„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
– ბატონო ზაზა, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობით მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი. ცხადია, თქვენ შენიშნავდით, რომ ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაგვიანებით. უმეტესობა კი მას შემდეგ, რაც მედიამ საქმის მასალები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაასაჯაროვა. რა მიზეზი იყო?
– კი, ბატონო, გამოძიება ფეხს ითრევდა თავიდან და ეს აშკარა იყო. მე ვნახე ნოდარ მელაძისა და მარიამ გაფრინდაშვილის პირველი სიუჟეტი „ტვ–პირველზე“, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას მიეძღვნა. ეს სიუჟეტი მინდა შევადარო შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგს. ჟურნალისტებს უფრო მეტი იურიდიული ცოდნა აქვთ, უფრო მეტი გამჭრიახობა, ვიდრე შს მინისტრს. ბორცვაძე გამოვიდა და ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პატრული გამოიძახეს და შემთხვევის ადგილზე მივიდა, ამის შემდეგ პოლიციამ მოკვლევა დაიწყოო.
2010 წელს მოკვლევა გაუქმდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. სავარაუდო დანაშაულის ნიშნები როდესაც იკვეთება, ეგრევე იწყება გამოძიება, საქმეში ერთვება პროკურატურა. თუ აღმოჩნდებოდა დანაშაულის შემადგენლობა, დაიწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ არ აღმოჩნდებოდა, გამოვიდოდა დადგენილება საქმის შეწყვეტის თაობაზე. ელემენტარულად, ეს რომ არ იცის შს მინისტრის მოადგილემ, ეს სირცხვილია. მერე, სს საპროცესო კოდექსის მიხედვით, შს მინისტრის მოადგილე არ არის გამოძიებაზე ზედამხედველი პირი. ეს იცის ყველამ. რა უფლება აქვს გამოძიების მასალების თაობაზე ჩაატაროს ბრიფინგი და შუალედური დასკვნა გააცნოს საზოგადოებას?
კი თქვა ბორცვაძემ, არ ვიცნობ საგამოძიებო მასალებსო, მაგრამ ეს არ მჯერა. საქმის ზედამხედველი პროკურორი უნდა ატარებდეს ბრიფინგებს, პრესკონფერენციებს, ის უნდა აცნობდეს საზოგადოებას საქმის გამოძიების დეტალებს, რადგან მან გამოძიების ყველა ნიუანსი იცის.
ასევე, ის წყვეტს, რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას და რა არა, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების ინტერესები არ დაზარალდეს.
ჟურნალისტებმა ხელისუფლება იძულებული გახადეს, ჩაეტარებინა ნორმალური გამოძიება, შეცდომები გამოესწორებინა და დაედო რაღაც შედეგი. კი, ეგრე იყო თავიდან, მედია ჩაატარებდა გამოძიებას, გააკეთებდა სიუჟეტს და მერე იწყებოდა საგამოძიებო მოქმედებები.
17 კაცი რომ დააკავეს, ესეც ჟურნალისტების დამსახურებაა. არადა, მცხეთაში მომხდარი ამბიდან უკვე 4 დღე იყო გასული. სად იყვნენ მანამდე? რატომ არ დააკავეს ერთი კაცი მაინც, როდესაც დანაშაული ნიშნები გამოკვეთილი იყო? რამდენი მოწმე დაიკითხა ჟურნალისტების აქტიურობის შემდეგ? არადა, გამოძიება არც აპირებდა მათ დაკითხვას, თავიდან ზოგიერთი არც ამხელდა, რომ მცხეთაში ჩხუბს შეესწრნენ, რომ იქ თბილისიდან უცხო პირები ჩავიდნენ, არადა, გამოძიებამ იცოდა, რომ ასე არ იყო და ბევრი საჭირო კითხვა არ დაუსვა მოწმეებს, თვითმხილველებს.
– ეს და გამოძიების კიდევ ბევრი „იაღლიში“ რას ნიშნავს? გამოძიება აპირებდა ამ საქმის ჩაფარცხვას და გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის უბედურ შემთხვევად გასაღებას?
