. ამის დასტურად მან მოიყვანა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ცდომილება ცესკოს მონაცემებთან შედარებით უმნიშვნელოა და საპარლამენტო მანდატების რაოდენობაზე გავლენას ვერ ახდენს. ვფიქრობ, ეს განცხადება სისულელეა და თალაკვაძე და ძალიან დიდ გულზეა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ რაკიღა არჩევნების შედეგები „გაუპრავა“.
– ეს ნამდვილად დიდი სისულელე თქვა თალაკვაძემ. თუ გინდა კრიზისი განმუხტო და ქვეყანა არ ჩამოშალო, ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთო. ამიტომ, მეეჭვება, რომ აჩიკო თალაკვაძეს ასეთი სიბრიყვე ბიძინა ივანიშვილმა უკარნახა. ეს უკვე „თალაკვაძეების“ თვითშემოქმედებაა. „თალაკვაძეების“ თვითშემოქმედება კი, შესაძლოა, ძალიან ცუდად დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილისთვის. ასეთი განცხადებები, პირველ რიგში, ხელისუფლებას აზიანებს და საზოგადოებას აღიზიანებს. არ შეიძლება ასეთი განცხადებებით, საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზება. ხელისუფლების სპიკერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვნონ. ფაქტები კი, საპირისპიროს ღაღადებენ. მე უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ კობახიძეები, მდინარაძეები და თალაკვაძეები, უბრალოდ, ვერ აზროვნებენ. კიდევ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და ამ კრიზისიდან გამოსასვლელ ნაბიჯებს გადადგამს. და თუ ისევ თალაკვაძეებმა, კობახიძეებმა და ვიღაც–ვიღაცებმა ასეთი სიბრიყვეები ილაპარაკეს, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო გაღიზიანდება ქართული საზოგადოება.
– სადამდე მიდის ქართული საზოგადოების გაღიზიანება? მე ვფიქრობ, თუ ეს პოლიტიკური კრიზისი არ მოგვარდა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები არ გადაიჭრა, გაზაფხულზე ხალხი გამოვა და ამათ გადაუვლის. თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად რეალურია, რომ ეს მოხდეს?
– ძალიან არ მინდა, რომ ეს მოხდეს. მარტო პოლიტიკური კრიზისი ხომ არ არის ქვეყანაში? პოლიტიკურ კრიზისს ემატება პანდემია, უმძიმესი სოციალური ვითარება, ეკონომიკური კრიზისი, თითქმის მთელი ბიზნესი გაჩერებულია, ხალხი უმუშევრად, უშემოსავლოდაა დარჩენილი, მე ასეულ ათასობით ადამიანზე ვლაპარაკობ, ხალხი შიმშილობს, ბოლოს და ბოლოს. ეს ყველაფერი ერთ ადგილას დაგროვდება და გადმოიღვრება. ცხადია, ეს ნიაღვარი პირველ რიგში, ხელისუფლებას წალეკავს, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შეიწირავს და შემდეგ სახელმწიფოს დაანგრევს. აქამდე მიჰყავს საქმე ხელისუფლებას თავისი საქციელით. თუ არაორდინალური ნაბიჯები არ გადაიდგა, დაგვემხობა თავზე ქვეყანა. ამ ნაბიჯებს ვერც თალაკვაძე გადადგამს და ვერც კობახიძე. ბიძინა ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა და სწორედ, მან უნდა გადადგას ეს ნაბიჯი!
– თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ არ გჯერათ, იმ მარაზმს, რაც ქვეყანას სჭირს, ივანიშვილი ვერ აცნობიერებს და იმედი გაქვთ, რომ ის გადაგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას ამ მარაზმიდან გამოიყვანს. ბიძინა ივნიშვილმა არ ჩააგდო ქვეყანა ამ დღეში? მისი დასტურით არ გაყალბდა არჩევნები? ეს კოლექტიური კობახიძეები მან არ შემოიკრიბა და თავადვე არ უბოძა ამხელა ძალაუფლება?
– კი, ბატონო! ასეა და ვამბობ, რომ რაც ხდება, რა კრიზისული ვითარებაც არის, მასზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან. თუ ეს ვერ არ ან გააკეთა, გადაჰყვება ამ ამბებს და დაკარგავს ხელისუფლებას.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები