ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 პაციენტის წყარო ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 8 შემთხვევა შემოტანილია, ერთის წყარო კი უცნობია:
„გუშინ, ქვეყანაში გახლდათ 1487 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 23 და გახდა 1510 დადასტურებული შემთხვევა. 23-ის განაწილება ასეთია – 14 პაციენტის დადასტურების წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან, 8 შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, აქედან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით, კონტაქტების მოძიება ინტენსიურად გრძელდება.
შემიძლია ივლისის და აგვისტოს მონაცემები შევადარო. ივლისში 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა და მხოლოდ ერთი დიდი კლასტერი გვყავდა – გარდაბნის კლასტერი. აგვისტოს თვეში ჩვენ დაგვემატა კიდევ 3 ახალი კლასტერი – მესტიის, ქობულეთის და ყაზბეგის. მიუხედავად სამი კლასტერის დამატებისა, მართალი გითხრათ, დიდი სხვაობა არ არის, თუ ივლისში 240 დადასტურებული შემთხვევა იყო, აგვისტო უკვე დამთავრდა და 344 ახალი დადასტურებული შემთხვევა არის. სამ ახალ კლასტერს პაციენტების რაოდენობის ძალიან დიდი ზრდა არ მოჰყოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდსამსახურის მუშაობა მყისიერი, ეფექტური და თანაზომადია. გამოჯანმრთელებულებიც აგვისტოს თვეში სოლიდური გახლდათ, თუ ივლისის თვეში 144 გამოჯანმრთელებული იყო, აგვისტოს მონაცემებით 316 გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვაქვს. დიდი საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ. იმისთვის, რომ ასეთი ზომიერი, კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია, რეგულაციები შევასრულოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენი დამცველი ეს არის, დისტანცირება და პირბადეების ტარება. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პირბადის ტარება ჩვენი დაცვაა, ასევე ჩვენი ახლობლების, მეგობრების და ოჯახის წევრების. სადაც დისტანცირება ვერ ხერხდება, იქ აუცილებლად უნდა იყოს პირბადეების გამოყენება.”
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ მომდევნო თვეებში გარკვეული ობიექტები კვლავ დაიკეტოს, ეზუგბაია პასუხობს, რომ ეს „დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.
კომენტარები