– სხვა რა ვიფიქრო? მაგას ვფიქრობ ზუსტად. თავიდან, ვიღაცებს ზემოდან არ სურდათ საქმის ობიექტურად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. გარდა მაგისა, გამოძიების ქმედებებში არაპროფესიონალიზმიც იკვეთება. ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი, პოლიცია დროულად და სათანადო ეფექტურობით არ რეაგირებს სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე. როგორ შეიძლებოდა, პოლიციას სავარაუდო დანაშაულის ადგილი არ დაეთვალიერებინა, როდესაც ის გამოიძახა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ?
რას ჰქვია, გამოძახება გააუქმა ბრეგვაძემ და შემთხვევის ადგილი არ დაათვალიერეს? იქნებ იქ ისეთი რამ იკვეთებოდა, რაც გამოძიებას შემდგომში წინ წასწევდა? კარგი, ბრეგვაძე უვნებელი დახვდათ, მაგრამ ის ათი კაცი ვისაც ეჩხუბებოდა, ის ხალხი რატომ არ მოიკითხეს? პირიქით, დამატებითი ძალები უნდა გამოეძახებინათ, რადგან ღამე იყო და ბნელოდა. იქ ყველა კუთხე–კუნჭული უნდა გაეჩხრიკათ და იქნებ გიორგი შაქარაშვილი არც დაღუპულიყო. ამაზე არ უნდა აგონ პოლიციელებმა პასუხი? ცხადია, უნდა აგონ და ძალიან მკაცრადაც.
მერე, ერთი ახალგაზრდა არაგვის პირას ბუჩქებში რომ იმალებოდა, ის ადგილი როგორ გადაიწვა? იქ როგორ მიუშვეს უცხო პირი? რატომ არ მონიშნეს, არ შემოავლეს ყვითელი ლენტები? არ ჰქონდათ? იქნებ რას პოულობდნენ იმ ადგილას? უამრავი განზრახ და არაპროფესიონალიზმის გამო დაშვებული შეცდომაა ამ საქმის გამოძიებაში. ეს იმის ბრალია, რომ ყველა ძალოვან უწყებას აქვს გამოძიების უფლება და კიდევ ფინანსურ პოლიციას.
უნდა შეიქმნას ერთიანი საგამოძიებო უწყება. პროკურატურას, შსს–ს, სუს–ს და ფინანსურ პოლიციას უნდა ჩამოერთვათ გამოძიების უფლება, მათი საგამოძიებო სამსახურები უნდა გაუქმდეს. ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიუროს მსგავსი საგამოძიები სტრუქტურა უნდა შეიქმნას, მხოლოდ მას უნდა ჰქონდეს გამოძიების უფლება და მხოლოდ პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული ეს სტრუქტურა. ზუსტად ამას გვპირდებოდნენ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, როდესაც ხელისუფლებაში აპირებდნენ მოსვლას. ამის ნაცვლად, ყველა საგამოძიები სტრუქტურა შეინარჩუნეს, მხოლოდ სოდ–ი გააუქმეს, მაგრამ ეს დიდი არაფერი შეღავათია.
შეინარჩუნეს სააკაშვილის დროს შექმნილი მონსტრი, კუდ–ი, მხოლოდ სახელი გადაარქვეს და უარეს მონსტრად აქციეს. დღეს სუს–ი გახლავს ქვეყანაში ყველა საგამოძიებო სტრუქტურის კურატორი, არაფორმალურად. სადაც მისი ინტერესები იკვეთება, ზიანდება, მყისიერად ერევიან და გამოძიება ისე მიდის, ის შედეგი იდება, როგორც მათ აწყობთ.
– სუს–ის კონტრტერორისტული სამსახურიც უნდა გაუქმდეს? არ უნდა ჰქონდეს ტერორიზმის საქმეების გამოძიების უფლება?
