კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით 19:00 საათზე და დაახლოებით, 14 წუთში როგორ ტოვებს სადარბაზოს.
არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბექა ჯაიანი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
გამოცემა ambebi.ge- ამტკიცებს, რომ პოლიციიდან, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, ჯაიანმა აღიარა დანაშაული და მკვლელობის მოტივად შანტაჟი დაასახელა.
“ჯაიანი ამტკიცებს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მისი თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კესარიამ მართლაც დადო სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო. ჯაიანი ამბობს, აბრამიძესთან ასულმა ვნახე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და წყობიდან გამოვედიო…“, – წერს გამოცემა, როგორც თავად ამტკიცებს, წყაროზე, რომლიც პოლიციიდანაა, დაყრდნობით.
კომენტარები