– კონტრტერორისტული სამსახური დარჩეს სუს–ში, მაგრამ ტერორისტული დანაშაულებები მან არ უნდა გამოიძიოს, ესეც ამ ახალ საგამოძიებო სამსახურს უნდა დაექვემდებაროს. სუს–მა თუ ტერორიზმთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულის ნიშნები შენიშნა, მოპოვებული მასალები უნდა გადასცეს ამ საგამოძიებო უწყებას და ის მიხედავს. სუს–ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია და ნეტავ, ეს ფუნქცია შეასრულოს, დაზვერვა, კონტრდაზვერვა და კიდევ უამრავი საქმე აქვს. საფრთხეების მეტი რა ემუქრება ამ ქვეყანას და რამდენია კარს მომდგარი, იმათ ებრძოლოს.
ამდენი სტრუქტურა იძიებს და რეალურად, არც ერთი არ იძიებს. ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის ხელშია ყველაფერი. თუ ინტერესი აქვს გამოძიებაზე, სუს–ის ხელმძღვანელს ეტყვის და ყველა სტრუქტურის საგამოძიებო პროცესზე მოახდენს ზეწოლას, ყველაზე მეტად სუს–ს ენდობა. თუ არ არის ვინმეს ინტერესი ხელისუფლებიდან გამოძიებაზე და უკვე გამომძიებელთა არაპროფესიონალიზმი იჩენს თავს. ეს მეორე უბედურებაა. ეს ხელისუფლება როდესაც ახალი მოსული იყო, მაშინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი. მახსოვს, შენ მოგეცი ინტერვიუ და მაშინ გითხარი, რომ პოლიციაში მიიღეს 18–19 წლის ახალგაზრდები, ბავშვები, ექვსთვიანი სტაჟირება გაატარეს პოლიციაში და დანიშნეს ინსპექტორ–გამომძიებლებად, რომლებიც გარკვეულ საპროცესო მოქმედებებს ასრულებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ეს ფაქტი და დასძინეს, მერე, რაო?
მერე რა და ამ გამოძიების საქმეში უმწიფარი, გამოუცდელი ახალგაზრდების დონეზე დავიდა ჩვენი გამოძიება. მერე, ბევრი არა იურისტია პოლიციაში და საქმეებს იძიებენ, როდესაც მაგისტრანტი იურისტები ბაზარში კარტოფილს ჰყიდიან. მარტო არა იურისტები კი არ მუშაობენ გამომძიებლებად შსს–ში, საერთოდ უმაღლესი განათლება რომ არ აქვთ, ისეთებიც. ამ ყველაფერმა მოიტანა ამხელა დისკომფორტი საზოგადოებაში, გამოძიების მიმართ ჩამოყალიბდა უნდობლობა და ეს ლოგიკურია. მერე, სხვა საფრთხეც არის, რასაც ხელისუფლება თავად ახალისებს და რიგ შემთხვევაში, მასზე თვალს ხუჭავს.
ხელისუფლებამ დაიწყო ე.წ. კუნთმაგარი, „შავი გაგების“ ბიჭების გამოყენება არჩევნებისთვის, ოპონენტების დასაშინებლად. უკვე ვეღარ აკონტროლებს ამ დაჯგუფებებს ხელისუფლება. ამან მოიტანა სამართლებრივი კოლაფსი. ეს აფეთქდება, როგორც აფეთქდა „მხედრიონის“ დროს, შევარდნაძის პერიოდში შექმნილი საძმოებიც. გაიხსენე, რამდენი ახლგაზრდა შეიწირეს. სანდრო გირგვლიანი გაიხსენე, უდანაშაულო ბიჭი მოკლეს და კიდევ ბევრი მოკლეს სააკაშვილის რეჟიმის დროს ამგვარმა „ზონდერებმა“. დამიჯერე, ამგვარი ტრაგედიებიც მოხდება და არა ერთი. საბოლოოდ, საზოგადოება რჩება წაგებული. ბიძინა წავა უცხოეთში და დაგვიქნევს ხელს.
პროკურატურა საერთოდ გასაუქმებელია. პროკურატურა უნდა იყოს ბრალდების დეპარტამენტი და სასამართლოში რომ შევა საქმე, უნდა დაუჭიროს მხარი ბრალდებას. გიორგი შაქარაშვილის შემთხვევაში, ერთი და დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა რომ გვქონოდა, ჩაერთვებოდა საქმეში, დაიწყებდა გამოძიებას და ეს ბავშვი გადარჩებოდა. რა ვიცით, იქნებ მეორე დავით ყიფიანი გვეზრდებოდა?
გეფიცები, ჭკუაზე აღარ ვარ, ამ ბავშვის სიკვდილის შემდეგ, თან ტელევიზორს ვუყურებ და თან ვტირი. მე როდესაც ამ, ერთიანი საგამოძიებო ორგანოს შექმნის მოთხოვნით გამოვდიოდი, გავყვიროდი, დედებო, მამებო, გამოდით, გავუბედურდებით, დამიდექით გვერდით, სულ ქუჩაში ვიდექი და არავინ არ დამდგომია გვერდით, ერთეულების გარდა. ეს არის შედეგი საზოგადოების პასიურობისა. იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, არ იძიებენ საქმეებს ობიექტურად, დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან და უდანაშაულო ადამიანებს ციხეში უშვებენ. ივანიშვილი უკვე შესულია ლპობის პროცესში, თავის დროზე „ნაცმოძრაობა“ რომ იყო, იმ სტადიაშია. ეს ლპობაგამოვლილი „ნაცები“ და „ევროპული საქართველო“ რომ ჰყავს ოპოზიციაში, იმიტომ ინარჩუნებს ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებას.
– პროკურატურამ რომ გაუგზავნა შსს–ს „შპარგალკა“, დამატებითი კითხვები მოწმეებისთვის დასასმელად, ესა და ეს კითხეთ ამა და ამ მოწმესო, ეს რამდენად ნორმალური იყო? პოლიციას ის კითხვები, რის დასმასაც მოწმეთათვის პროკურატურა ითხოვდა, მანამდე არ უნდა დაესვა? თან ზოგიერთი მოწმე სამჯერ და ოთხჯერ არის დაკითხული პოლიციაში.
– ერთის მხრივ, ეგ არის ტექნიკური პროცედურა, პროკურატურა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, პოლიციას სთხოვს, ჩაატაროს დამატებითი დაკითხვა ამ ინფორმაციების მისაღებად. თუმცა, რაც პროკურატურამ მიწერა პოლიციას, გეთანხმები, ისინი უკვე დასმული უნდა ჰქონოდა პოლიციას, ელემენტარული კითხვები იყო, რომელთა პასუხებითაც გამოძიების პირველსავე ეტაპზე თავიდანვე უნდა დაინტერესებულიყო. თუმცა, კითხვები არ დაუსვეს მოწმეებს და პასუხებს როგორ მიიღებდნენ?
თანაც, ეს იყო ბლეფი. საგამოძიებო მოქმედებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა და თუ დაკითხვები არასწორად, არასრულფასოვნად მიმდინარეობდა, ვინ უშლიდა ხელს პროკურატურას, ჩარეულიყო და პროკურატურის გამომძიებლებს დაეკითხათ ეს მოწმეები? არც არავინ, კანონით ამის უფლება კი არა, ვალდებულება აქვს პროკურატურას.
საზოგადოება რომ ახმაურდა, ხალხი რომ იძახდა, პროკურატურა გასაუქმებელია, გასაყრელები არიან პროკურორები და გამომძიებლები, მათზე უკეთ, ჟურნალისტები იძიებენ საქმესო, აი, ამის მერე გაუგზავნა ეს „შპარგალკა“ შსს–ს, ვითომ რაღაცას ვაკეთებთ და ხალხმა დაინახოსო. ეს იმით გამოჩნდა, რომ თავად გაასაჯაროვა პროკურატურამ „შპარგალკის“ გაგზავნის ფაქტიც და ის კითხვებიც, რაც იქ იყო.
აბა, სხვა რა მიზანი ჰქონდა, ამ ჩვეულებრივი ტექნიკური პროცედურის გასაჯაროებას? გაეგზავნათ და ხმას საერთოს ნუ ამოიღებდნენ. პოლიციის გამომძიებლების მიერ, მოწმეთათვის ამ კითხვების არდასმას მინდა დავუბრუნდე.
აქ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება, მკვლელობის საქმეს იძიებდნენ და მთავარ მოწმეებს არ ჰკითხონ გამომძიებლებმა, რა თანმიმდევრობით გაიქცნენ თავად და ეჭვმიტანილები? ჰქონდათ თუ არა ეჭვმიტანილებს რაიმე საგნები და რა სახის საგნები იყო? გაიგეს თუ არა რაიმე საეჭვო ხმა? რატომ იყო კონკრეტული მოწმის სხვა და სხვა ჩვენებებში უზუსტობები? ეს კითხვები არ გასჩენიათ პოლიციის გამომძიებლებს, რადგან არაპროფესიონალი გამომძიებლებით არის სავსე შსს. უნდა აიკრძალოს გამომძიებლებად ამ ფიზიკოსების, მათემატიკოსებისა და არქიტექტორების მუშაობა.
18 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და როგორ შეიძლება, 6 თვიანი მომზადების მერე, გამომძიებლად დანიშნო? იმან რა გამოიძიოს? იმ 6 თვეში რა ისწავლა განა ისეთი? შეიძლება გამომძიებელი საპროცესო მოქმედებას ასრულებდეს და იურიდიული განათლება არ ჰქონდეს? უმაღლეს იურიდიულ განათლებას ხომ იღებენ და მერე, 2–3 წლიან გამოცდას გადიან გამომძიებლები უცხოეთის ნორმალურ ქვეყნებში, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით სპეციალიზდებიან და მთელი ცხოვრება, ზოგი მკვლელობებს იძიებს, ზოგი ნარკოდანაშაულს, ზოგი ყაჩაღობას თუ ფინანსურ დანაშაულს. აქ გახედავ და დღეს რომ ქურდობას იძიებს გამომძიებელი, ორ წელიწადში მკვლელობის განყოფილებაში გადაჰყავთ, მერე კიდევ ნარკოდანაშაულს იძიებს და დაატარებენ აქეთ–იქით. ბოლოს, არც ერთი სფეროს პროფესიონალ გამომძიებლად არ ყალიბდება. ყველაფერის გამომძიებელი როგორ შეიძლება იყოს ადამიანი? ამიტომაც გვაქვს საქმე კარგად.
– იმ ხალხს, ვისი დანაშაულიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში იკვეთება, სათანადოდ, კანონის შესატყვისად დასჯიან თუ გაიწელება ეს საქმე და ეცდებიან, დამნაშავეთათვის მძიმე სასჯელის არიდებას?
– დასჯიან, ყველას დასჯიან და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ და კანონი კანონობს. არჩევნები მოდის და ახალი „სარალიძის თემა“ არ უნდა ბიძინა ივანიშვილს. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ უნდა დასაჯონ დამნაშავენი. სხვაგვარად რომ იყოს განზრახული, მაშინ ექსპერტიზაც სხვაგვარ დასკვნას დადებდა.
რომელი დამოუკიდებელი მყავს სამხარაულის ექსპერტიზა? რაც მაგათ უბედურება აქვთ სააკაშვილის დროს დატრიალებული. ხალხს მაგათი ექსპერტიზის საფუძველზე არ აკულაკებდნენ? დათუნა სარალიძის საქმეში რამდენი სიყალბე ჩაწერეს მაგ ექსპერტებმა? ეგენი არ იყვნენ, ხორავას ქუჩაზე ამოღებული დანით, დანაშაულის სავარაუდო იარაღით, ქაღალდი რომ გაჭრეს და ეს დანა გაუტყდათ? გატეხილ დანაზე ექსპერტიზას ვეღარ ჩავატარებთო, მერე თქვეს. გაჭრეს თუ არა ქაღალდი, ესეც საკითხავია. თუ განზრახ გატეხეს მკვლელობის იარაღი, რომ მერე ექსპერტიზას აღარ დაქვემდებარებოდა? რასაც ეტყვიან, ეგ ექსპერტები იმას დაწერენ. ივანიშვილს როდესაც უჭირს, იწყებს ხალხის დაჭერას, ოღონდ საკუთარი გარემოცვის წევრებისას – არა. ასე რომ, მხოლოდ ამიტომ გახსნიან ამ საქმეს.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №23
კომენტარები